მარტიანის ჯვარპატიოსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარტიანის ჯვარპატიოსანი — არქიტექტურული ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტიანის მიდამოებში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.

სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ზე, ნასოფლარ ყველდაბაში მდებარე დარბაზული ეკლესია სამხრეთის თანადროული მინაშენით, გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით აქვს ნახევარწრიული აბსიდა, რომლის ცენტრში გაჭრილი არქიტრავული სარკმელი გარეთ ვიწროვდება. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. კონქი სფერულია, სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. აბსიდის იატაკის დონე ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკთან შედარებით. საფეხურის წინ მასიური ბუნის ქვა დგას. ოთხკუთხა ქვა ოთხივე მხარეს მორთულია დეკორატიული თაღებით. ქვაზე შემორჩენილია ჯვრის ზედა მკლავის მოხატულობა და წარწერის ფრაგმენტი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში კი კანკელის ბუდე. ეკლესიას ოდნავ შეისრული კამარა აქვს. დასავლეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედელს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს. სამხრეთი შესასვლელი შიგნით შეისრულთაღიანი, გარეთ არქიტრავულია. კარი ნაოთხალია. ეკლესიის კედლები შელესილი იყო მოსახატავად. სამხრეთი მინაშენის კედლები შემორჩენილია 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე. შესასვლელი აღმოსავლეთიდან ჰქონდა, დაზიანების გამო მისი ფორმა არ იკითხება. დასავლეთ კედელში ვიწრო სარკმლის კვალია. ეკლესია დიდი ზომის მოყვითალო, ფლეთილი ქვითაა ნაგები. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია ფიქალი. ეკლესიიდან დასავლეთით დიდი ზომის სატრაპეზოა. კედლები შემორჩენილია 2-3 მეტრის სიმაღლეზე. აღმოსავლეთ კედელში ჩანს შესასვლელის კვალი. ჩრდილოეთ კედელში რამდენიმე ნიშაა მოწყობილი. სატრაპეზო დიდი ზომის ადგილობრივი წარმოშობის ქვითაა ნაგები. ეკლესიას გარს შემოუყვება გალავანი. გალავნის გარეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მოთავსებულია კარიბჭე - სამრეკლო. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ოთხკუთხა, მასიური სვეტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 118-119