სამტრედიის მაცნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

1930 წლის 5 ნოემბერს სამტრედიში დასაბამი მიეცა პირველი ბეჭდვური ორგანოს _ გაზეთ ”სოციალისტური შეტევა”-ს გამოსვლას. გაზეთი საქართველოს კპ (ბ) სამტრედიის რაიკომისა და რაიონული საბჭოს აღმასკომის ორგანო იყო. მასში, ძირითადად, პარტიისა და მთავრობის გადაწყვეტილებები იბეჭდებოდა. გაზეთი ერთგვარად დამრაზმველ როლს თამაშობდა მუშებსა და კოლმეურნე-გლეხობას შორის. მალე გაჩნდნენ შტატგარეშე კორესპონდენტები, რომლებიც საკუთარი წარმატებების შესახებ საზოგადოებას გაზეთის მეშვეობით აუწყებდნენ. 1957 წლიდან "სოციალისტური შეტევა"–ს ”წინსვლა” ეწოდა. გაზეთის ირგვლივ თავი მოიყარეს მოწინავე ადამიანებმა, რომლებიც რედაქციასთან შექმნილ შტატგარეშე განყოფილებებში გაერთიანდნენ აქტივისტებად.

გაზეთის პირველი ხელმძღვანელები იყვნენ: ს. არობელიძე, პ. ხუბუა, ვ. მეგრელიშვილი, ა. კოხრეიძე, ვ. რუსია და სხვები. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში გაზეთს ხელმძღვანელობდა რედაქტორი ვაჟა ნიკოლეიშვილი, 37 წელი პასუხისმგებელი მდივანი იყო შოთა მაღლაკელიძე, 20 წელი რედაქტორის მოადგილედ მუშაობდა კორნელი ჩიხლაძე. სამტრედიის სინამდვილეში პირველი დიპლომირებული ჟურნალისტი ანზორ გრიგოლია გარკვეული პერიოდი გაზეთის რედაქტორიც იყო. 1990 წლის აგვისტოდან რაიონული გაზეთი ”სამტრედიის მაცნე”-ს სახელწოდებით გამოდის: რედაქციის კოლექტივი ერთგულია რა წლების მანძილზე გაზეთში დამკვიდრებული ტრადიციებისა, ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვეობას.

მომავალი წლის 5 ნოემბერს სრულდება გაზეთის დაარსებიდან 80 წლისთავის. რაიონული გაზეთი 4-ჯერ არის გამარჯვებული საქალაქო და რაიონული გაზეთების დათვალიერებაში, რისთვისაც რედაქციის კოლექტივი დაჯილდოებულია სამთავრობო ჯილდოებითა და ფასიანი საჩუქრით.

80 წლის მანძილზე გაზეთის რედაქციაში დაცულია უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალა.