მთავარანგელოზის გუმბათიანი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მთავარანგელოზის გუმბათიანი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქუთაისის მუნიციპალიტეტში. თარიღდება 1909 - 1913 წლებით.

მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე ამოზიდულ მწვანეყვავილას კონცხის წვერზე, თავმოყრილია ნაგებობათა ჯგუფია. კომპლექსის ყველაზე დიდ ნაგებობას 1909-1913 წლებში აგებული, მთავარანგელოზის სახელობის გუმბათინი ნახევრად თავისუფალი ჯვრის ტიპის, საკმაოდ მოზრდილი ეკლესია წარმოადგენს. იგი თლილი ქვის რეგულარული წყობითაა აშენებული. ეკლესიის, აღმოსავლეთ მხარეს, მკვეთრად შვერილი, ნახევარწრიული აფსიდი ასრულებს, რომელიც აღიქმება გვერდითა ფასადების ერთიანობაშიც კი. ასიმეტრიულია აღმოსავლეთის მხარე, რასაც, ქმნის საკურთხევლის ორივე მხარეს განაწილებული სხვადასხვა დეტალები. მარჯვნივ დატანილია დიდი ზომის ცრუ-სარკმელი, რომელიც მოჩაროებულია, ხოლო მარცხენა ნაწილში კი ეკლესიაში შესასვლელში, გაჭრილია ეზოსთან რამდენიმე საფეხურით დაკავშირებული მცირე კარი. აფსიდის კორპუსზე, აქეთ-იქით,მოქცეულია დიდი ზომის ფანჯრები, ხოლო ცენტრში კი ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. სარკმლებქვეშ, ერთიანი თარო-სარტყელია გავლებული როგორც აფსიდზე, ისე, განაპირა კედლებზე, რაც მთლიანობას სძენს კომპოზიციას. სამკუთხა ფრონტონი ასრულებს, აღმოსავლეთის მკლავს, რომელიც ნაგებობის ერთიანი სეგმენტისგან ფუძეზე გავლებული კბილანისებური სალტეთი გამოიყოფა და კარნიზით შემოიზღუდება. სიმეტრიულია დასავლეთის ფასადი. ცენტრში ეკლესიის კორპუსზე კოშკურა-სამრეკლოა მიდგმული, რომელიც ითავსებს პორტალის ფუნქციასაც. ცენტრში გაჭრილია შესასვლელი. სამრეკლოს აგვირგვინებს მცირე სარკმლით, სამკუთხა ფრონტონით შემკული თაღოვანი ღიობებით დანაწევრებული და მარალი სახურავით დაბოლოებული კოშკი. მის ორივე მხარეს, დაუნაწევრებელია დასავლეთის მკლავის კედლები, თუმცა ამავე მხრიდან აღიქმება სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების დასავლეთ კედლები, რომლებიც იშლება ღია სივრცეში. ერთმანეთის ანალოგიურია გვერდითი ფასადები. სამკუთხა ფრონტონებიტ დასრულებულ მკლავებზე გაჭრილია კარის მართკუთხა ღიობებია. მათ სადა საპირე შემოწერს, რომელზეც მაღალი თაღია გადაყვანილი. აღნიშნული გადაწყვეტა, კედელზე, ქმნის ტიმპანის იმიტაციას. შესასვლელის ორივე მხარეს, მოქცეულია ვიწრო და მაღალი სარკმლები, მათ სადა მოჩარჩოება აქვთ და საფუძველზე გავლებული ერთიან სარტყელს ეყრდნობიან. გვერდითი და აღმოსავლეთ მკლავებს შორის მოქცეულ კედლის სეგმენტზე დატანილია თითო ფანჯარა. დასავლეთის მკლავზე კი განლაგებულია ორი და ერთი ცრუ-სარკმელი. კბილანისებური და სადა კარნიზები ასრულებს ფასადებს. ეკლესიას აგვირგვინებს წახნაგოვანი დაბალი, მუზარადისებური გადახურვით დაფარული გუმგათი. წახნაგები მონიშნულია მსუბუქი პილასტრებით, ცენტრში კი მოქცეულია სარკმლები, რომლებსაც გასდევს თავსართის იმიტაციის ერთიანი სალტე. ინტერიერში გუმბათი ეყრდნობა კედლის მასიურ შვერილებს. საკურთხეველს აქვს ბემა. შენობის ფასადების გაფორმებაში კლასიცისტური ელემენტებია გამოყენებული. მისი საფასადე კომპოზიცია ხასიათდება სისადავიტა და გაწონასწორებულებით, რასაც განსაზღვრავს გააზრებულად გამოყენებული ხუროთმოძღვრული ელემენტები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9895