მეცნიერება ბაშკირეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერება ბაშკირეთში — მეცნიერების ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა ბაშკირეთში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალი დაავადების სამკურნალოდ ბაშკირები იყენებდნენ ბაშკირულ თაფლს, კუმისს და ცხენზე ჯირითს.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ ტერიტორიის, ბუნებრივი სიმდიდრეების, მოსახლეობისა და რუსეთის იმპერიის შემადგნელობაში მყოფი სამხრეთ ურალის ისტორიული ძეგლების შესწავლის მიზნით 1768-1774 წლებში ბაშკირეთში გაგზავნა ექსპედიცია აკადემიკოსების — პეტრე სიმონ პალასის, იოჰან გოტლიბ გეორგის, ივან ლეპიოხინისა და იოჰან პიტერ ფალკის შემადგენლობით. ექსპედიციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მხარის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების, ტოპოგრაფიული აგეგმვების, ბოტანიკური და გეოგრაფიული გამოკვლევების კუთხით. მეცნიერებმა შეისწავლეს მხარის მეტალურგიული და სამთამადნო ქარხნები. პირველად აღიწერა ურალის მთების ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მეურნეობა და ყოფიერება.

მირსალიხ ბეკჩურინმა (ბიკჩურინი, ბიკსურინი) შეადგინა ბაშკირული ენის ლექსიკონი; კუვატოვმა და ბატირშინმა გამოაქვეყნეს ბაშკირული ფოლკლორის ნიმუშები, ხოლო ეთნოგრაფებმა — ბაიშევმა და იულიევმა შეისწავლეს ერის ისტორია. მანსურ სულტანოვმა გამოსცა ბაშკირული და თათრული მელოდიების კრებული, ექიმმა და ფილოლოგმა მსტისლავ კულაევმა კი რუსული გრაფიკის ბაზაზე დაამუშავა ბაშკირული დამწერლობა და შექმნა ბაშკირული ენის ევროპული ტიპის გრამატიკა.

XX საუკუნის 20-იან წლებში ბაშკირეთში იყო საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარების პოტენციალი.

1922 წელს ბაშკირეთის ასსრ-ს სახალხო კომისარიატის სამეცნიერო განყოფილებამ დაადგინა წესდება სამეცნიერო საზოგადოებაზე - „საზოგადოება ბაშკირეთის ყოფიერების, კულტურისა და ისტორიის შესწავლის საკითხებში“. საზოგადოებაში სამი სექცია იყო: ლინგვისტური, ეთნოგრაფიული და ისტორიული. გამოსცეს მხარეთმცოდნეობის სამი კრებული: „ბაშკორტ აიმაგი“, „ბაშკირეთის მხარეთმცოდნეობის კრებული“ და „ბაშკირეთის მეურნეობა“. კრებულებში გაშუქებული იყო ბაშკირეთის ისტორიის, ყოფიერების, კულტურისა და ენის სხვადასხვა საკითხი. 1920-იან წლებში თავიანთი კვლევითი მუშაობით ცნობილი იყვნენ არქეოლოგი კასიანოვი, ეთნოგრაფი გაბდელახატ ვილდანოვი, ენათმცოდნე კასიმ აჰმეროვი და ლინგვისტი ზაქირ შაკიროვი.

„ბაშკირეთის შემსწავლელი საზოგადოების“ გარდა რესპუბლიკაში სამეცნიერო საქმიანობით დაკავებული იყო აგრეთვე რევოლუციის ცენტრალური მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ცენტრალური არქივი. მათ შეაგროვეს ისტორიული მასალები. მთელ სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობდა ბაშკირეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის განათლების სახალხო კომისარიატის განყოფილება, რომელსაც შემდეგ აკადემიური ცენტრი დაერქვა. აკადემიური ცენტრის თავმჯდომარე იყო შარიფ სუნჩელეი.

ცენტრის ძირითადი მოღვაწეობა დაკავშირებულია ახალი ბაშკირული ანბანის შექმნასთან.

1930-იან წლებში შეიქმნა ბაშკირეთის კომპლექსური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ჩამოყალიბდა ბაშკირეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის სოციალისტური რეკონსტრუქციისა და ბოტანიკური ინსტიტუტი, ბაშკირეთის ეროვნული კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მარქსისტულ-ლენინური პედაგოგიკისა და მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.

მეორე მსოფლიო ომის დროს ბაშკირეთში გადაიტანეს საბჭოთა კავშირისა და, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიების ფილიალები და მოსკოვის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები. 1943 წელს ბაშკირეთის ასსრ-ს სახალხო კომისარიატის საბჭომ წერილით მიმართა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს, გიორგი მალენკოვს და თხოვა, ქალაქ უფაში შეექმნა სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის ბაშკირეთის ფილიალი.

1951 წელს შეიქმნა სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის ბაშკირეთის ფილიალი, რომელიც აერთიანებდა სამთო-გეოლოგიის და ბიოლოგიის ინსტიტუტებს, ენისა და ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს, ორგანული ქიმიისა და ეკონომიკური მეცნიერებების განყოფილებებს. შეიქმნა ქიმიის ინსტიტუტი, ბიოქიმიისა და ციტოქიმიის, ფიზიკისა და მათემატიკის განყოფილებები და ბოტანიკური ბაღი. ბაშკირეთის ასსრ-ს მინისტრთა საბჭომ სთხოვა სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს, რომ ქალაქ უფაში სამეცნიერო საქმეების ხელმძღვანელის პოსტზე მეცნიერებათა სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სწავლულები გამოეგზავნა[1].

60-70-იან წლებში რესპუბლიკაში განვითარდა მათემატიკა (ფუნქციათა თეორია, დიფერენციალური განტოლებები, გამოთვლითი მათემატიკა). ფიზიკისა და მათემატიკის განვითარების დონის ასამაღლებლად უფაში მოსკოვიდან მოიწვიეს ცნობილი მათემატიკოსი, სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი - ალექსი ლეონტიევი, რომელიც 1971 წელს თავის მოსწავლეებთან - ნაპალკოვთან, გრომოვიმთან და ფროლოვიმთან ერთად ჩავიდა უფაში. თექვსმეტწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში (1971 - 1997 წწ.) ლეონტიევმა უდიდესი ღვაწლი გასწია, როგორც მათემატიკის სფეროში, ისე განათლების ორგანიზირებაში: მან ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე შექმნა ასპირანტურა, სამეცნიერო სემინარი, მოამზადა მეცნიერებათა კანდიდატთა და დოქტორთა დიდი ჯგუფი, ჩაატარა სიმპოზიუმები ფუნქციათა თეორიაში და ჩამოაყალიბა საბჭო დისერტაციის დაცვის საკითხში.

განვითარდა ფიზიკის პერსპექტიული მიმართულებები (მოლეკულური ფიზიკა, თეორეტიკული ფიზიკა), ნავთობქიმია, პოლიმერთა ქიმია, მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა, რეგიონალური ეკონომიკა, ბაშკირთა ეთნოგრაფიისა და ბაშკირული ენის შესწავლა.

ეთნოლოგიური კვლევების ინსტიტუტი

1980იან წლებში ბაშკირეთის ასსრ-ში ფუნქციონირებდა მატერიალური წარმოების 184-დან 125 სფერო. საწვავ-ენერგეტიკულ რესურსზე მოთხოვნის ზრდამ რესპუბლიკაში ქიმიისა და ნავთობქიმიის მეცნიერების მნიშვნელოვანი განვითარება გამოიწვია. 1960-1970-იან წლებში ინსტიტუტები 20-25 %-ით იყო დაკომპლექტებული სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიიდან მოწვეული წამყვანი სწავლულებით (მეცნიერებათა კანდიდატებითა და დოქტორებით).

ბაშკირეთის სამეცნიერო დაწესებულებები ძირითადად მიმართული იყო ქიმიური გამოკვლევების განვითარებაზე, რომლებიც დაკავშირებულია ორგანული წარმოშობის პროდუქტებთან. ამასთან უზრუნველყოფილი იყო გეოლოგიისა და ბიოლოგიის განვითარების მაღალი დონე, შეიქმნა დიდი შესაძლებლობები მათემატიკის განვითარებისთვის.

რესპუბლიკის სწავლული-ისტორიკოსები ასევე დაკავებული იყვნენ ბაშკირეთის სამეცნიერო-კვლევითი ისტორიის შესწავლით. 1950-იან წლებში გამოიცა ნაშრომები რესპუბლიკის ისტორიის შესახებ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და მედიცინის სფეროში შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საკითხებმა. „უფას ისტორიაში“ განხილულია ბაშკირეთის დედაქალაქის, როგორც ქვეყნის მსხვილი სამეცნიერო ცენტრის ჩამოყალიბების ეტაპები, ნაშრომი „მეცნიერება ბაშკირეთის საბჭოთა რესპუბლიკაში 50 წლის განმავლობაში“ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სსრკ-ს მეცნიერებათა ფილიალსა და მისი შექმნის წინაისტორიაზე.

თანამედროვე მეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანული ქიმიის ინსტიტუტი

სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობს რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც მუშაობს 250-ზე მეტი დოქტორი და 2,5 მეცნიერებათა კანდიდატი.

რესპუბლიკაში ჩატარდა ფუნდამენტური კვლევები ბაშკირეთის ისტორიის, ბაშკირეთის ფილოლოგიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკის შესახებ. ბაშკირ სწავლულებს შორის მეცნიერებაში დიდი წვლილი შეიტანა გეოლოგიურ-მინერალოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ქადირ ტიმერგაზინმა, პროფესორმა ლინგვისტებმა ჯალილ კიეკბაევმა და ქაზიმ აჰმეროვმა, სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა რაფიკოვმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორებმა რუსტემ კუზეევმა და რაილ კუზეევმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ბურანგულოვამ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორებმა ვაკილ გირფანოვმა და ტაიჩინოვამ, ექიმმა ოფთალმოლოგმა, პროფესორმა ჰაბდულა კუდოიაროვმა[2], პროფესორმა ფილოლოგებმა აჰნაფ ჰარისოვმა, კირეი მერგენმა და ჰაისა ჰუსაინოვმა, ისტორიკოსებმა - სალავათ კასიმოვმა და სხვ.

1951 წელს შეიქმნა სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის ბაშკირეთის ფილიალი. ხრუშოვის პერიოდში მეცნიერებათა აკადემიის ბაშკირეთის ფილიალი გაუქმდა. 1970-იანი წლების დასაწყისში ბაშკირეთი გახდა სსრკ-ს ქიმიური და ნავთობქიმიური ცენტრი. შემდგომში ბაშკირეთის რესპუბლიკაში ეკონომიკა წარმატებით განვითარდა, რაც, ძირითადად, მსხვილ სამეცნიერო ბაზისზე იყო დამყარებული, ამიტომაც მეცნიერებათა აკადემიის ფილიალი აღდგა.

ბაშკირეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის შენობა

1991 წელს ბაშკირეთში დაარსდა ბაშკირეთის სსრ-ს მეცნიერებათა აკადემია.

აკადემია შეიქმნა 20 მოქმედი წევრისა (აკადემიკოსთა) და ბაშკირეთის სსრ-ს მეცნიერებათა აკადემიის 40 წევრ-კორესპონდენტის შემადგენლობით. მის შემადგენლობაში შედიოდა შემდეგი განყოფილებები: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ფიზიკა-მათემატიკურ და ტექნიკურ მეცნიერებათა, ქიმიურ-ტექნოლოგიურ მეცნიერებათა, ბიოლოგიურ, სამედიცინო და სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა და ეკოლოგიის მეცნიერებათა.

ბაშკირეთის მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ბაშკირეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ოსკარ კაიბიშევი, ვიცე-პრეზიდენტებად: რაჰიბ გიმაევი - აკადემიკოსი, ასჰატ გუმეროვი - აკადემიკოსი, ვალენტინ ნაპალკოვი - ბაშკირეთის მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით აირჩიეს: აჰმეტ ბაკიევი - ფიზიკა-მათემატიკის და ტექნიკურ მეცნიერებათა განყოფილება, რიზა მაგაზოვი, უზბეკ ჰუსმანოვი - ბიოლოგიის, მედიცინისა და სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა განყოფილება, რაჰიბ გიმაევი - ქიმიურ-ტექნოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილება, მურატ კამალეტდინოვი - ეკოლოგიის განყოფილება, ზინურ ურაკსინი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განყოფილება.

სამეცნიერო წარმატებები ბაშკირეთში დაკავშირებულია ჰენრი ტოლსტიკოვის (ნაშრომები მეტალოკომპლექსური კატალიზისა და ორგანული სინთეზის სფეროში), მარატ იუნისოვის (ბიოორგანული ქიმია), ოდინოკოვის[3], მონაკოვას, ალექსი ლეონტიევის (ფუნქციათა თეორია), ნაპალკოვის[4], ნიგმატულინისა და სხვათა სახელებთან.

ეთნოგენეზისა და ბაშკირეთის ეთნიკური ისტორიის პრობლემებით, მათი ტრადიციული მეურნეობისა და სოციალური სტრუქტურის შესწავლით დაკავებული იყო პროფესორი რიმ იანგუზინი.

ბაშკირეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამედიცინო უნივერსიტეტი უფაში

სამეცნიერო პერიოდული გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალი „ვატანდაში“ (თანამემამულე)

ჟურნალი „იადკარი“ (სულიერი მემკვიდრეობა)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Георги И. Г. Описание всех обитающих в Российском государстве народов: Их жит. обрядов, обыкновений, одежд, жилищ, упражнений, забав, вероисповеданий и др. достопамятностей. Ч.1-2. СПб., 1799;
  • Мирас С. Исторические, археологические исследования в Башкортостане за 10 лет // Башкорт аймагы. 1929, № 7 (ბაშკირულ ენაზე);
  • Островский Э. В. История и философия науки. М: Юнити 2007
  • Хисамидинова Ф. Г., Шарипова З. Я., Нагаева Л. И. История и культура Башкортостана. Научное издательство «Башкирская энциклопедия», Уфа — 1997.
  • Ахмадиев Т. Х., Кузыев Р. У., Сираев З. И., Юлдашбаев Б. Х., Якимов В. А. История Башкирской АССР. Башкирское книжное издательство, Уфа — 1976.
  • Наука в Советской Башкирии за 50 лет. — Уфа, 1969.
  • Каримов К. К. Наука Башкортостана: от исследователей одиночек до академических центров // Народное образование. — 2000. — № 6. — С. 51-53; Он же. Наука Башкирии в строительстве социализма. — Уфа, 1986.
  • Юсупов Р. Г. «Развитие академической науки в Башкирии (вторая половина ХХ — начало XXI веков)». Автореферат докторской диссертации по истории. МГУ, 2009.
  • Башкирская энциклопедия в 7 томах. 2006—2011 г. Уфа.
  • Закон РБ «О сохранении статуса государственных, научных, образовательных учреждений и мораторий на их приватизацию» (1995 წლის 31 ივლისიდან)
  • Указ Президиума Верховного Совета РБ «О создании внебюджетного фонда науки и технологического развития Республики Башкортостан» (1993 წ.)
  • Указ Президента РБ «Об утверждении программы реализации Концепции развития науки и инновационной деятельности в Республике Башкортостан на 2001—2005 гг.»
  • Академическая наука в Башкортостане: становление и развитие (1951—2001 гг.) // Истоки. Уфа, 2006. № 51 (507). С. 6.
  • Каримов, Кави Каримович. Развитие науки в Башкортостане, вторая половина XIX — первая половина XX вв. : диссертация … доктора исторических наук : 07.00.02. — Уфа, 2000. — 551 с.
  • Философы современного Башкортостана: справочное издание / отв. ред. Р.Х. Лукманова. - Уфа: РИЦ БашГУ, 2015. - 148 с. ISBN 978-5-7477-3909-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]