უჯარმის მესამე ნაგებობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უჯარმის ნაგებობა.

უჯარმის მესამე ნაგებობა — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის დასავლეთით, ხუთიოდე კილომეტრზე, დიდცხვირის ჭალაში, ნინიკელაანთ საყდრის დასავლეთით, სამოციოდე კილომეტრზე. სავარაუდოდ თარიღდება XVIII საუკუნით.

შენობა გეგმით ოთხკუთხაა (მიახლოებითი ზომები: სიგრძე — 14 მეტრი, სიგანე — 9 მეტრი), დგას სწორ ადგილზე და რამდენიმე სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული, ძლიერ დაზაიანებულია. შემორჩენილია: სამხრეთი კედელი — თითქმის მთელ სიმაღლეზე, აღმოსავლეთ კედლის ფრაგმენტები (მთელ სიგრძეზე) და დასავლეთ კედლის სამხრეთ ბოლო. დანარჩენი კედლები მიწითა და მცენარეულობით ისეა დაფარული, რომ გათხრა-გასუფთავების გარეშე, ნაგებობის გეგმის და დანიშნულების დადგენა არ ხერხდება.

შენობის შემორჩენილი კედლები წვრილი რიყის ქვითაა ნაგები (კედლების საშუალო სისქე 80 სანტიმეტრია). არქიტექტურული ელემენტების წყობაში გამოყენებულია კვადრატული აგური. სამხრეთ კედელში, ერთ დონეზე, ოთხი მოზრდილი, შეისრულთაღოვანი ნიშაა განლაგებული. ამავე კედლის ღერძზე, ზედა ნაწილში, განიერი თაღოვანი სარკმელია.

ნაგებობის ჩრდილოეთით, 30–35 მეტრზე, გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობის ნანგრევია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]