ნაბაკევის ჯვარცმის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაბაკევის ჯვარცმის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ნაბაკევში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

"ჯვარცმის" სახელობის ეკლესია წარმოადგენს მცირე ზომის დარბაზულ ნაგებობას. ეკლესიის სამშენებლო მასალაში სხვადასხვა ქრონოლოგიური ფენა განირჩევა. თავდაპირველად ნაგები იყო ბაცი ყვითელი და მოთეთრო ნაცრისფერი თლილი კვადრებით დუღაბზე. ქვების ზომის სხვადასხვაობის მიუხედავად წყობის რიგებში თარაზულობა იგრძნობა. რიგებს შორის დარჩენილი ადგილები შევსებულია მცირე ზომის თლილი ქვით. ასეთი წყობა შემორჩენილია აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელზე. ამავე კედლებზე მოპირკეთება ნაწილობრივ შეცვლილია აგურით და ფლეთილი ქვით. მცირე შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა აბსიდით. მასში, ცენტრში გაჭრილია ორი სარკმელი ვერტიკალური მიმართულებით. ზედა, მაღალი არქიტრავულია, ქვედა მცირე, შეისრული თაღით გადახურული. ერთი სწორკუთხა სარკმელი მოთავსებულია დასავლეთ კედელში. მისი ფორმა შიგნიდან გარეთ ვიწროვდება. გრძივ კედლებსა და აბსიდაში ნიშებია გაკეთებული. შესასვლელი დატანებული აქვს დასავლეთიდან. ინტერიერის კედლები შელესილშებათქაშებულია და მოხატულია. იქ, სადაც ბათქაში ჩამოცვენილია განირჩევა მოხატულობის ორი ქრონოლოგიური ფენა. ზედა უფრო გვიანდელი ფენა მოხატულია ბიბლიური სიუჟეტებით და იმ პირთა გამოსახულებებით, რომლებიც იყვნენ ამ ეკლესიის ხელმეორედ აღმშენებელნი. ფერადოვან გამაში სჭარბობს შინდისფერი, მოყავისფრო, ლურჯი, ფონები - თეთრი მოხატული ტალღისებრი, წყვეტილი ხასიათის ორნამენტით. ადრინდელი პერიოდის მხატვრობა გამოირჩევა მინიატურული შესრულებით. შავი ფონი დაფარულია პეიზაჟებით, არქიტექტურული ნაგებობებით. მოხატულობა ფრიზულად მიუყვება კედლებს. სიუჟეტები გამოიყოფა რეგისტრების საშუალებით. ფასადები სადაა. დეკორატიული ელემენტებიდან აღსანიშნავია ვერძის თავის გორელიეფური გამოსახულება დასავლეთ ფასადზე. და სარკმლის მოჩარჩოება ლილვით. კარის პორტალის მორთულობა შერჩენილია მარჯვენა ქვედა კუთხეში, აქ გამოყენებულია შეწყვილებული სვეტნარის მოტივი დაღარული ლენტოვანი წნულით. სვეტნარი დასრულებულია მანჟეტებით. ამავე კედლის ჩრდილოეთ მხარეს წყობაში ჩატანებულია სარკმლის მორთულობის ორნამენტული დეტალი. ჩრდილოეთ ფასადის აღმოსავლეთ კუთხეში ჩასმულია ჩუქურთმიანი ქვის ფრაგმენტი. დასავლეთ ფასადს ნაწილობრივ ფარავს დაბალი სწორკუთხა მინაშენი, გარედან იგი უსახურია, ინტერიერის კედლებზე კი შემორჩენილია მინიატურული მხატვრობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10273