რუისპირის წმინდა თევდორეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუისპირის წმინდა თევდორეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ რუისპირის ჩრდილოეთ განაპირას, სასაფლაოზე თარიღდება VI საუკუნით.

ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკაა. ნაგებობის გეგმის გარეგანი აბრისი აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ოდნავ წაგრძელებული სწორკუთხედია, რომელშიც მოქცეულია გვერდიგვერდ განლაგებული, ყრუ კედლებით გამიჯნული, სამი, წაგრძელებული სადგომი, რომლებიც თითო კარით უკავშირდება ერთმანეთს სამივე აფსიდიანია და დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენს. შუა სადგომი, დანარჩენ ორზე, რამდენადმე უფრო განიერია და ისევე როგორც სამხრეთ, შენობის მთელ სიგრძეზეა გაყოლებული. ჩრდილოეთისა — გაცილებით მოკლეა აღმოსავლეთიდან მას ეკვრის მოგრძო, გეგმით სწორკუთხა სათავსი, რომელიც მხოლოდ მთავრ ეკლესიას უკავშირდება. ეკლესია ძლიერ არის დაზიანებული გადარჩენილია მხოლოდ მთავარი ეკლესია, მაგრამ მასაც კამარისა და კონქის დიდი ნაწილი ჩამოშლილი აქვს, გვერდითი ეკლესიებიდან მხოლოდ მცირე ნაწილებია შემორჩენილი. მიუხედავად ამისა, მათი თავდაპირველი ფორმების აღდგენა მაინც ხერხდება. ეკლესია დიდი ზომის რიყის ქვის სწორი რიგებით, საგულდაგულოდაა ნაგები აფსიდის კუთხეების და პილასტრების დამაგვირგვინებელი იმპოსტები შირიმისაა. მათი პროფილი ერთნაირია — თარო და ირიბად ჩამოკვეთილი სიბრტყე. იგივე მასალის და პროფილის იყო კამარის ერთადერთი, საბჯენი თაღის კონსოლებიც. შიგნით კედლების ზედაპირი ჯერ ბათქაშითაა გასწორებული, ხოლო შემდგომ შელესილია. მთავარი ეკლესია შემაღლებული პროპორციებისაა. აღმოსავლეთით, ნალისებრი აფსიდის ცენტრში, მაღალი, თაღოვანი სარკმელია მოწყობილი, ჩრდილოეთ გვერდში კი მცირე კვადრატული ნიშა. საკურთხევლის სარკმლის გარდა, მთავარ ეკლესიას გრძივ კედლებში, ერთმანეთის მოპირდაპირედ განლაგებული, კიდევ ოთხი, ნალისებრთაღოვანი სარკმელი აშუქებდა. გრძივი კედლები დამუშავებულია სამ-სამი, არათანაბარი სიგანის, ყრუ თაღით, რომელთა შორის დასავლეთისა ბევრად განიერია დანარჩენებზე თაღები პილასტრებზეა გადაყვანილი, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ თაღში ჩრდილოეთ სადგომში გასასვლელი, სწორკუთხა კარია, რომელიც მთლიანი ქვის ზღუდრითაა გადახურული, სადგომის მხრიდან კი თაღოვანია. თვით სადგომი უაფსიდოა განათებული იყო აღმოსავლეთ კედლის შუაში გაჭრილი სარკმლით, რომელიც იატაკის დონიდან, დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზეა სათავსი გადახურული იყო ერთიანი კამარით. სამხრეთ ეკლესიის აფსიდისგან მხოლოდ ნაშთიღაა შემორჩენილი, გაურკვეველია სამხრეთ კედლის აღნაგობაც.

ეკლესიის სივრცეს პილასტრების ორი წყვილი და მათზე გადაყვანილი თაღები სამ ნაწილად ყოფდა, რომელთა შორის დასავლეთით მდებარე, დანარჩენ ორზე, ოდნავ უფრო გრძელია. ჩრდილოეთ ეკლესიის მცირე ზომისაა — სამხრეთისაზე თითქმის ორჯერ მოკლე. სამაღლით იგივეა, მაგრამ ოდნავ უფრო ვიწროა. აფსიდი ნალისებრი მოხაზულობისაა — უსარკმლო. სათავსი გადახურული იყო დამრეცი კამარით, რომლის ქუსლის წყობა მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზეა შერჩენილი ჰქონდა თუ არა ჩრდილოეთ ეკლესიას დამოუკიდებელი შესასვლელი ჩრდილოეთიდან, კედლის დაზიანების გამო გაურკვეველია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]