ნორიოს დარბაზული ეკლესია „მთავარანგელოზი“

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნორიოს დარბაზული ეკლესია მთავარანგელოზიარქიტექტურული ძეგლი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში.

ეკლესია (4,9 X 7,7 მეტრი) დარბაზულია. ის სწორკუთხა აფსიდიანი და სფერულ კონქიანი ეკლესიაა და ნაშენებია ფლეთილი და რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია, კედლები 1- 0,5 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი, აღმოსავლეთი კედლის ჩრდილო ნახევარი კამარის საფუძვლამდეა გადარჩენილი, კამარა და კონქი ჩამონგრეულია. ინტერიერში აფსიდის წინ, ჩრდილოეთის კედელზე შემორჩენილია პილასტრის ფრაგმენტი, რომელიც სავარაუდოდ ტრიუმფალური თაღის საბჯენადაც იყო გამოყენებული. აფსიდას ერთსაფეხურიანი ხარისხი შემოუყვება. აფსიდის დანგრევის მიუხედავად მაინც იკითხება სარკმელის კვალი. აფსიდის ჩრდილოეთ მონაკვეთიდან ჩრდილოეთ კედელზე გადაყვანილია შირიმის ქვის მოზრდილი ტრომპი, რომლის საშუალებითაც ხდება კონქისქვეშა სიმრგვალეზე გადასვლა. აფსიდის იატაკზე ორიოდე ქვის ფილა მოჩანს, როგორც ჩანს, აქაც და დარბაზშიც ქვის ფილებით იყო მოწყობილი იატაკი. გრძივი კედლებიდან ჩრდილოეთის და დასავლეთისა 1 მეტრამდეა შემორჩენილი, სამხრეთისა - 0,5 მეტრზე. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში იყო (ოდნავ იკითხება დასავლეთი წირთხლის ნაშთი). დარბაზის იატაკი მიწის სქელი ფენითაა დაფარული. „მთავარანგელოზის“ სახელობის ეკლესია თავისი ეპოქის რიგითი ძეგლია და იმსახურებს უძრავი ძეგლის სტატუსს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 40453