რუისპირის წმინდა ნიკოლზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუისპირის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ რუისპირის ცენტრში, თაგაურიანთ უბანში. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით კედლები, ძირითადად, რიყის ქვისაა, რომელიც ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაშორებულ, ორ რიგად ნაწყობ, აგურის, სწორხაზოვან რიგებს შორისაა მოქცეული. კუთხეები და ღიობების გადახურვა. აგურისაა შესასვლელი სამია ერთი — დასავლეთ კედელში, ორი კი ერთმანეთის მოპირდაპირედ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. სამივე კარი თარაზულადაა გადახურული. გრძივ კედლებზე სამი წყვილი პილასტრია, მათგან აღმოსავლეთ წყვილი საკურთხეველს მლოცველთათვის განკუთვნილი ნაწილისაგან გამოყოფს პილასტრებზე გადაყვანილ, ხის საბჯენ თაღებზე ხისავე კამარა იყო დაყრდნობილი. ეკლესიის კედლებში გაჭრილია ხუთი, ფართო, მაღალი სარკმელი, ხუთივეს მშვილდისებრი თაღი ხურავს, მათ შორის ერთი — აღმოსავლეთ კედლის ცენტრშია, ხოლო ორ-ორი — ერთმანეთის მოპირდაპირედ — გრძივ კედლებში. საკურთხეველში ოთხი ნიშაა მოწყობილი. ორი მათგანი აღმოსავლეთ კედელშია, სარკმლის აქეთ-იქით, ხოლო თითო — სამხრეთ დაჩრდილოთ კედლებში მდებარე ნიშები მცირე ზომისაა — სწორკუთხა, დანარჩენი ორი კი მოზრდილია და მშვილდისებრი თაღითა დასრულებული. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე, კარის ზემოთ, აგურით ნაწყობი, ნახევარწრიული ნიშაა, რომლის ზემოთ სამი, შეღრმავებული ჯვრის გამოსახულებაა, მათ შორის ერთი, შედარებით ზემოთ მდებარე ფასადის ცენტრშია, თითო-თითო კი — გვერდით ნაწილებში თითო, მსგავსი ჯვარი სამხრეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების გვერდებზეცაა, ოდნავ ზემოთ შესასვლელების თავზე კი ნახევარწრიული ნიშაა, გრძივი ფასადების აღმოსავლეთ ნაწილში, არსებული სარკმლების დონეზე, თითო, ცრუ სარკმელია მოწყობილი, მოგვიანებით, ყველა ჯვარი და ორივე ცრუ სარკმელი ამოუვსიათ. კედლები კი, როგორც შიგნით, ისე გარედან, შეულესავთ და შეუერთებიათ. ფასადები დასრულებულია აგურის, სამსაფეხურიანი ლავგარდნით, რომლის ქვედა საფეხური კუთხით შვერილი აგურებითაა გამოყვანილი, დანარჩენი ორი კი — ჩვეულებრივი წყობით, დასავლეთით ფრონტონის წვერზე, დაშენებული იყო სამრეკლო, რომლისგანაც მხოლოდ ოთხკუთხა საფუძველი იყო შემორჩენილი.

2009 წლიდან სოფლის მკვიდრის დ. სეხნიაშვილის დაფინანსებით მიმდინარეობდა ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები, რომლებიც დასრულდა 2013 წელს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ეკლესიას მთლიანად შეეცვალა თავდაპირველი სახე გარდა ამისა, კეთილმოეწყო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაც ეკლესიის ჩრდილოეთით, ააგეს მოზრდილი, ორსართულიანი სამრეკლო და სათავსო საეკლესიო მაღაზიისათვის ამავე მხარეს გაკეთდა დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლის კედელი, რომლის დასავლეთ ნაწილში განიერი ჭიშკარია. 2012-2013 წლებში ეკლესია მოიხატა მხატვარ ე. სიმონიშვილის მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]