ფანშეტის გამოქვაბულების კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფანშეტის გამოქვაბულების კომპლექსი („ცოდვილთ ქოხები“) — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ფანშეტის სამხრეთით, აჭკალნის მთის სამხრეთ კალთაზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

იყო ბერების სადგომი. კომპლექსი ბაზალტისქანიან კლდეშია გამოკვეთილი, სამიარუსიანია. მიწისძვრის შედეგად წინა მხრის დიდი ნაწილი ჩამოქცეულია. პირველ იარუსზე გამოკვეთილი იყო ხუთი ქვაბი, მათგან მხოლოდ ორიღაა მეტ-ნაკლებად შემორჩენილი. მეორე იარუსზე დარჩენილია ორი ქვაბი. საყურადღებოა ჩრდილოეთით მდებარე ორსართულიანი სათავსი. შესასვლელი მას მეორე სართულზე აქვს. კარს წინიდან ბილიკი ადგება. სათავსი მოზრდილია; იგი სივრცითი აგებულებით სამ ნაწილად იყოფა. შესასვლელთან კვადრატული ფორმის სივრცეა, რასაც სამხრეთიდან, სიღრმეში, გეგმით ტრაპეციის ფორმის ნაწილი შეერთვის. ამ სართულის ჩრდილო ნაწილი დანარჩენებთან შედარებით, ოდნავ მაღალია. მის გარე, საფასადო კედელში სამი სხვადასხვა ზომის სარკმელია გაჭრილი. ამავე ნაწილში, კედელთან, პირველ სართულზე ჩასასვლელი ხვრელია. სავარაუდოა, რომ აქაური მაცხოვრებელი მესაქონლეობას ეწეოდა და საქონელთან ერთად ერთ სათავსში ბინადრობდა. მეორე სართულზე ცხრა საბმურია, პირველზე ოთხი. პირველი სართული ორნაწილიანი სივრცეა, მათგან ერთი, სიღრმეში მდებარე ნაწილი, გეგმით ხუთკუთხედის ფორმისაა, წინა ნაწილი კი შედარებით ფართოა და ოთკუთხაა. მესამე იარუსი შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად. ყველაზე სამხრეთით განმარტოებით მიუვალი ქვაბია, შემდეგ ხუთი სათავსისაგან შემდგარი გამოქვაბულთა რიგი, ბოლოს ნახევრად ჩამოქცეული ოთხქვაბიანი ნაწილი. ყველაზე საყურადღებოა შუა ნაწილი. სამხრეთიდან მოყოლებული პირველი ქვაბი მართკუთხა დარბაზია. მისი იატაკი მნიშვნელოვნად ამაღლებულია „წინამოსთან“ შედარებით. სამხრეთ-დასავლეთ კედელში ამოკვეთილია საკმაოდ მოზრდილი, სამკუთხა ფორმის ღრმა ნიში. ნიშის ორივე მხარეს მცირე ნიშებია. ჩრდილო-დასავლეთ კედელში ოთხი ნიშია. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელი საქონლის მისაბმელი იყო. მეორე ქვაბი ოთხკუთხაა. მის სამხრეთ-დასავლეთ კედელში ამოკვეთილია ორი ნიში. ამ ქვაბის ქვემოთ მესამე ქვაბია. ქვაბის სამხრეთ-დასავლეთ კედელში სამი სხვადასხვა ფორმის ნიშია. ჩრდილო-დასავლეთით, იატაკის დონეზე, მოზრდილი სანახია მოწყობილი. აქედანვე შეიძლება მოხვედრა ქვაბში, რომლის სამხრეთ-დასავლეთ კედელში სამი მცირე და ერთი დიდი ზომის ნიშია (უმეტესად მიწითაა დაფარული) ამოკვეთილი. მეოთხე ქვაბის ზემოთ, ორიოდ მეტრზე, გამოკვეთილია ხუთკუთხედის ფორმის მეხუთე ქვაბი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]