სინგაპურის ეროვნული გალერეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სინგაპურის ეროვნული გალერეა

გალერეის ინტერიერი
1°17′25″ ჩ. გ. 103°51′06″ ა. გ. / 1.2904889° ჩ. გ. 103.8518611° ა. გ. / 1.2904889; 103.8518611
დაარსდა 2015 წ.
ქვეყანა სინგაპურის დროშა სინგაპური
მდებარეობა Downtown Core
ექსპონატი 9000-ზე მეტი
კლასიფიკაცია ხელოვნების მუზეუმი
ოფიციალური საიტი http://www.nationalgallery.sg
Map

სინგაპურის ეროვნული გალერეა - ხელოვნების მუზეუმი სინგაპურის ცენტრალურ რეგიონში, რომელსაც ეკუთვნის სინგაპურული და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ხელოვნების მსოფლიოში უდიდესი კოლექცია ცხრა ათასსე მეტი ექსპონატით. [1] მუზეუმი მთლიანობაში 64,000 კვადრატული მეტრის ზომის ტერიტორიას იკავებს, რაც მას უდიდეს ვიზუალური ხელოვნების მუზეუმს ხდის სინგაპურში. მოქმედებს 2015 წლის 24 ნოემბრიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის 21 აგვისტოს სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ლი ჰსიენ ლუნგმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სინგაპურის მერიის და უზენაესი სასამართლოს ყოფილ შენობებში ეროვნული გალერეის შექმნა იგეგმებოდა. 2006 წლის 2 სექტემბერს, სინგაპურის ეროვნული მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების წლიურ კონკურსზე ინფორმაციის, კომუნიკაციის და ხელოვნების მინისტრმა დოქტორ ლი ბუნ იანგმა ეროვნული გალერეის დაარსება დააანონსა.

გალერეის შესაქმნელად ჩამოყალიბდა აღმსრულებითი და სამრჩევლო ჯგუფებისგან შემდგარი კომიტეტი. არსებობდა მუზეოლოგიური, არქიტექტურული, ფინანსური და საკონსერვაციო სამრჩევლო ჯგუფი. [2]

დიზაინის არჩევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 27 თებერვალს ინფორმაციის, კომუნიკაციის და ხელოვნების სამინისტრომ სინგაპურის არქიტექტურის ინსტიტუტთან ერთად გალერეის დიზაინის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირველი ეტაპი 19 მარტს დაიწყო. ეტაპის ფარგლებში კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ არქიტექტორებს ორივე შენობაში ტური ჩაუტარდათ. [3] სულ მიღებული იყო 111 კონცეპტი 29 ქვეყნიდან, მაისში სია ხუთ საუკეთესომდე დავიდა. ჟიურის ხელმძღვანელობდა სინგაპურის მემკვიდრეობის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ტომი კოხი. ჟიურიში შედიოდნენ საფრანგეთის აზიური ხელოვნების მუზეუმის, სინგაპურის აზიური ცივილიზაციების მუზეუმის და საქალაქო განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები. [4]

მეორე ეტაპის დროს შერჩეულ კანდიდატებს კონცეპტები პროექტებად უნდა წარედგინათ, რომლებისგანაც ჟიური გამარჯვებულს შეარჩევდა. წესების თანახმად, ყოფილი უზენაესი სასამართლოს და მერიის ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსის გამო, შენონების ნაწილი შეუცვლელი უნდა დარჩენილიყო: ექსტერიერი, პირველი პრემიერ-მინისტრის კაბინეტი და ა.შ. თუმცა, დაშვებული იყო სართულების დამატება. პროექტის ღირებულება 320 მილიონ სინგაპურულ დოლარს არ უნდა გადაცილებულიყო.

29 აგვისტოს, ფინალისტების პრეზენტაციების და კითხვა-პასუხის სესიების შემდეგ, დასახელდა პროექტების პირველი სამეული. მათ შემქმნელ კომპანიებს $150,000 გადაეცა. საბოლოო გამარჯვებული - სტუდია მილუ სინგაპური - მხოლოდ 2008 წლის პირველ მეოთხედში გახდა ცნობილი. [5]

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონკურსის გამარჯვებული მუზეუმების და კულტურული ობიექტების მშენებლობაზე სპეციალიზირებული ფრანგული არქიტექტურული კომპანიის სტუდია მილუს სინგაპურული შტო გახდა. [6] კომპანიას გალერეის მშენებლობა 2008 წლის მაისში შეუკვეთეს. მშენებლობაში ჩართული იყო ასევე CGP Consultations - სინგაპურული ფირმა, რომელიც ძველი შენობების კონსერვაციის საკითხებში სპეციალიზირდება. მშენებლობა დაიწყო 2011 წლის იანვარში. მუზეუმი ოფიციალურად 2015 წლის 24 ნოემბერს გაიხსნა. საბოლოოდ მშენებლობა 532 მილიონი სინგაპურული დოლარი დაჯდა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი იკავებს ორ ისტორიული მნიშვნელობის შენობას - ყოფილ მერიას და ყოფილ უზენაეს სასამართლოს. ისინი გალერეის მშენებლობისას ხიდებით და ახალი მიწისქვეშა სართულით იყვნენ დაკავშირებულები. დიზაინის მიზანი ძველი და ახალი სტილების შერწყმა იყო. [7]

უზენაესი სასამართლოს შენობა გაიხსნა 1939 წლის 3 აგვისტოს სასტუმროს ადგილას. შენონა ბრიტანულ კოლონიურ სტილში იყო შესრულებული და სინგაპურში აშენებული კლასიკური სტილის ბოლო ნაგებობა გახდა. სასამართლოს კოლონები და რელიეფები იტალიელმა მხატვარმა რუდოლფო ნოლიმ შექმნა. სასამართლო ახალ შენობაში 2005 წელს გადავიდა.

მერიის შენობა უფრო ადრე, 1929 წელს გაიხსნა. თავდაპირველად ის მუნიციპალური შენობის სახელით იყო ცნობილი და განკუთვნილი იყო მუნიციპალური კომიტეტისთვის, რომელიც პასუხისმგებელი იყო ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, წყლის და აირის მიწოდებაზე. [8] მერიას დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. მასთან დაკავშირებულია ისეთი მოვლენები, როგორც სინგაპურის პირველი პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა კაბინეტის დანიშვნა 1959 წელს და იაპონიის მიერ დანებებაზე ხელის მოწერა 1945 წელს. შენობა 1995 წელს ეროვნულ მონუმენტად გამოცხადდა და 2006 წელს გათავისუფლდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • National Art Gallery, Singapore, 2009. Light & Movement Portrayed: The Art of Anthony Poon. ISBN 978-981-08-3545-3
  • Yeo Wei Wei (editor), 2010. Realism in Asia Volume One. National Art Gallery, Singapore. ISBN 978-981-08-5349-5
  • National Art Gallery, Singapore, 2010. The Story of Yeh Chi Wei. ISBN 978-981-08-5026-5
  • Grace Tng, Seng Yu Jin & Yeo Wei Wei, 2010. Cheong Soo Pieng: Visions of Southeast Asia. National Art Gallery, Singapore. ISBN 978-981-08-6422-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]