მძოვრეთის ციციშვილების აბანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მძოვრეთის ციციშვილების აბანო — აბანო ბრტყელი აგურითა და ქვით.

სანახევროდ ჩამჯდარია მიწაში. შედგება სამი ნაწილისგან: გასახდელი დარბაზის, საბანაო დარბაზის და საცეცხლურისგან. შესასვლელი აღმოსავლეთის მხრიდან აქვს. გასახდელი ოთახი სწორკუთხაა. შუაში გაკეთებულია საშადრევნე აუზი. კედლები შეისრული დეკორატიული თაღებითაა გაფორმებული. ასეთივე აგურის თაღებია კუთხეებშიც. დარბაზის გადახურვა ერდოიანი გუმბათოვანია. გასახდელიდან გრძელ ტალანშია გასასვლელი რომლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კიდეებში მცირე ზომის წაგრძელებული ყრუ ოთახებია. ტალანის შუაში გაკეთებული კარი საბანაო დარბაზს უკავშირდება. დარბაზის ოთხივე კედელს გარშემოსავლელი შემოუყვება, შუაში კი აგურის კალორიფერებზე დაყრდნობილი იატაკი იყო, რომელიც ახლა სრულადაა ჩანგრეული. დარბაზის ოთხივე მხარე შეისრული თაღებითაა შეჭრილი. ჩრდილოეთ და დასავლეთ მხარეს უფრო ღრმაა, რადგან ამ თაღებში საბანაო აუზებია გაკეთებული, აღმოსავლეთის და სამხრეთის კი მხოლოდ დეკორატიულ ხასიათს ატარებს. თითოეულ კუთხეში ასევე შეისრული ტრომპებია გაკეთებული.

აუზებში ჩასასვლელად კიბეებია გაკეთებული. აუზები ოთხკუთხაა. ჩრდილოეთის აუზის კედელში სარკმელია გაკეთებული, რომელიც საცეცხლურ ოთახში გადის. დარბაზი ერდოიანი გუმბათითაა დასრულებული. აბანო ცხელი და ცივი წყლით თიხის მილებით მარაგდებოდა. საცეცხლური ოთახი საბანაო დარბაზის ჩრდილოეთითაა მიშენებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მძოვრეთის ციციშვილების აბანო დაარქივებული 2021-07-25 საიტზე Wayback Machine.