ღუჭაანის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღუჭაანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ღუჭაანში. აგებული შუა საუკუნეებში.

ნასოფლარ ღუჭაანში მდებარე ეკლესია ფლეთილი და რიყის ქვითაა ნაგები. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია ასევე სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ძირში დგას მასიური ტრაპეზის ქვა. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო არქიტრავული ნიშაა. შებრტყელებული ფორმის კონქზე გადასვლა განხორციელებულია ოდნავ შეისრული ტრომპებით. სატრიუმფო თაღი საკურთხევლის მხრებს ეყრდნობა.

საკურთხევლის წინ შემორჩენილია ქვის კანკელის ფრაგმენტები. ეკლესიის კამარა ეყრდნობა შეისრული ფორმის თაღს, რომელსაც მარტივი ფორმის კაპიტელი იკავებს. ჩრდილოეთ კედელთან შემორჩენილია ხარისხის მცირე ნაწილი. არქიტრავული შესასვლელები ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია გაჭრილი. სამხრეთით ერთი სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს მინაშენები. სამხრეთი მინაშენი გეგმით მართკუთხაა. კედლები შემორჩენილია 50-60 სმ-ზე. მინაშენი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით. ჩრდილოეთი მინაშენი გეგმით მართკუთხედია, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდი. დასავლეთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 26