ქსნის ერისთავების ციხე-დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქსნის ერისთავების ციხე-დარბაზი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარგვისის სამხრეთით 2 კილომეტრზე, იფნევში. აგებულია XIV საუკუნეში და გვიან შუა საუკუნეებში.

თავისი მმართველობის პირველ პერიოდში ქსნის ერისთავებს რეზიდენცია ქვენიფნევში (ნაქალაქარი) ჰქონდათ. მათ საგვარეულო სამარხს ლარგვისი წარმოადგენდა. "ძეგლი ერისთავთას" მიხედვით, ქვენიფნევში უნდა ყოფილიყო მოზრდილი ციხე. ქვენიფნევი მოხსენიებულია ქსნის საერისთავოს იმ დიდ ციხეთა შორის, რომელთა აღება მეფე დავით VIII-მ ვერ მოახერხა: "... და მოაოხრეს ყოველი ცხრაზმის ხევი გარეშე ციხეთა, და ციხეთა ჰბრძოდეს ქუენიფნევს, არამედ ვერ აიხუნეს და შÂდ წელ გაგრძელდა ჰომი მათი". ერისთავი ლარგველი შალვას ძე გიორგი V-ის მეფობის დროს (1314-1346 წწ.) აშენებს "... ტფილურითა წესითა დარბაზოვანს ქუენიფნევს". ხოლო ქვენიფნეველ ვირშელისძემ XIV ს. შუა ხანებში "აღაშენა ქუენიფნევს ეკლესია და დარბაზოვანი დიდ-დიდი და შუენიერი".

ქვენიფნევი მდებარეობს მდინარის მარჯვენა მხარეს მაღალ მთაზე. როგორც ერისთავთა რეზიდენცია, იგი წარმოადგენდა ძლიერ გამაგრებულ ციხე-სიმაგრეს და ნაგებობათა რთულ კომპლექსს.

ციხის გალავანი თითქმის კვადრატულია. გალავნის დასავლეთ მხარეს ვიწრო შესასვლელია. ციხის გალავნის კედლები შედარებით უკეთ დასავლეთ ნაწილშია შემონახული. სიმაგრის კედლები ნაგებია მსხვილი ქვით, რომელიც ოდნავაა დამუშავებული და ერთმანეთთან კარგადაა მიჯრილი.

გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დგას ნახევრად დანგრეული კოშკი, რომლის გეგმა შიგნიდან კვადრატულია, ხოლო დასავლეთი კედელი გარედან მომრგვალებულია. კოშკის კედლები გაცილებით მცირე ზომის ქვითაა ნაგები, ვიდრე გალავნისა. კოშკს დატანებული აქვს რამდენიმე სათოფური. კოშკი წყობითა და სათოფურების მიხედვით გალავანზე გვიანდელი ჩანს.

კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთით სწორკუთხა გეგმის მქონე დიდი შენობის ნანგრევებია, რომლის წყობა რამდენადმე ჰგავს გალავნის დასავლეთ კედლისას. შესაძლოა ეს იყოს ლარგველ შალვასძის მიერ "ტფილური წესით" ნაგები "დარბაზოვანი".

გალავნის გარეთ სერიოზულად დაზიანებული, ფლეთილი ქვით ნაგები მცირე დარბაზული ეკლესიაა. ეკლესიის საკურთხეველი კუთხეებში ოდნავ მომრგვალებულია. აღმოსავლეთ კედელში ორი სარკმელი იყო. ერთი სარკმლის თავზე, ფასადზე ქვაა დატანებული, რომელზედაც ჯვარია ამოკვეთილი. ინტერიერის ეკლესიის კედლები დაფარული ყოფილა ფრესკული მხატვრობით, რომელთა მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ქვენიფნევში რეზიდენციის არსებობა განპირობებული იყო მისი სტრატეგიული ხელსაყრელი მდებარეობით. ჩრდილო-დასავლეთით აღმართული მთები საიმედოდ იცავდა მას, დასავლეთიდან კი ზურგს უმაგრებდა ქოლოთის ციხე. ქვენიფნევი თავისი ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით კონტროლს უწევდა ქსანზე გამავალ მაგისტრალს და ხეობის ზედა ნაწილის დაცვის ორგანიზაციის საკითხს წყვეტდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 109-111