ნატახტრის სამაროვანი და ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნატახტრის სამაროვანი და ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარიში, სოფლის სამხრეთით, თბილის-დუშეთის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე. ძეგლი მრავალფეროვანია, გათხარა მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. გამოვლინდა შუა და გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის ხანის სამაროვნები და გვიანდელი ანტიკური, ადრინდელი ფეოდალური ხანის სამაროვნისა და ნამოსახლარის ნაშთები.

I ფენაში, რომელიც მიწის სამუშაოების დროს დაზიანდა, გამოვლინდა ქვაფენილიანი იატაკის ნაშთები, მოვარდისფროდ გამომწვარი თხელკედლიანი ქვევრის ძირები და ადრინდელი ფეოდალური ხანისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ნატეხები.

II ფენა შეიცავდა გვიანდელ ანტიკური ხანის სამარხებს. მიცვალებულები გულაღმა გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ ესვენა. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, სამკაული და ოქტავიანე ავგუსტუსის ვერცხლის მონეტები.

III ფენაში გამოვლინდა შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხები და კატაკომბური ტიპის სამარხი ნაგებობანი. სამარხებში აღმოჩნდა: შავპრიალა რელიეფურორნამენტიანი თიხის ჭურჭელი, წითლად ანგობირებული, შევრონებით შემკული დერგები, ბრინჯაოს საკინძები, ბრინჯაოს ყუნწიანი სატევრის პირები.

IV ფენაში იყო გვიანდელი ბრინჯაოს ადრინდელი რკინის ხანის ქვაყრილიანი ორმოსამარხები. მიცვალებულები ხელფეხმოკეცილი დაუკრძალავთ, მამაკაცები მარჯვენა ქალები მარცხნა გვერდზე. სამარხებში აღმოჩნდა შავად და ლეგა მონაცრისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და რკინის იარაღი და სამკაული. მასალები ინახება მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]