უდაბნო II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდაბნოს მეორე სადგომ-სახელოსნო — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სამხრეთ-დასავლეთით 8-10 კილომეტრზე, მრავალწლისხევის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადის - ვიწრო არაღრმა და მშრალი ხევის მარჯვენა მხარეს, შესართავიდან 100 მეტრზე. სადგომ-სახელოსნო გამართულია ფერდობზე, რომელიც მძლავრ ეროზიას განიცდის. დაშლილი ფენები და მათთან ერთად, არქეოლოგიური მასალა წვიმების დროს ხევში ირეცხება. ძეგლი განეკუთვნება მუსტიეს ხანის I ნახევარს.

სადგომი (20X20 მეტრზე) ღია ტიპისაა. 1971 და 1980 წლებში ძეგლზე საძიებო არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა კაე-მ ( ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). აიკრიფა ოთხი ნუკლეუსი, ოცდაშვიდი ანატკეცი და რვა დასრულებული იარაღი. ყველა ნივთი ანდეზიტისაა. მათი ზედაპირი ოდნავაა მონაცისფროდ პატინირებული, წიბოები გადაულახავია.

ნუკლეუსები არალევალუალური, ამორფული, დისკოსებრი, ცალმხრივი და განიერი, ორფუძიანი, ორმხრივი ტიპისაა. ისინი, უპირატესად საშუალო ზომისაა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გვერდები სპეციალურად აქვთ შესწორებული, მაინც ტლანქისა და დაუხვეწავის შთაბეჭდილებას ტოვებენ. მათ სამუშაო ზედაპირზე შემორჩენილი არაწესიერი და ღრმა ნეგატივები შეესატყვისება ანატკეცების და არა ლამელებს. დარტყმის მოედანი გაფორმებულია ერთი ფირფიტის ატკეცით, დაქანებულია ზურგისკენ და სამუშაო ზედაპირთან 80°-იან მახვილ კუთხეს ქმნის.

ანატკეცებისთბის დამახასითებელია შემთხვევით მოყვანილობა. რელიეფირი ბურცული და 110°-იანი კუთხით განლაგებული ფართო და გლუვი დარტყმის მოედანი. დარტყმის მოედნებისა და ზურგის ხასიათი მოწმობს, რომ ეს ანატკეცები მიღებულია სათანადოდ დამუშავებული ნუკლეუსებიდან. ჯგუფში შედის: სახოკები, წვეტანები, სხვრეტი, გვერდამოღარული და ნისკარტისებრი იარაღი. იარაღები დანიშნულების მიხედვით არამრავალფეროვანია. მათ დასამზადებლად უპირატესობა ენიჭება მოგრძო ანატკეცებს. წამყვანი იარაღი სახოკი ცალპირა სწორ, ამოზნექილ და ამოზნექილ-ჩაზნექილ სამუშაოპირიანი, კონვერგენტული და ორპირაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]