პერსეფონე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Locri Pinax Persephone Opens Liknon Mystikon.jpg

პერსეფონე (ძვ. ბერძნ. Περσεφόνη) — ზევსისა და დემეტრას ასული, დედა-ბუნებისა და მიწის წიაღის დიდი ქალღმერთი, ჰადესის ცოლი, აჩრდილთა და ურჩხულთა მრისხანე დედოფალი, ჰადესთან ერთად ზის ბნელეთის ტახტზე, ისმენს სულთა საჩივრებს და აღასრულებს ქმრის განაჩენს. ასეა ჰომეროსთან. ამ თვალსაზრისით, უფრო აქტიურია, ვიდრე ზღვათა მეუფის პოსეიდონის ცოლი ამფიტრიტე. ოდისევსის, ორფევსის, ჰერაკლეს, პეირითოოსის ქვესკნელში მოგზაურობის დროს ქმარზე დიდ როლს ასრულებს. ბევრი ორეული ჰყავს, გაიგივებულია ქალწულ კორესთან, მოგვიანებით კიდევ — გეასთან, რეასთან, ჰეკატესთან, ისიდასთან, რომაელთა პროზერპინასთან და ლიბერასთან, — მაგრამ თავისი მტკიცე, ნათელი, ცოცხალი სახე შეინარჩუნა; დავიწყებულია ძველი ვერსია, რომლის მიხედვითაც ქვესკნელის მდინარის ღმერთის შტამომავალია და გულქვა მბრძანებელი.

პროზასა და ხელოვნებაში პერსეფონე ნაყოფიერების ლამაზი ქალღმერთია, დედამისთან ერთად, შუქისა და სიკეთის მაუწყებელი, შემდგომი დამატებაა რომაელ პოეტთა ცნობა, მოკვდავებს კულულს აჭრის და სიკვდილის ღმერთს გადასცემსო (ვერგილიუსი). მართალია, ჰომეროსთანაც ქუფრი პლუტონის ცოლია, მაგრამ კავშირს არ წყვეტს მწვანე ბუნების ქალღმერთ დედასთან, უფრო ნაზი და ალერსიანი სახე აქვს, ვიდრე შავეთის დედოფალს შეეფერება. ასე იყო დედამიწაზეც.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ალ. გელოვანის "მითოლოგიური ლექსიკონი" გვ.407