საღირაანთ დიდი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საღირაანთ დიდი ეკლესია

საღირაანთ დიდი ეკლესიაეკლესია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, 0,5 კმ-ზე, ამაღლებისგორაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7,2x4,8 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. აფსიდის თაღი, საბჯენი თაღი, შესასვლელი თაღი, სარკმელთა ღიობები და ლავგარდანი კვადრატული აგურითაა ნაწყობი. ჩამოშლილია სახურავის საფარი და ლავგარდნის დიდი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეშია. კარი გადახურულია შეისრული თაღით, რომელიც გარედან აგურის წყობით გამოყვანილ კედლის სწორკუთხა შეღრმავებაშია. ეკლესიის დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდის ღერძზე გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული, შეისრულთაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო კვადრატული ნიშია. მათგან სამხრეთის ნიშის ზემოთ, კონქის ქუსლის დონეზე მცირე ზომის ნიშია მოწყობილი. ერთი შეისრულთაღიანი სარკმელი ეკლესიის დასავლეთ კედელშია. დარბაზი ოდნავ შეისრული კამარითაა გადახურული. კამარა ეყრდნობა ერთ საბჯენ თაღს, რომელიც მას ორ ნაწილად ყოფს. ფასადები სადაა. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობით ყრუ ნახევარწრიული თაღია გამოყვანილი. კედლებზე შემორჩენილია აგურით ნაწყობი სამსაფეხურიანი თაროსებრი ლავგარდნის ნაწილები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]