მთისძირის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მთისძირის ეკლესია (ყვარლის მუნიციპალიტეტი).

მთისძირის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის ჩრდილოეთით 1,7 კილომეტრზე, მდინარე არეშის მარჯვენა ნაპირზე, ტყეში. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეს.

ძველი სამეკლესიიანი ბაზილიკაა, სამი მხრიდან ერთიანი გარშემოსავლელით(12.7 x 10.8 მეტრი), შენობა ნაგები ყოფილა რიყისა და ნატეხი ქვით - თიხის ხსნარზე. შემორჩენილია კედლების წყობის 4-8 რიგი (მაქსიმალური სიმაღლე 1.2 მეტრია).

მთავარ ეკლესიას (10,15 x 5,5 მეტრი) ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთით და დასვლეთით. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია კვერცხისებრი ფორმის აფსიდით, რომელიც გრძივი კედლებიდან ერთსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი. მოგვიანებით აფსიდი დარბაზისგან რიყის ქვით ნაგები კანკელით გაუმიჯნავთ, რომლისგანაც წყობის სამი რიგიღაა შემორჩენილი. მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში კარია, რომელიც მთავარი ეკლესიის აფსიდის ჩრდილოეთით მდებარე, სწორკუთხა გეგმის სათავსში გადის. მთავარი ეკლესიის შუაში დგას გეგმით თითქმის კვადრ. (1 x 1,1 მეტრი), ზემოთკენ ოდნავ შევიწროებული ნაგებობა (სიმაღლე 1 მეტრი), რომელსაც აღმოსავლეთ წახნაგში მოწყობილი აქვს პატარა, ოთხკუთხა ნიშა.

სამხრეთ ეკლესია უაფსიდოა. იგი ვიწრო და გრძელი დერეფანია. სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედლის შუაში ორმალიანი თაღოვანი შესასვლელის ნაშთია - თაღებს შორის კავდრატული სვეტით. მეორე შესასვლელი გარშემოსავლელის დასავლეთ კედლის შუაშია.

ჩრდილოეთ ეკლესია აფსიდიანია, დამოუკიდებელი შესასვლელი მას არ ჰქონია. ეკლესიის გათხრისას გამოვლინდა კრამიტის ნატეხები და წითელკეციანი, კარგად დამუშავებული და გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ჭურჭლის შიდაპირი დაფარულია შავი თუ მუქი ყავისფერი მასით.

ეკლესსის აღმოსავლეთით, 35 მეტრზე, ოთხკუთხა გეგმის (6,6 x 5,5 მეტრი) ნაგებობის ნანგრევებია.იგი ნაგები ყოფილა რიყისა და ნატეხი ქვით - თიხის ხსნარზე. ერთადერთი შესასვლელი მას აღმოსავლეთიდან ჰქონდა. შიგნით, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, ჩაფლული ყოფილა ბრტყელძირიანი ქვევრი (აღმოჩნდა თოკისებრი ორნამენტით შემკული ნატეხები). გამოვლინდა, აგრეთვე, წითელკეციანი ჯამისა და ტუჩიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, რკინის მოგრძო ნივთი (ურდული).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]