სიონის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიონის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ბაზილიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, წყალგადამყვანის სათავესთან. დაფარულია კაშხლის მიწაყრილით. განეკუთვნებოდა IV-V საუკუნეს. 1963 წელს მცირე გათხრები ჩაატარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). სამაროვანზე გაითხარა შირიმის ქვით ნაგები რამდენიმე სამარხი, მათ შორის ერთი სამარხი, რომელიც ნაგები იყო ერთიმეორესთან ნარიმანდებით გადაბმული შირიმის ფილებით. სამარხში გამოვლინდა სხვადასხვა დროს დამარხული ორი მიცვალებული ჩონჩხი, ადრე დაკრძალული მიცვალებული ძვლები მიხვეტილი იყო გვერდით, მეორე - ქრისტიანული წესით იყო დაკრძალული, მის თავის ქალასთან აღმოჩნდა სარდინისა და მარჯნისთავებიანი ბრინჯაოსღეროიანი 3 საკინძი. სამარხეული მასალა ინახება არქეოლოგიის კვლევითი ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]