მართლმადიდებლობა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მართლმადიდებლობა
Andrej Rublëv 001.jpg
წმინდა წერილი
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა (სახარება)
ბიბლიის არაკანონიკური წიგნები
ისტორია
მოციქულების ეპოქა
ეკლესიის დევნის პერიოდი
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
საეკლესიო განხეთქილებები
კიდევ...
მისტერიები(საიდუმოებანი)
ნათლისღება
მირონცხება
სინანული
ქორწინება
ზეთის კურთხევა
მღვდლობა
ევქარისტია
კიდევ...
ღვთისმეტყველება
შობა
ჯვარცმა
ამაღლება
ანტიქრისტე
კიდევ...
სხვადასხვა
ქრისტიანობა
პორტალი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

მართლმადიდებლობა - (ძვ.ბრძნ ορθός, „მართალი, სწორხაზოვანი“ δόξα „თაყვანისცემა“ δοκείν „რწმენა“, ეწოდება ქრისტიანობის იმ მიმართულებას, რომელიც ინახავს ქრისტიანულ პრაქტიკას და მოძღვრებას, როგორც ის ჩამოყალიბდა მწვალებლებთან ბრძოლაში შვიდ მსოფლიო კრებაზე (325-787), სადაც მიიღეს ქრისტიანობის ძირითადი დოგმატები.

მართლმადიდებლობა, ქრისტეს მოძღვრების მართალი აღმსარებლობა, თვითშეფასებით, დასაბამს მოციქულთა ხანიდან იღებს და დღემდე შეურყვნელად და მრთელად ინახავს მას. ამიტომაც იგი თავის თავს მიიჩნევს იმავე ეკლესიად, რაზედაც მრწამსშია ნათქვამი: "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქული ეკლესია". რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, რომლებთანაც მას არა აქვს ევქარისტიული კავშირი, ისინი გაიაზრებიან არა ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განშტოებებად, (ერთი არასოდეს დაშლილა), არამედ მისგან ჩამოშორებულებად (განდგომილებად) ისტორიის განმავლობაში.

მიუხედავად საღვთისმეტყველო აზრის ინტენსიური მუშაობისა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში (განსაკუთრებით ალექსანდრიაში) და ბრწყინვალე ღვთისმეტყველთა არსებობისა (კლიმენტი ალექსანდრიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, მაქსიმე აღმსარებელი, გრიგოლ პალამა...), არ ყოფილა მცდელობა სისტემატური სახე მისცემოდა მოძღვრებას - ამის საჭიროება თითქოს არ იყო, რამდენადაც მოძღვრების ძირითადი უბნები (ქრისტოლოგია, ტრიადოლოგია...) ცალკეულ დოგმატებად ქვეყნდებოდა მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებათა სახით. ეს საკმარისი იყო. მართლმადიდებლებს მიაჩნიათ, რომ მთლიან მოძღვრებას, რომელიც დოგმატთა შინაგან კავშირებზე იყო დაფუძნებული, ეკლესიის შეგნება ინახავდა და ინახავს და სრულებითაც არ საჭიროებს სისტემატიზაციას, როგორც ეს თავის დროზე დასავლეთში თომა აქვინელმა გააკეთა. აღმოსავლელ (ბიზანტიელ) ღვთისმეტყველთა თითქმის ყველა შრომა დაწერილია როგორც კერძო პასუხი იმ შეხედულებათა საპირისპიროდ, რომლებიც, მათი რწმენით, ამახინჯებდა ძირითად დოგმატებს, როგორიც არის განხორციელების ან სამების საიდუმლო. სისტემატიზაციის პრეცედენტი იყო იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“ (VIII ს.), მაგრამ მოგვიანებით, როცა XVII-XVIIIს-სში საჭიროებამ მოითხოვა მართლმადიდებლობას გამოეთქვა თავისი დოქტრინალური ჭეშმარიტებები სისტემის სახით დასავლური ქრისტიანობის წინაშე, დამასკელის შრომა საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან იგი არ მოიცავდა მთლიან მოძღვრებას, მოძღვრების ყველა უბანს. ვერც ამ საჭიროების ხანაში, როცა დრომ მოითხოვა მართლმადიდებლობა კათოლიკური სამყაროსა და პროტესტანტული ეკლესიების წინაშე გამოსულიყო თავისი ჩამოყალიბებული საერთო, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მისაღები დოქტრინით, ეს ამოცანა წარმატებით ვერ დაგვირგვინდა. დღემდე არ არსებობს მართლმადიდებელი მოძღვრების ერთიანი გადმოცემა, სადაც ყველა პრობლემაზე ზუსტი პასუხი იქნებოდა გაცემული. ეს არამც და არამც არ არის დოქტრინის ნაკლი. ბოლოს და ბოლოს, ყველაფრის სისტემატიზაცია შეიძლება, მაგრამ არსებობს რეალობა, რომლის სისტემატიზაცია ვერ ხერხდება მისი შინაგანი არსის დაუზიანებლად. მართლმადიდებელი თეოლოგიის პრინციპი, რომელიც გამოსჭვივის ეკლესიის ყველა მასწავლებლის ნაწერებიდან, შეიძლება ამ ერთი ფრაზით გამოიხატოს: ერთადერთი, რაც შეიძლება ვიცოდეთ ღვთის ბუნების შესახებ არის ის, რომ ჩვენ არაფერი ვიცით. ეს არის მართლმადიდებლური თეოლოგიური აზროვნებისთვის დამახასიათებელი აპოფატიკის ანუ ნეგატიური ღვთისმეტყველების პრინციპი: ღმერთზე უმჯობესია ითქვას, რა არ არის იგი. ღმერთი ყველა განსაზღვრებასა და სახელწოდებაზე განუზომლად მაღლა დგას. როგორც დიონისე არეოპაგელი წერს, ღმერთი არ არის არც გონება, არც სიტყვა, არც აზრი, არც სიდიდე, არც ძალა, არც სინათლე, არც სიცოცხლე, არც დრო, არც მარადისობა და ა. შ. უსასრულოდ, რადგან თავად ღმერთის ბუნებაა უსასრულო. ყოველი განსაზღვრება საზღვარს უდებს უსასრულობას. ამრიგად, ღმერთი ვერ იქნება შემეცნების საგანი (რამდენადაც საგანიც კი არ არის). ღმერთი პრინციპულად შეუცნობელია. თუ რამ შეცნობილია მასში, ეს მისი შეუცნობლობაა. შესაბამისად, შემეცნება (იგივე ღვთისმეტყველება) უსასრულო გზაა, ღვთისმეტყველი (თუნდაც, უბრალოდ ქრისტიანი ადამიანი) მგზავრია ამ დაუსრულებელ გზაზე. ღვთის შემეცნების კიბეზე არ არსებობს უკანასკნელი საფეხური. დასრულებულ სისტემაში მოქცეული ღმერთი აღარ არის ღმერთი. პრინციპულად, ქრისტიანული მოძღვრება არ შეიძლება დასრულდეს შემეცნებაში ღვთის ჭეშმარიტი ბუნების დაუზიანებლად.

სექციების სია

[რედაქტირება] წმინდა გადმოცემა

მართლმადიდებლური ტრადიციით, წმინდა გადმოცემა – ესაა რწმენა და ცოდნა(პრაქტიკა), რომელიც მოციქულებმა თავად იესო ქრისტესგან მიიღეს და მოციქულთა დროიდან მოყოლებული ეკლესიაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ამ თვალსაზრისით ბიბლია წარმოადგენს წმინდა გადმოცემის უმთავრეს ნაწილს. წმინდა გადმოცემაში ამგვარი ავტორიტეტული ადგილი უკავია მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებსაც. წმინდა გადმოცემის ნაწილია ასევე წმინდა მამათა ნაშრომები, საეკლესიო კანონები და ლიტურგიკული წიგნები.

სხვა შეხედულებით წმინდა გადმოცემას განსაზღვრავენ როგორც ქრისტეს ზეპირ სწავლებას, რომელიც მოციქულთა მიერ არ ჩაწერილა წერილობითი სახით. ამ შეხედულების დამცველები წმინდა გადმოცემიდან გამოყოფენ წმინდა წერილს, როგორც ქრისტიანული ცხოვრების დამოუკიდებელ წყაროს.ამ თვალსაზრისით, ქრისტიანული რწმენისა და ცხოვრების,ფართო გაგებით დოგმატიკისა და ასკეტიზმის წყარო წმინდა გადმოცემა და წმინდა წერილია(ბიბლია). [1]

მართლმადიდებლური სწავლებით, წმინდა გადმოცემა არ არის მექანიკური, პასიური და ავტომატური პროცესი რამე სიბრძნის გადაცემისა, დაკავშირებული შორეულ წარსულთან. იმისათვის რომ იცხოვრო გადმოცემაში, საკმარისი არაა სარწმუნოებრივი სწავლების ინტელექტუალური აღიარება, რადგან გადმოცემა რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალო კრებული აბსტრაქტული დებულებებისა. ეს ცხოვრებაა, შეხვედრაა ქრისტესთან სულიწმინდაში. გადმოცემა არა მხოლოდ ინახება ეკლესიაში, არამედ ის ცოცხლობს ეკლესიაში, გადმოცემა ესაა ცხოვრება სულიწმინდისა ეკლესიაში.[2]

[რედაქტირება] წმინდა წერილი

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბიბლია.

ბიბლია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნებს (ταβιβλια). შედგება 66 წიგნისაგან – 39 ძველი აღთქმის, 27 – ახლისა. იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთივშთაგონებული და სულიწმიდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული.

გარდა ამისა, ბერძნული ბიბლიის სამოცდაათისეულ თარგმანში – სეპტუაგინტაში – შესულია ძველი აღთქმის ზოგიერთი წიგნი (აპოკრიფები), რომელთაც ეკლესია არ აღიარებს კანონიკურ წიგნებად, მაგრამ მიიჩნევს აღმზრდელობითად და სასარგებლოდ.

ბიბლიაში აღწერილი თავდაპირველი ამბები წინაისტორიულ ხანას შეეხებიან, როცა დამწერლობა ჯერ არ არსებობდა. უზენაესი ღმერთი – ყოვლადწმიდა სამება – ეცხადებოდა სათნო და მართალ ადამიანებს, რჩეულ პიროვნებებს და აუწყებდა სიბრძნეს და მეცნიერებას.ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1500-2000 წელი) ბიბლიის ცალკეული ნაწილები სხვადასხვა ადამიანების მიერ იწერებოდა. ეს მრავალრიცხოვანი ნაწილები მოგვიანებით ერთ წიგნად გააერთიანეს.

რაც შეეხება ახალ აღთქმას, იესო ნაზარეველი ორი ათასი წლის წინ დაიბადა, როცა ძველი აღთქმის წიგნები უკვე დიდი ხნის წინათ იყო დაწერილი. თავდაპირველად უწყება მის შესახებ აგრეთვე ზეპირად ვრცელდებოდა. მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ ოთხი სახარება იესოს ცხოვრების მოწმობებზე დაყრდნობით დაწერეს, რომლების თვითმხილველთა მიერ იყო დატოვებული. სახარებაში აღწერილი ამბები – ბეთლემში იესოს შობის, მისი ცხოვრების და სასწაულების შესახებ ქ.შ. 100 წლამდე დაიწერა. როგორც ჩანს, ოთხივე სახარება იესოს ცხოვრებისა და მოძღვრების აღწერისას ერთიდაიგივე ზეპირ გადმოცემებს ეყრდნობა.

ბიბლიის წიგნთა თავებად და მუხლებად დაყოფა შედარებით გვიანდელი მოვლენაა და კონკორდანსის ანუ სასურველ ადგილთა ადვილად მოძიების საშუალებათა შექმნის იდეამ, ზოგადად, - კითხვისა და აღქმის პროცესის გაიოლებისათვის ზრუნვამ განაპირობა. ცალკეული წიგნები ჯერ თავებად დაიყო, შემდეგ მუხლებად (მოცემული თავის ფარგლებში). მუხლობრივი დაყოფის ის სისტემა, რითაც დღეს ვსარგებლობთ, XVI ს-ში დასავლეთ ევროპაში შეიმუშავეს.[3]

[რედაქტირება] მსოფლიო საეკლესიო კრებები

მსოფლიო საეკლესიო კრება უმაღლესი ძალაუფლებით აღჭურვილი ორგანოა მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომლის დოგმატურ გადაწყვეტილებებს შეუმცდარის და უცდომელის სტატუსი გააჩნიათ. მართმადიდებელი ეკლესია შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებას აღიარებს:ნიკეის კრება 325წ, კონსტანტინოპოლის 381წ, ეფესოს 431წ, ქალკედონის 451წ, კონსტანტინოპოლის 553წ, კონსტანტინოპოლის 680–681წწ, ნიკეის 787წ. ამათ გარდა მსოფლიო კრების კანონების ტოლფარდი ავტორიტეტი აქვს მინიჭებული კონსტანტინოპოლის კრების(691–692) მიერ მიღებულ 102 კანონს,რომელსაც ტრულის, მეექვსე,ან მეხუთე–მეექვსე კრების სახელით იხსენიებენ. ეს კრებები მოიწვიეს ერეტიკული ცრუსწავლებების დაგმობის, დოგმატების ავტორიტეტულად გადმოცემისა და კანონიკური საკითხების გადაწყვეტისათვის.

მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია და ეკლესიის ისტორია ამოწმებენ, რომ უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების მატარებელი არის მსოფლიო ეპისკოპატი – მოციქულთა კრების მემკვიდრე, ხოლო მსოფლიო კრება არის ყველაზე სრულყოფილი საშუალება მსოფლიო ეპისკოპატის უფლებამოსილების ეკლესიაში განხორციელებისათვის. მსოფლიო კრებათა პირველსახეა მოციქულთა კრება იერუსალიმში. მსოფლიო კრების შემადგენლობის, უფლებამოსილების და მოწვევის პირობებთან დაკავშირებით საბოლოოდ დადგენილი დოგმატური ან კანონიკური განსაზღვრებები ან მისი მოწვევის უფლებამოსილი ინსტანციები არ არსებობს. ეს იმითაა განპირობებული, რომ მსოფლიო კრებაში მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია საეკლესიო ძალმოსილების უმაღლეს ინსტანციას ჭვრეტს, რომელიც უშუალოდ სულიწმინდის მიერ იმართება და შეუძლებელია რაიმე სახის რეგლამენტაციას დაექვემდებაროს. თუმცა კი მსოფლიო კრების შესახებ კანონიკური განსაზღვრებების არქონა ხელს არ უშლის იმ ისტორიული ცნობებისა და გარემოებების თავმოყრა–განზოგადების საფუძვეზე, რომელთა პირობებშიც მოიწვეოდა ხოლმე მსოფლიო კრება, ეკლესიის სტრუქტურასა და ცხოვრებაში არსებული ამ მეტად ქარიზმატული ინსტიტუტის ზოგიერთი ძირითადი შტრიხის გამოვლენას.

შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრება იმპერატორმა მოიწვია. მაგრამ ეს ფაქტი არაა საკმარისი მიზეზი მსოფლიო საეკლესიო კრების სხვათა, სახელდობრ, საეკლესიო ინსტანციების მიერ მოწვევის შესაძლებლობის უარსაყოფად. შემადგენლობის მხრივ მსოფლიო კრება არის ეპისკოპოსთა კორპორაცია. პრესვიტერებსა და დიაკვნებს მასზე სრულუფლებიანი წევრის სტატუსით დასწრების ნება მხოოდ იმ შემთხვევაში ეძლეოდათ, როცა ისინი კრებაზე არმყოფ თავის ეპისკოპოსს წარმოადგენდნენ. არცთუ იშვიათად ისინი კრებებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საკუთარი ეპისკოპოსების ამალაში მყოფი მრჩევლები. კრებაზე ასევე დაშვებული იყო მათი სიტყვის მოსმენა. ცნობილია, თუ როგორი მნიშვნელობა ჰქონდა მსოფლიო ეკლესიისათვის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრების მსვლელობაში ათანასე დიდის მონაწილეობას, რომელიც ნიკეაში დიაკონის ხარისხში, თავისი ეპისკოპოსის – წმინდა ალექსანდრე ალექსანდრიელის თანმხლებ ამალაში მყოფი ჩავიდა, მაგრამ კრებათა განჩნებებს ხელს მხოლოდ ეპისკოპოსები ან მათი მონაცვლეები აწერდნენ. გამონაკლისი მეშვდე მსოფლიო კრების აქტებია, რომლებსაც ეპისკოპოსებთან ერთად მასზე მონაწილე მღვდელმთავრის პატივის არმქონე მონაზვნებმაც მოაწერეს ხელი. ეს დაკავშირებული იყო იმ განსაკუთრებულ ავტორიტეტთან, რომელიც ბერ–მონაზვნებმა მოიპოვეს კრების წინარე ხატმებრძოლობის ეპოქაში ხატთაყვანისცემის მტკიცე აღმსარებლობითი დაცვის წყაობით და აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ამ კრების მონაწილე ზოგიერთმა ეპისკოპოსმა ხატმებრძოლებისათვის დათმობებით საკუთარი თავის კომპრომენტირება მოახდინა. მსოფლიო კრებების დადგენილებების ქვეშ იმპერატორების ხემოწერები პრინციპულად სხვაობდნენ ეპისკოპოსებისა და მათი მოადგილეების ხელმოწერისაგან. ისინი ოროსებს, კრებათა განსაზღვრებებს და კანონებს იმპერატორის კანონების ძალას ანიჭებდნენ და მათ უთანაბრებნენ.

ადგილობრივი ეკლესიები მსოფლიო კრებაზე სხვადასხვაგვარი სისრულით იყო წარმოდგენილი. მსოფლიო კრებებში რომის ეკლესიის მხოლოდ რამდენიმე წარმოამადგენელი იღებდა მონაწილეობას, თუმცა კი აღსანიშნავია, რომ ამ პიროვნებების ავტორიტეტი მაღალი იყო. მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკიდურესად მცირერიცხოვანი, თითქმის სიმბოლური იყო ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიების წარმომადგენლობა. კრების მსოფლიოობის აღიარებას არასოდეს განაპირობებდა ყველა ადგილობრივი ეკლესიის პროპორციული დასწრება.

მსოფლიო კრებების კომპეტენცია უპირველეს ყოვლისა იყო სადაო დოგმატური საკითხების გადაწყვეტა. ესაა სწორედ მსოფლიო და არა ადგილობრივი კრებების უპირატესი და თითქმის ექსკლუზიური უფლება. წმინდა წერილისა და საეკლესიო გარდამოცემაზე დაყრდნობით კრებათა მამებმა დაამხეს ერეტიკული გაუკუღმართებანი, დაუპირისპირეს რა მათ კრებათა განსაზღვრებების საშუალებით სარწმუნოების მართმადიდებლური აღსარება. მათ ოროსებში დაცული შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების დოგმატური განსაზღვრებები თემატურად ერთიანდება. მასში სრულიად იშლება ტრინიტარული და ქრისტოლოგიური სწავლება. კრებათა სიმბოლოებსა და ოროსებში დოგმატების გადმოცემა უცდომელია, რაც ქრისტიანობაში აღიარებულ ეკლესიის უცდომელობას გამოხატავს.

დისციპლინარულ სფეროში კრებები გამოსცემდნენ კანონებს, რომლებიც საეკლესიო ცხოვრების რეგლამენტირებას ახდენდნენ და აგრეთვე ამტკიცებდნენ ადგილობრივი საეკლესიო კრებებისა და ეკლესიის წმინდა მამათა კანონებს. ამას გარდა ისინი ცვლიდნენ და აზუსტებდნენ ადრე მიღებულ დისციპლინარულ განსაზღვრებებს.

მსოფლიო კრება ასამართლებდა ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურებს, სხვა იერარქებს და ეკლესიის ყველა წევრს, ანათემას უცხადებდა ცრუმოძღვრებსა და მათ მომხრეებს, გამოჰქონდა სასამართო დადგენილება საეკლესიო დისციპლინის დარღვევასთან ან საეკლესიო თანამდებობების უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. ასევე მსოფლიო კრების უფლებამოსილებაში შედიოდა ადგილობრივი ეკლესიების სტატუსზე და საზღვრებზე მსჯავრის გამოტანა.

უაღრესად რთულია კრების დადგენილებების ეკლესიის მიერ მიღების და ამასთან კავშირში მსოფლიო კრების კრიტერიუმების საკითხი. კრების უცდომელობის, მსოფლიოობის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრის გარეგნული კრიტერიუმები არ არსებობს, რადგანაც არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტების გარეგნული კრიტერიუმები. ამიტომაც, მაგალითად, ამა თუ იმ კრების მონაწილეთა რაოდენობა ან მასზე წარმოდგენილ ეკლესიათა რიცხოვნობა არ არის მთავარი მისი სტატუსის განსაზღვრისას. წმინდა მაქსიმე აღმსარებელის სწავლებით, წმინდა და აღიარებული ის კრებებია, რომლებიც სწორად გადმოსცემენ დოგმატებს. ამასთანავე წმ. მაქსიმე უარყოფდა ცეზაროპაპისტულ ტენდენციასაც იმასთან დაკავშირებით, რომ კრებათა საყოველთაო ავტორიტეტი იმპერატორების მიერ მათი დადგენილებების რატიფიკაციაზე ყოფილიყო დამოკიდებული. -"ადრინდელი კრებები რომ იმპერატორების ბრძანების მიხედვით დამტკიცებულიყო და არა მართლმადიდებლური სარწმუნოებით, - ამბობს ის, - მაშინ ის კრებებიც იქნებოდა მიღებული რომლებიც ერთარსების სწავლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რადგან ისინიც იმპერატორების ბრძანებით იყვნენ მოწვეულნი... ყველა მათგანი, მართლაც, იმპერატორის ბრძანებისამებრ შეიკრიბა, მაგრამ ამის მიუხედავად ყველა განსჯილია მათზე დამტკიცებული მკრეხელური სწავლებების გამო".

უსაფუძვლოა რომაულ-კათოლიკური ეკესიოლოგიისა და კანონიკის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კრების აქტების აღიარება რომის ეპისკოპოსის მიერ მათ რატიფიკაციაზეა დამოკიდებული. მთავარეპისკოპოს პეტრეს(ლ'იულიე) შენიშვნით" მსოფლიო კრებაზე დამსწრე მამები არასოდეს თვლიდნენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებების ნამდვილობა რაიმე სახის შემდგომ რატიფიკაციაზე იყო დამოკიდებული... მიღებული ზომები და დადგენილებები სავალდებულო ხდებოდა კრების დამთავრებისთანავე და გადაუდებლად მიიჩნეოდა". ისტორიულად კრების მსოფლიოდ საბოლოო აღიარებას მომდევნო კრება ახდენდა ხოლმე, ხოლო მეშვიდე კრება საყოველთაოდ, კონსტანტინოპოლის 879 წლის ადგილობრივ კრებაზე გამოცხადდა.[4]

[რედაქტირება] საღვთო საიდუმლონი

მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდი ძირითადი საიდუმლო სრულდება:

[რედაქტირება] ნათლისღება

ძირითადი აქტი, რომლის ძალითაც ადამიანი ქრისტიანად ანუ ქრისტეს ეკლესიის შვილად ითვლება, არის ნათლობა, მაგრამ ნათლობის რიტუალს უძღვის კათაკმევლობის პერიოდი, რომლის განმავლობაში ახლადმოქცეული ემზადება ნათლისღებისთვის, ეცნობა ძირითად ქრისტიანულ ჭეშმარიტებებს (მოძღვრებას წმიდა სამებაზე, ეკლესიაზე და სხვ.), სწავლობს მრწამსს („მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა...“), ესწრება საკვირაო ლიტურგიას, ოღონდ არა ბოლომდე. კათაკმევლობის პერიოდის ხანგრძლივობა არ არის განსაზღვრული, ასევე განუსაზღვრელია ასაკი ადამიანისა, რომელიც ინათლება.

ნათლისღება ხდება წყალში სამგზის ჩაღრმავებით ან, თუ ამის საშუალება არ არის, წყლის სამგზის სხურებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წყალი არსად არის, ხოლო ნათლისცემა გადაუდებელია (სიკვდილის სარეცელზე), ქვიშის მეშვეობით. ნათლისცემის პრეროგატივა ეკუთვნის ხელდასხმულ მღვდელს, რომელსაც ეძლევა სამების სახელით ნათლისცემის უფლება. თუ მღვდელი არ არის, ხოლო ნათლისღება აუცილებელია (სიკვდილის სარეცელზე), ნათლობის ჩატარება შეუძლია საერო პირსაც, მაგრამ ამგვარად მონათლულის გადარჩენის შემთხვევაში მღვდელმა სრული წესით უნდა აღასრულოს ნათლისცემა. ნათლისღებისას ნათელღებული ღვთის წყალობით განიწმიდება ადრე ჩადენილი ცოდვებისგან და ამიერიდან იგი ქრისტეს ეკლესიის შვილად (წევრად) ითვლება, მაგრამ ნათელღებულმა ქრისტიანული წესით ცხოვრებით უნდა შეინარჩუნოს ეს სიწმიდე. ნათლისღება მეორედ დაბადებაა, სულიერი შობაა და იგი მხოლოდ ერთხელ ხდება ადამიანის ცხოვრებაში (მრწამსში ნათქვამია: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა...“).

[რედაქტირება] მირონცხება

წმ. მირონის ცხება ხდება ნათლობის შემდეგ, რაც ანიჭებს ნათელღებულს სულიწმიდის მეშვეობით სასიცოცხლო ძალას, სულიერ ზრდასა და განმტკიცებას ღვთის რწმენაში. მირონცხება უშუალოდ მოსდევს ნათლობას და აღიქმება ნათლობის შემადგენელ ნაწილად, თუმცა ის დამოუკიდებელი საიდუმლოა.

[რედაქტირება] ზიარება ანუ ევქარისტია

ყოველი ქრისტიანი - სამღვდელო და ერისკაცი - ეზიარება ქრისტეს ხორცსა და სისხლს პურისა და ღვინის სახით, ამით იგი მისტიკურად მონაწილეობს საიდუმლო (უკანასკნელ) სერობაში, როცა ქრისტემ გაუნაწილა მოციქულებს თავისი უკვდავი სიცოცხლე. „ესე არ ხორცი ჩემი მრავალთათვის განტეხილი მოსატევებელად ცოდვათა; სვით, ესე არს სისხლი ჩემი, მრავალთათვის დანთხეული მისატევებელად ცოდვათა“. პურისა და ღვინის გარდაარსება ქრისტეს ხორცად და სისხლად ხდება წმიდა სულის მოხმობით (ეპიკლესისი). რა სიხშირით უნდა ეზიაროს მართლმადიდებლი, არ არის განსაზღვრული.

[რედაქტირება] აღსარება(სინანულის საიდუმლო)

სინანულის საიდუმლო არის მადლმოსილი მღვდელმოქმედება, როდესაც მაცხოვრის აღთქმის თანახმად, საღვთო მოწყალებისა და ეკლესიის მწყემსის შუამდგომლობით, მორწმუნეს მიეტევება ცოდვები მათი აღიარებისა და შენანების შემდგომ.

სინანულის საიდუმლო კურნავს ადამიანის სულიერ სნეულებებს, აცილებს სულის მწიკვლს და ქრისტიანი ცოდვათა შენდობის მიღების შემდგომ ისევ უცოდველი და განწმედილი ხდება, ისეთი, როგორიც წყლიდან ამოვიდა ნათლისღების შემდგომ. ამიტომ სინანულის საიდუმლოს „სულის სამკურნალო“ ეწოდება. ნადგურდება ადამიანის დაცემისაკენ წარმმართავი, მისი გონების, გულისა და სინდისის დამაჩლუნგებელი, სულიერი ხედვის დამაბრმავებელი და ქრისტიანული ნების დამაუძლურებელი ცოდვები. ისევ აღდგება ცოცხალი კავშირი ეკლესიასა და უფალ ღმერთთან. ცოდვათა ტვირთის მოხსნით შემსუბუქებული ადამიანი ისევ სულიერად ცოცხლდება და კეთილ, ქრისტიანულ გზაზე შემდგარს ისევ ხელეწიფება განმტკიცება და სრულქმნა.

სინანულის საიდუმლო ორი ძირითადი ქმედებისაგან შედგება:

ა. ეკლესიის მწყემსის წინაშე მონანული ქრისტიანის მიერ თავისი ცოდვების აღიარება;

ბ. მღვდელმსახურის მიერ წარმოთქმული ლოცვითი ვედრება და ცოდვათაგან მონანულის განხსნა.

ამ საიდუმლოს აგრეთვე აღსარების საიდუმლოც ეწოდება (თუმცა ცოდვათა აღიარება მისი მხოლოდ პირველი, შესავალი ნაწილია), რაც სულის გულწრფელად გახსნისა და საკუთარ ცოდვათა გააზრების მნიშვნვლობას უსვამს ხაზს.

[რედაქტირება] ქორწინება

წყვილის შეუღლება რომ სულიერად კანონიერი იყოს, იგი საჭიროებს კურთხევას, რომლის პრეროგატივა ეკლესიას ეკუთვნის: მღვდელი, ეკლესიის სახელით, აკურთხებს საქორწინო გვირგვინს. რასაც ის შეკრავს, ზეცაშიც შეკრული იქნება.

[რედაქტირება] ზეთის კურთხევა

ეს საიდუმლო აღსრულდება მძიმე სნეულებაში მყოფი ქრისტიანის სულისა და სხეულის საკურნებელად და იმ ცოდვების მისატევებლად, რომლებიც უღიარებელი დარჩა სიკვდილის სარეცელზე მწოლარეს.

[რედაქტირება] მღვდლობა

საიდუმლო, რომელსაც ასრულებს მღვდელმთავარი რომელიმე პირის მიმართ, რომელიც განწესებულია საეკლესიო იერარქიის რომელიმე საფეხურისთვის (საეპისკოპოსოდ, სამღვდელოდ თუ სადიაკვნოდ). სულიწმიდის მადლით პირი სულიერად უფლებამოსილი ხდება ასწავლოს ქრისტიანული ჭეშმარიტებები, აღასრულოს საეკლესიო საიდუმლოებები და ზნეობრივად დამოძღვროს მრევლი, ქრისტეს სამწყსო.

[რედაქტირება] ეკლესია და ტაძარი

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ეკლესია.

მართლმადიდებლური მოძღვრებით, ეკლესია არის ყველა წმიდის და ცოდვილის თავშესაფარი ამ სოფელში, როგორც ნოეს კიდობანი. ეკლესია ხომალდია, რომელიც დაცურავს წუთისოფლის აბობოქრებულ ზღვაში და იფარებს თავის წიაღში მორწმუნეებს, რომელთაც თავისუფალი ნებით აირჩიეს თავიანთი ხვედრი, რათა ასულიყვნენ ხომალდში. ამიტომაც ადრექრისტიანული წარმოდგენით, ეკლესიის შენობის არსის განმსაზღვრელი ტიპი ბაზილიკაა, რომელსაც გემის ფორმა აქვს იმის ნიშნად, რომ ის მიაპობს ამაოების ტალღებს. არსად ის არ მკვიდრობს, მისი მკვიდრობა მხოლოდ გზაშია და გზას აქვს მიზანი - ღვთის სასუფეველი და თავად არის, საბოლოო აზრით, თვითმიზანი (რადგან ის დაუსრულებელია, გრძელდება სასუფეველშიც, როგორც ამას ასწავლიდა გრიგოლ ნოსელი), როგორც ქრისტე ამბობს: „მე ვარ გზა“ (გზა ეწოდებოდა ქრისტიანობას მის საწყის ხანაში).

თუ ეკლესია სადმე მკვიდრობს, ეს არის ცა, მაგრამ მას, ცის მკვიდრს, სოფელშიც ჰყავს თავისი შვილები. ამ აზრით, „ეკლესია არის მიწიერი ცა, სადაც ზეციერი ღმერთი მყოფობს და მოძრაობს“ (გერმანე კონსტანტინოპოლელი). ცაში მკვიდრობის ამ იდეას გამოხატავს ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესიები, რომელთა გუმბათი მდგრადობის, უძრაობის, თითქოს ციური გუმბათის მიწაზე გარდამოსვლისა და მასზე დავანების განცდას ბადებს. VI საუკუნიდან ბაზილიკების გუმბათებით დაგვირგვინებამ თითქოს შეაჩერა ბაზილიკახომალდის სვლა და მყარად დაამკვიდრა ერთ ადგილზე. ამით აღინიშნა დევნილებისგან თავდაღწეული და გამარჯვებული ეკლესიის სტატუსი, რაც არანაირად არ აუქმებს ეკლესიის, როგორც წუთისოფელში მსვლელი ხომალდისა იდეას. ის საძირკვლიანი სახლიც არის და ხომალდიც. თუმცა ხომალდის ცურვას თავისი საბოლოო მიზანი აქვს - სასუფეველი, რასაც ძველქრისტიანულ სიმბოლიკაში ღუზა გამოხატავს.

მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური (სახელმწიფო) რელიგია გახდა, მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დღის წესრიგში დადგა ეკლესიების მშენებლობა. შენობა ღვთისმსახურებას უნდა ყოფილიყო მისადაგებული, ამან განსაზღვრა მისი შიდა სივრცის ფორმა. მიუხედავად საეკლესიო შენობების განსხვავებებისა დროსა და სივრცეში, ეკლესიის შიდა სივრცე, ლიტურგიული საჭიროებიდან გამომდინარე, ორ ძირითად ნაწილად განიყოფება: ტერიტორია, რომელიც მრევლისთვის არის განკუთვნილი და ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია საკურთხევლისთვის. ისინი ერთმანეთისგან გამიჯნულია ტიხრით (კანკელით) იმის ნიშნად, რომ მრევლს არა აქვს უფლება შევიდეს იქ, სადაც აღესრულება საღვთო ლიტურგიის ყველაზე დიდი და წმიდა საიდუმლო (პურისა და ღვინის გარდაარსება ქრისტეს ხორცად და სისხლად).

ქრისტიანული ეკლესიის რამდენიმე ტიპი არსებობს: ბაზილიკა, ანუ სიგრძივი დაგეგმარების შენობა, რომელიც ხომალდის ასოციაციას იწვევს; ჯვარ-გუმბათიანი, გუმბათიანი ბაზილიკა; ცენტრალურ-გუმბათოვანი; წრიული (როტონდა); რვაკუთხა (ოქტოგონი) შენობები. ეკლესიის შენობა, როგორც წესი, საკურთხევლით აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, იმ მხარისკენ, საითაც, ჩვეულებრივ, მლოცველია მიპყრობილი. შენობას ადგას ჯვარი, ახლავს სამრეკლო, რომელიც მის შორიახლო შენდება. ზარი, რომლის ხმა უნდა წვდებოდეს მორწმუნეებს, ამცნობს მათ ღვთისმსახურების - წირვა-ლოცვის დაწყებას.

[რედაქტირება] წმინდანთა თაყვანისცემა

ეკლესია წმიდანებად შერაცხავს სარწმუნოებისთვის წამებულთ და ეკლესიისთვის განსაკუთრებულად ღვაწლმოსილ ადამიანებს - მათი ნეშტები თაყვანისცემის საგნებია, ისინი დაცულია ეკლესია–მონასტრებში საგანგებო ლუსკუმებში ან საკურთხევლის ტრაპეზის ქვეშ.

ქრისტიანული ეკლესიის უპირველესი წმიდანი ღვთისმშობელია, რომელიც ყოვლად წმიდად იწოდება. ღვთისმშობელი, მარადქალწული მარიამი, არის ყოველი ქრისტიანის, ვინც კი მას ლოცვისას მიმართავს, მეოხი მისი ძის წინაშე. მარიამის, როგორც ღვთისმშობლისა და მარადქალწულის, თაყვანისცემა ქრისტიანულ ეკლესიასა და საზოგადოებაში უძველესი დროიდან მოდის, მაგრამ საბოლოო დოგმატური განსაზღვრება ეფესოს კრებაზე (431 წ.) მიიღო, როგორც შედეგმა ქრისტეს ორბუნებოვნობის აღიარებისა.

მართლმადიდებლური რწმენით, წმ. მარიამი არ არის მხოლოდ საშუალება ღვთის ძის შობისა, მისი პატივი დამოუკიდებელი პატივია, როგორც ადამიანისა, რომელმაც შეგნებულად, უყოყმანო და უეჭველი რწმენით იტვირთა ეს საკაცობრიო ამოცანა, ღვთაებრივი განგების აღსრულება, ადამიანურად მძიმე, რადგან მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ მის სულში გაივლიდა მახვილი (ლუკა, 2:35), იგულისხმება მისი ძის აღსასრული ჯვარზე.

მოწამენი ისინი არიან, ვინც თავიანთი სიცოცხლით (სისხლით) დაამოწმეს ქრისტეს ჭეშმარიტება. მოწამენი დევნილების ხანიდან ჩნდებიან ეკლესიის ცხოვრებაში და მათმა მოწამებრივმა სიკვდილმა განამტკიცა რწმენაში ეკლესია. რომ არაფერი ვთქვათ რომში წამებულ მოციქულებზე (მოციქულთა თავად წოდებულებზე) პეტრესა და პავლეზე.მოწამეთა შორის გამორჩეულნი და განსაკუთრებულად ცნობილნი არიან დიდმოწამენი: ძლევამოსილი წმ. გიორგი, კაბადოკიელი მხედარი, რომელიც დიოკლეტიანეს დროს ეწამა (303 წ.) და ქალწული ბარბარე (თითქმის იმავე დროს).

წმიდანთა შორის არიან აღმსარებელნი, რომელნიც თუმცა იტანჯნენ სარწმუნოებისთვის, მაგრამ გადარჩნენ. ასეთია VI საუკუნის გამოჩენილი ღვთისმეტყველი წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომელმაც გადასახლებაში (კერძოდ, ლეჩხუმში) დაასრულა სიცოცხლე.

წმიდანები მოიხსენებიან ქრისტიანის მიერ ყოველდღიურ ლოცვებში, მლოცველი შესთხოვს მათ მეოხებას მამაღმერთისა და ქრისტეს წინაშე. არსებობენ საყოველთაო (მსოფლიო) ეკლესიის წმიდანები და ადგილობრივი ეკლესიების (საქართველოს, რუსეთის, რუმინეთის...) წმიდანები. საყოველთაო წმიდანებია: მოციქულნი, რომელთაგან უმეტესობამ მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე; ძველი აღთქმის პატრიარქები; ეკლესიის მამები და ღვთისმეტყველნი, რომელთა ღვაწლმა სიწმიდე შეუნარჩუნა ეკლესიას, რომელთა მონაწილეობით ჩამოყალიბდა და დაიხვეწა ქრისტიანული მოძღვრება.

ეკლესიის რწმენით, წმიდანთა სულიერი ძალის აქტივიზაცია განსაკუთრებით საღვთო ლიტურგიის პროცესში ხდება: ისინი უსხეულო ძალებთან (ანგელოზებთან) ერთად მონაწილეობენ ღვთისმსახურებაში, ეკლესიის კედლებიდან გადმომყურე მათი ხატები მდუმარედ ესწრებიან ლიტურგიას.

[რედაქტირება] ხატების თაყვანისცემა

მართლმადიდებელი ეკლესია წარმოუდგენელია ქრისტეს, ღვთისმშობლისა და სხვა წმიდანების ხატების გარეშე. ისევე, როგორც სახარებები სიტყვიერად გადმოსცემენ იესოს, ღმერთკაცის მიმოსვლას მიწაზე, მის მიწიერ ცხოვრებას, ასევე ხატები სახიერად წარმოგვიდგენენ მას.

ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატი და საიდუმლო, რაც, პრინციპში, ღვთის განხორციელება-განკაცების საიდუმლოა, საფუძვლად უდევს და ამართლებს ხატის არსებობას (შესაძლებლობას). ამავე დროს ხატი, თავის მხრივ, ადასტურებს განხორციელების საიდუმლოს.

ხატმობრძოლეობამ, რომელიც მთელი საუკუნენახევარი გრძელდებოდა მთელ ქრისტიანულ იმპერიაში (საქრისტიანოში), ღვთისმეტყველები აიძულა ხატებისთვის მეტაფიზიკური გამართლება მიეცათ. ხატების საზრისისა და მნიშვნელობის დასაბუთება იოანე დამასკელს (650-730) ეკუთვნის, რომელმაც პირველმა შეადგინა მართლმადიდებელი (სწორი) სარწმუნოების მოკლე კატეხიზისი. იმდენად მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი სამყაროსთვის ხატების თაყვანისცემა, რომ მისი აღდგენის თარიღი (843 წ.) მართლმადიდებლობის ზეიმის სახელწოდებით არის შესული საეკლესიო კალენდარში (აღინიშნება დიდმარხვის პირველ კვირას).

VII მსოფლიო კრებამ ამგვარად შეაფასა და გამოხატა ხატების მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება: „ჩვენ უცვლელად ვინახავთ ყველა საეკლესიო გადმოცემას, წერილობით იქნება თუ არაწერილობით. ერთ-ერთი მათგანი გვავალებს შევქმნათ ფერწერული ხატები, რადგან ეს ეთანხმება სახარებისეულ ქადაგებას, ადასტურებს, რომ ქრისტე ჭეშმარიტად და არა მოჩვენებითად განკაცდა...“

ხატი, პორტრეტისგან განსხვავებით, არ გამოხატავს ადამიანის მიწიერ მდგომარეობას ან მის ფსიქოლოგიას, თუნდაც სიღრმისეულ შინაგან სამყაროს. ხატი წარმოგვიდგენს წმიდანის განღმრთობილ სახეს სულიერი სხეულით, რომელსაც აღარ ეკარება სიკვდილის ხრწნილება. ხატი გამოხატავს წმიდანის ისეთ სახეს, როგორსაც მკვდრეთით აღმდგარი და მარადიულობას ნაზიარები ადამიანები შეიმოსავენ. ხატის სივრცეც არ არის ჩვეულებრივი, აქტუალური, სამგანზომილებიანი სივრცე, რომელშიც მოკვდავნი იმყოფებიან. მას არა აქვს უკანა პლანი, არ ჩანს სიღრმე, რაშიც რაიმე დაფარული იქნება, რაც აბსოლუტური ცოდნის განცდას ქმნის. ხატზე ყველაფერი ჩანს ერთდროულად, როგორც მარადისობაში, ანუ დრო სივრცედ არის ქცეული და ყველა დრო ერთჟამობაშია მოცემული, როგორც ერთი მარადიული წამი. ხატს არ ახასიათებს პერსპექტივა, როგორც ჩვეულებრივ ნახატს. ყველაფერი - ახლობელი და შორეული საგნები წინა პლანზეა. ხატზე არ ჩანს გარეგანი შუქის წყარო, რომელიც ჩრდილებს დააფენდა საგნებზე. ყველაფერი დაუსაბამო ღვთიურ ნათელშია განზავებული, როგორც ესაიას აქვს ნათქვამი მომავლის წინასწარმეტყველებაში: „აღარ გექნება შენ მზე დღის სინათლედ და მთვარის ნათება აღარ გაგინათებს, არამედ უფალი გეყოლება საუკუნო სინათლედ და შენი ღმერთი შენ დიდებად“ (ეს. 60:19).

ამრიგად, ხატზე გამოსახული წმიდანი და მის წინაშე მლოცველი სხვადასხვა განზომილებაში იმყოფებიან: განღმრთობილი წმიდანი სულიერად გარდაქმნილ სამყაროდან ეპასუხება მლოცველს, როგორც შუამავალი ამ წუთისოფელსა და ღვთის სასუფეველს შორის. ხატის საზრისი არის ლოცვა, ხოლო ლოცვა, თავის მხრივ, საიდუმლო რიტუალია.

ამიტომ არავითარი საერთო ხატებს რელიგიური შინაარსის მხატვრობასთან არა აქვს. ეკლესია არ უარყოფს რელიგიურ მხატვრობას, მაგრამ მას არც რაიმე მნიშვნელობას ანიჭებს ქრისტიანის რელიგიურ ცხოვრებაში, რადგან მას არანაირი კავშირი არა აქვს ლოცვასთან, არის მხოლოდ და მხოლოდ ილუსტრაცია, რომელსაც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ფუნქცია აქვს. მის უკან არავითარი მეტაფიზიკური სინამდვილე არ არის.

ჩვეულებრივ, ეკლესიის კედლები მოხატულია ძველი და ახალი აღთქმის სცენებით გარკვეული წესის მიხედვით: გუმბათზე გამოსახავენ ქრისტე პანტოკრატორს (ყოვლისმპყრობელს) გადაშლილი წიგნით ხელში განკითხვის დღეს, საკურთხევლის აფსიდზე - ღვთისმშობელს ყრმით ხელში, როგორც ხიდს მიწასა და ცას შორის, საკურთხევლის კედლების ზემო რეგისტრზე ანგელოზებს, ქვემოთ - მოციქულებს, ეკლესიის მამებს - გრიგოლ ღვთისმეტყველს, ბასილი დიდს, იოანე ოქროპირს; კანკელზე ღვთისმშობლის, ქრისტეს და მთავარანგელოზთა ხატებია განლაგებული. დასავლეთის კედელზე გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინების სცენა.

ფრესკებს არა აქვთ იგივე დანიშნულება, იგივე ღირსება, სიწმიდე და ძალა, რაც ხატებს. ისინი დამხმარე საშუალებებია წმიდა წერილის გასაგებად და გასახსენებლად. ამბობენ, ფრესკები წერაკითხვის უცოდინართა ბიბლია არისო. მართლაც, უბირი ადამიანები წარმართობის წრიდან ხატების მეშვეობით უკეთ ხვდებოდნენ განკაცების საიდუმლოებას, ვიდრე წიგნიდან. ამიტომაა, რომ ხატები და, საზოგადოდ, საეკლესიო ხელოვნება ასრულებდა მორწმუნეთა რწმენაში განმტკიცების ფუნქციას.

ხატების გარდა, ყოველ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას საერთო და თავისი სიწმიდეები (მაგ., ღვთისმშობლის ხალენი, იოანე ნათლისმცემლის მუხლისთავი), ასევე სათაყვანო წმიდა ადგილები აქვს (იერუსალიმი, სინას მთა, ათონის მთა, მცხეთა).

[რედაქტირება] საღმრთო ლიტურგია

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში გავრცელებული უამრავი სხვადასხვა ტიპის ლიტურგიებს შორის მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეს სამი სახის ლიტურგია სრულდება: იოანე ოქროპირის (მთელი წლის განმავლობაში), ბასილი დიდის (მხოლოდ დიდმარხვის კვირადღეებში) და გრიგორი რომის პაპისა პირველშეწირულის წირვის სახელწოდებით (დიდმარხვის ოთხშაბათ-პარასკევს). ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიები ერთმანეთისგან არსებითად არ განსხვავდება, მათ შორის სხვაობა მხოლოდ ზოგიერთ ლოცვაშია. პირველშეწირული ლიტურგია თავისებურია: ამ დროს არ ხდება ხორცისა და ღვინის გარდაარსება, მორწმუნენი წინა კვირას შეწირულს ეზიარებიან, რადგან დიდმარხვის ოთხშაბათ-პარასკევს ძღვენი არ შეიწირება.

უძველესი ლიტურგიებიდან იაკობის ლიტურგია აღსრულდება იერუსალიმის ეკლესიაში წელიწადში ერთხელ.

ლიტურგიის, ანუ სხვანაირად, ჟამისწირვის საბოლოო მიზანია ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარება, ანუ ევქარისტია, და იგი სამ ნაწილად განიყოფება. პირველ ნაწილში, რომელსაც პროსკომიდია (ბერძნ. „მომზადება“) ეწოდება, ხდება შემოწირული პროსფორების (საფუვრიანი პურის კვერების) კვეთა. ამ დროს იკითხება დასაწყისის და მოსამზადებელი ლოცვები. მეორე ნაწილს ეწოდება კათაკმეველთა ლიტურგია, იგი მთავრდება სამოციქულოსა და სახარების კითხვით, რასაც კათაკმეველნიც ისმენენ (ძველად უშუალოდ სახარების წაკითხვის შემდეგ მღვდელი წარმოთქვამდა ქადაგებას წაკითხულის თემაზე. ახლა ეს ნაწილი გადატანილია ლიტურგიის ბოლოს). მღვდლის ძახილზე „კათაკმეველნო, განვედით!“, კათაკმეველნი გადიან ეკლესიიდან, რადგან მათ არა აქვთ უფლება დაესწრონ მართალთა ლიტურგიას, როცა სრულდება ჟამისწირვის გადამწყვეტი საიდუმლო - კვეთილი პროსფორებისა და შემოწირული ღვინის გარდაქმნა ქრისტეს ხორცად და სისხლად. საკუთრივ ევქარისტიის საიდუმლო ქმედება (რიტუალი) იწყება „რომელნი ქერუბიმთას“ საგალობელით, რომელიც მოუწოდებს მღვდელმსახურთ აღივსონ ღვთის შიშით და დაუტეონ ყველა ამქვეყნიური ზრახვა და საზრუნავი და ქერუბიმებს (ანგელოზთა უმაღლესი დასი) მიმსგავსებულნი შეუდგნენ მსახურებას. პურისა და ღვინის საიდუმლო (უხილავი) გარდაქმნა ქრისტეს ხორცად და სისხლად ხდება საკურთხეველში სულიწმიდის მოხმობით (ეპიკლესისი).

წმიდა ნაწილს ჯერ სამღვდელონი ეზიარებიან დახურულ საკურთხეველში. შემდეგ მღვდელს წმიდა ნაწილი ბარძიმ-ფეშხუმით გამოაქვს აღსავლის კარიდან ტაძარში და აზიარებს მრევლს. ბარძიმ-ფეშხუმის წმ. ტრაპეზზე გადაბრძანების შემდეგ მღვდელი წარმოთქვამს ქადაგებას, განმარტავს რა სახარების საკითხავს და ილაპარაკებს წმიდანის ღვაწლზე, რომელსაც ახსენებს იმ დღეს ეკლესია, დამოძღვრავს მრევლს, ამთხვევინებს ჯვარზე და დაითხოვს.

მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ქმედებაში წარმოგვიდგენს ქრისტეს გზას შობიდან აღდგომამდე და მის მოძღვრებას. მისი არსის გამოსახატავად შეგვიძლია გავიმეოროთ II-III საუკუნეების ღვთისმეტყველ ირინეოს ლიონელის სიტყვები, რომ „ჩვენი მოძღვრება თანხმობაშია ევქარისტიასთან, ევქარისტია კი თავის მხრივ ადასტურებს მოძღვრებას“.

[რედაქტირება] დღესასწაულები (წლიური ციკლი)

ამ ეტაპზე მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა (იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთისა და საქართველოს ეკლესიების გამოკლებით) საღვთისმსახურო პრაქტიკაში ახალ სტილს იყენებს, მაგრამ აღდგომის თარიღს ძველი, იულიანური კალენდრით ადგენს.

საკუთრივ საეკლესიო წელიწადი იწყება 1 სექტემბერს (ახალი სტილით 14 სექტემბერს). საეკლესიო წელიწადი შედგება ყოველდღიური ღვთისმსახურებისგან და დღესასწაულებისგან. მთელი წლის განმავლობაში ეკლესია იხსენებს წმიდანებს, თითოეულ მათგანს თავისი დღე აქვს განკუთვნილი. დღესასწაულები დაწესებულია: 1) ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ხდომილებების (შობა, ნათლისღება, მირქმა, აღდგომა, ამაღლება, ფერისცვალება) აღსანიშნავად, 2) ღვთისმშობლის თაყვანსაცემად (შობა, ტაძრად მიყვანება, ხარება, მიძინება...), 3) უსხეულო ძალთა (ანგელოზთა და მთავარანგელოზთა) და 4) წმიდანთა თაყვანსაცემად, 5) ეკლესიის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტების სამახსოვროდ (სულთმოფენობა, ჯვართამაღლება, მსოფლიო კრებები და სხვა მოვლენები).

[რედაქტირება] ლოცვა

ლოცვას წმიდა მამები „ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას“ უწოდებენ, ანუ ლოცვა ქრისტიანული მოძღვრების ერთგვარი გამოხატულებაა. ლოცვა არ არის მხოლოდ მონოლოგი მლოცველისა, ლოცვაში უფლის პასუხიც მონაწილეობს. მართლმადიდებლისთვის ლოცვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი დღეში ორჯერ მაინც (დილით ადგომისას და საღამოთი, ძილის წინ) ლოცულობს ხატებისა და ანთებული სანთლის წინ. დაწესებულია ლოცვები ასევე ყოველი საქმის დაწყების წინ და დასრულების შემდეგ, საზრდელის მიღების წინ და საზრდელის მიღების შემდეგ, ტაძარში შესვლისას, ლოცვა ეფრემ ასურისა სინანულისთვის და სხვა შემთხვევებისთვის. დილის ლოცვებში მლოცველი ავედრებს იესო ქრისტეს სამოციქული ეკლესიას, ღვთივ დაცულ ერს, საეკლესიო იერარქიას, თავის მოძღვარს, თავის მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს, მოხუცებულთ და ყრმათ, დავრდომილებს, ტყვეობასა და საპყრობილეში მყოფთ, ქრისტიანობის გამო დევნილთ; მლოცველი წყალობას გამოითხოვს უფლისგან თავისი მაჭირვებლებისთვის, რომლებიც უსჯულოებას სჩადიან მის მიმართ, ევედრება მას არ დასაჯოს ისინი, არამედ მოაქციოს სიკეთისკენ. მლოცველი არ ივიწყებს მართლმადიდებლობის უარმყოფელთ და შესთხოვს უფალს, მოაქციოს ისინი. მლოცველი ლოცულობს გარდაცვლილთა სულებისთვის - მშობლები და ღვიძლი ნათესავები იქნებიან თუ ახლობელ-მეგობრები. ყოველ მლოცველს, ჩვეულებრივ, თავის შესავედრებელთა სია აქვს და მათ ჯანმრთელობას თუ სულის განათლებას შეავედრებს უფალს.

[რედაქტირება] მონასტრები და ბერმონაზვნობა


გრემი

ბერმონაზვნური და სამონასტრო ცხოვრება მართლმადიდებლობის მუდმივი თანამდევია. მისი ტრადიციულობა და ერთგულება ადრექრისტიანული ხანისადმი ამაშიც გამოიხატება.

ბერმონაზვნობის განსაკუთრებით განდეგილური სახე გამოწვეული იყო მრავალწილად იმ გარემოებით, რომელიც შეიქნა ეკლესიაში ქრისტიანობის ლეგალიზაციისა და მისთვის პრივილეგიების მინიჭების შემდეგ და, საზოგადოდ, მისი ტრიუმფის პირობებში. ჭეშმარიტ რწმენასთან ნაკლებად დაკავშირებული მოტივებით ერობა მოაწყდა ეკლესიას და სეკულარიზაციის საფრთხე შეუქმნა მას. აზრიც გავრცელდა, რომ წუთისოფელში ხსნა შეუძლებელი იყო და მორწმუნე უნდა გასცლოდა ამ სოფელს. გაჩნდა ამ წუთისოფლის ცოდვილობის გამძაფრებული განცდა.

ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, გაუჩნდა მოთხოვნილება, მიეძღვნა მთელი თავისი ცხოვრება ასკეტური და მჭვრეტელობითი მოღვაწეობისთვის განდგომილებასა და მარტომყოფობაში. ისინი ტოვებენ მშობლიურ სახლს, ქალაქს, მშობლებს, ნათესავ–მეგობრებს და უკაცრიელ ადგილებში, უდაბნოებში, გადახვეწილნი მთელ ცხოვრებას თავიანთი სულისა და ყველა ადამიანის სახსნელად ლოცვა-ვედრებაში ატარებენ. ბერმონაზვნობა რამდენიმე ტიპისაა. არიან განდეგილნი და მარტომყოფნი, დაყუდებულნი; არიან საზოგადოებებად გაერთიანებულნი, რომლებიც ემორჩილებიან სამონასტრო ცხოვრების კანონს. ასკეტიზმი აქ ნაკლებია, სამაგიეროდ, ისინი ეწევიან როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ-შემოქმედებით შრომას (ხელნაწერთა გადაწერა, ხატწერა და სხვ.), ასევე ქველმოქმედებას. დროთა ვითარებაში მონასტრები კულტურულ ცენტრებად გადაიქცა.

ადრეულ ხანაში განდეგილობა და მონასტრები ეკლესიისგან დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ თანდათან ეკლესიამ კონტროლი დაამყარა მონასტრებზე, შეუქმნა რა მათ წესდება, რომლის მიხედვითაც უნდა ეცხოვრათ და ემოღვაწათ. წუთისოფლისგან განდგომილ ბერებს უშუალო კავშირი არა აქვთ საეკლესიო იერარქიასთან, ისინი არ ეკუთვნიან სამღვდელოებას, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნებიან ნაკურთხნი მღვდლებად, რათა შეძლონ ღვთისმსახურების აღსრულება. მაგრამ მათი სტატუსი არ იცვლება: ისინი რჩებიან ე. წ. შავ სამღვდელოებად, განსხვავებით თეთრი სამღვდელოებისა, რომელიც ერში (სოფელში) მოღვაწეობს და საეროებს ემსახურება.

[რედაქტირება] ორგანიზაცია

მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზაცია ეფუძნებოდა პენტარქიის (ხუთმმართველობის) პრინციპს. მსოფლიო კრებებმა, რომლებიც პერიოდულად იმართებოდა სხვადასხვა დოგმატური და ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად, გამოავლინა ხუთი ავტორიტეტული ქალაქი, რომლებიც რომის იმპერიის მთელ ტერიტორიას მოიცავდნენ: რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი თავიანთი დიოცეზებით აერთიანებდა მთელს საქრისტიანოს. დიდი იყო რომის ეკლესიის ავტორიტეტი, როგორც იმპერიის სატახტო ქალაქისა და მოციქულთა თავთა - პეტრესა და პავლეს მოწამებრივი აღსასრულის ადგილისა. მაგრამ ეს იყო ღირსების ავტორიტეტი, როგორც პირველისა თანასწორთა შორის. ერთ-ერთ მსოფლიო კრებაზე დადგინდა, რომ კონსტანტინოპოლი, როგორც ახალი სატახტო, ახალ რომად, ხოლო მისი პატრიარქი, მსოფლიო პატრიარქად წოდებულიყო. ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი რომსა და კონსტანტინოპოლს შორის უთანხმოებას, რაც საბოლოოდ განხეთქილებაში (სქიზმაში) გადაიზარდა. უთანხმოებანი, დაწყებული IX საუკუნიდან, ძირითადად პოლიტიკურორგანიზაციული იყო, რასაც დოგმატური დაემატა.

აღმოსავლეთში ყველა ეკლესია თანასწორად ითვლებოდა. ისევე, როგორც ეკლესიის დაარსების დღეს (სულთმოფენობას) ყველა მოციქულს თანაბრად მოეფინა სულიწმიდა, ასევე გაგრძელდა, ტრადიციულად, შემდგომ: ყველა ეპისკოპოსს, რომლებიც მოციქულთა მემკვიდრეები იყვნენ, თანაბარი მადლი ჰქონდა მონიჭებული, სწორედ მადლი და არა ავტორიტეტი. ამის გამო არც ერთ ეკლესიას არ შეეძლო მეორის დამოძღვრა ჭეშმარიტებაში. თუ რამ დოგმატური გადაწყვეტილება იყო მისაღები ან დასაზუსტებელი, ყველანი იკრიბებოდნენ მოციქულთა კვალად და მიაჩნდათ, რომ მათზე კვლავ გადმოდიოდა სულიწმიდის მადლი. ეს ტრადიცია გაგრძელდა მსოფლიო საეკლესიო კრებებზეც.

ამასთან ერთად, პენტარქია, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ თანდათან დაკარგა აქტუალობა, საფუძვლად დაედო ეკლესიათა ორგანიზაციული დამოუკიდებლობის (ავტოკეფალობის) პრინციპს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ეკლესიის საზღვრები სახელმწიფოს საზღვრებს დაემთხვა, რასაც ჰქონდა და აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დამოუკიდებელი ქვეყანა - დამოუკიდებელი (ავტოკეფალური) ეკლესია, სხვანაირად რომ ვთქვათ, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერთ სახელმწიფოში გაბატონებული პოზიცია დაიკავა: გახდა სახელმწიფო რელიგია, ანუ მოექცა სახელმწიფოს (სამეფო სახლის) მეურვეობის ქვეშ. ამგვარ ვითარებაში სასიკეთო ის იყო, რომ ეკლესიამ მყუდრო თავშესაფარი პოვა ხელისუფლების ჩრდილქვეშ, რამაც შესაძლებლობა მისცა, ხელისუფლების დახმარებით, დაუბრკოლებლად დაენერგა ქრისტიანული მოძღვრება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხელი შეეწყო ეროვნული ენის, მწიგნობრობის, არქიტექტურის განვითარებისთვის. საქართველოს მაგალითზე ეს მეტად თვალსაჩინოა. რაც შეეხება ნეგატიურ მხარეს, ეკლესიის მოწყობას ნაციონალურ საფუძველზე (ერთი ხალხი - ერთი ეკლესია, ერთი ხალხის ეკლესია) მოჰყვება იმ პრინციპის დარღვევა, რომელიც პავლე მოციქულმა გამოთქვა: „უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი.... თქვენ ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოში“ (გალ. 3: 28). ეკლესიის კათოლიკეობას (როგორც მთლიანობის, ისე საყოველთაობის აზრით) უპირისპირდება ე.წ. ფილეტურობა ანუ ეკლესიის გააზრება და მოწყობა ეთნიკური პრინციპით, საბოლოო საზრისით - ბერძნული ეკლესია, ქართული ეკლესია, რუსული ეკლესია და ა.შ.

ტრადიციულად მართლმადიდებელი ქვეყნებია: საქართველო, რუსეთი, სერბეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია თხუთმეტი ავტოკეფალური და ოთხი ავტონომიური ეკლესიის იურისდიქციით დღეს მთელ მსოფლიოშია განფენილი.

[რედაქტირება] მართლმადიდებლური ეკლესიები დიპტიხის მიხედვით

ავტონომიური ეკლესიები:

[რედაქტირება] იერარქია

მართლმადიდებელ საეკლესიო სამყაროს არ ჰყავს ერთიანი მეთაური მიწიერი იერარქის (ეპისკოპოსის, პატრიარქის, პაპის) სახით. ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურები პატრიარქებია (ან მიტროპოლიტები და მთავარეპისკოპოსები), რომლებიც ორგანიზაციულად სრულიად დამოუკიდებელნი არიან და სხვა რომელიმე ეკლესიისგან ჩაურევლად მართავენ მათდამი რწმუნებულ ეკლესიას. ერთიანობა არის არა ორგანიზაციული, არამედ ევქარისტიული და დოგმატური. ეს არის ქრისტეს მოძღვრება, რომელსაც ინახავს ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. მსოფლიო პატრიარქი მხოლოდ ნომინალურად, ტრადიციის ძალით ატარებს ამ ტიტულს (როგორც ღირსებას) და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ავტორიტეტს დოგმატურ საკითხებში.

მართლმადიდებლური მოძღვრებით ეკლესიის თავია ქრისტე. საეკლესიო იერარქიის ავტორიტეტი დაფუძნებულია ეკლესიის თავის - იესო ქრისტესგან მომდინარე უწყვეტ ხელდასხმაზე მოციქულთა ხანიდან დღემდე.პირველი ეპისკოპოსები თავად მოციქულები იყვნენ. ქრისტემ ისინი მოციქულებრივი მსახურებისათვის მოიხმო, მათთან იყო სამი წლის განმავლობაში და შემდეგ მიმადლა მათ სუიწმინდა, რათა მოწაფეებს ცოდვათა მიტევება შესძლებოდათ.უფალმა წარგზავნა ისინი "ყოველთა ერთათვის" საქადაგებლად. ღმერთმა მოციქულები მახარებელ მეთევზეებად და მქადაგებლებად აქცია. გამორჩეულობისა და მისიის გამო გახდნენ ადამიანები ქრისტეს მოციქულები. წმინდა წერილში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, შეასრულა თუ არა უფალმა რაიმე წესი მოციქულებისათვის სამღვდელო მსახურების მინიჭებისას. უფალი თავად არის ეკესიის საიდუმლოებების დამაარსებელი, მაგრამ მათ არ აღასრულებს, იგი თავის ნების გამოვლენით ასრულებს იმას, რისთვისაც ეკლესიის მისტერიები არსებობს. მიუხედავად ადგილობრივი და ისტორიის განმავლობაში წარმოქმნილი განსხვავებებისა, ეკლესიის მმართველობის პრინციპი არ შეცვლილა. ეკლესიის მსახურის ხარისხი განიზომება ეკლესიის ძირითად საიდუმლო ქმედებაში - ევქარისტიაში მონაწილეობის ხარისხით.

საეკლესიო იერარქია სამ ხარისხად განიყოფება: 1. ეპისკოპოსობა, 2. მღვდლობა, 3. დიაკვნობა.წმინდა მამათა ნაშრომების მიხედვით ეს სამი საფეხური მჭიდროდ უკავშირდება სულიერი ცხოვრების სამ ეტაპს - განწმენდა, განათლება და სრულყოფა. დიონისე არეოპაგელის თხზულების მიხედვით ეპისკოპოსის ხარისხს ეწოდება სრულყოფილი და მისტიკურად სრულყოფილი, მღვდლობისას - განმანათლებელი და ნათლისკენ წარმმართველი, ხოლო დიაკვნების ხარისხს განმწმენდელი და განმარჩეველი. სამღვდელოების მსახურება ლიტურგიკული, განმანათლებლური და მსრულმყოფელია, რადგან საიდუმლოებებით მიმდინარეობს სულის განვითარება. ეს იმას ნიშნავს, რომ სამღვდელო მსახურებანი არა მხოლოდ აღესრულება, არამედ განსწმენდს, ანათლებს და სრულყოფს(განაღმრთობს) ადამიანს.[5]

ეპისკოპოსის ხარისხი არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ღირსება (ტიტული) მიენიჭება მას - მთავარეპისკოპოსის, მიტროპოლიტის (დიდი ქალაქის ეპისკოპოსი) თუ პატრიარქის (ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური). ეპისკოპოსობა საეკლესიო იერარქიის უმაღლესი საფეხურია (ხარისხია), რომლის პრეროგატივებია: ლიტურგიის აღსრულება, ეპისკოპოსების, მღვდლებისა და დიაკვნების ხელდასხმა, წმიდა მირონის კურთხევა, მირონცხების აღსრულება, ტაძრების კურთხევა და სატფურება. ეპისკოპოსები მონაწილეობენ პატრიარქის კურთხევაში. ეპისკოპოსს ემორჩილება მის საეპისკოპოსოში (ეპარქიაში) შემავალი ეკლესიები, სასწავლებლები, მონასტრები. ეპისკოპოსად კურთხევის აუცილებელი პირობაა უქორწინებლობა - ეპისკოპოსი შავი სამღვდელოებიდან უნდა იყოს, ანუ - ბერი.

მღვდელს ხელდასხმის შემდეგ ენიჭება ლიტურგიის აღსრულების, აღსარების მიღების, ცოდვათა მიტევების (ქრისტეს სახელით), ზიარების გაცემის, ნათლისცემის, წესის აგების, ქრისტიანულ ზნეობაში დამოძღვრის, ქადაგებისა და სწავლების უფლება.

დიაკვანი მღვდელმსახურების დაბალი საფეხურის წოდებაა. იგი დამოუკიდებელი ხარისხია და არ გულისხმობს მომდევნო საფეხურად მღვდლობას (როგორც ხშირად ფიქრობენ). დიაკონოს ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მომსახურეს“. დიაკვნის მოვალეობაა ემსახუროს მღვდელს ლიტურგიისა და სხვა საიდუმლოებების (ნათლობა, ქორწინება, წესის აგება...) აღსრულებაში. მას აქვს საკურთხეველში შესვლის, კვერექსების კითხვის, საკმევად საცეცხლურის ხელში პყრობის უფლება. დიაკვანს ევალება, ასევე, სამეთვალყურეო სამსახური, ეკლესიაში წესრიგისთვის თვალის დევნება.

[რედაქტირება] ქრისტიანული მართლმადიდებლური კულტურა

წარსულში მართლმადიდებლურ ხელოვნებას, როგორც გარკვეული ტიპის რელიგიური კულტურის გამოხატულებას, ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვი როგორც ელიტარულ, ისე ხალხურ ყოფაში. საუკუნეთა განმავლობაში მან ბევრი მხატვრული ძეგლი დატოვა ხელოვნების ძირითად დარგებში (ხუროთმოძღვრება, მწერლობა, ფერწერა, მუსიკა), რაც, თავისთავად, კულტურის დიდი მონაპოვარია.

მიუხედავად ამისა, დაწყებული ხუროთმოძღვრებით და მხატვრობით დამთავრებული, მართლმადიდებლური ხელოვნება თავისი არსით საკრალურია, კერძოდ, ლიტურგიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების დარგები, რომლებიც კი შეიძლება გამოყენებული იქნენ ღვთისმსახურებაში, ემსახურებიან ერთ რამეს - ღვთაებრივი სინამდვილის, ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა თუ საიდუმლოთა თვალსაჩინოებას, ლიტურგიის პროცესში მისი სიღრმეების წვდომას. არქიტექტურა ეკლესიის შენობის გარე და შიდა სივრცის მოწყობით უზრუნველყოფს ღვთისმსახურებისთვის სათანადო ატმოსფეროს შექმნას (ცის ჩამოტანას მიწაზე). ნებისმიერი ტიპის (ბაზილიკა, ჯვარგუმბათოვანი...) მართლმადიდებლური ეკლესია სხვადასხვაგვარად გამოხატავს ღვთის სახლის, განკაცების, ღვთის მიწაზე მყოფობის და, ზოგადად, მატერიის განსულიერების იდეას. ეკლესიის შიდა სივრცეში არაფერია ისეთი (ფრესკების ჩათვლით), რომელიც არ ატარებდეს სიმბოლურ მნიშვნელობას, რაც, თავისთავად, კულტურის (თუ ხელოვნების) უმაღლესი გამოხატულებაა. სიმბოლურია ლიტურგიის ყოველი ეპიზოდი, სიმბოლურია შესამოსელით შემოსილ მღვდელმსახურთა ყოველი მოქმედება, შესვლაგამოსვლა, ხმის თანაბარზომიერად ამაღლება და დაწევა. სიტყვიერ ტექსტს, რომელიც შეადგენს ლიტურგიის ლოგოსურ სხეულს, შექმნილს წმიდა წერილისა და საკრალური ტექსტებისგან, თან ახლავს გალობა, რომელსაც თითქოს (საკმევლის კვამლთან ერთად) გუმბათზე გამოსახულ ქრისტემდე მიაქვს კრებულის ლოცვა-ვედრება. სიტყვას, რომელიც ლიტურგიის გულისგულია, ენაცვლება ხატებისა და ფრესკების უსიტყვო მეტყველება, ისინი განასრულებენ სიტყვით გამოუთქმელ რეალობას.

მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო ნივთები - ეკლესიის შენობა იქნება იგი, ჭურჭელი თუ წიგნი - საკრალობით მოსილი ნივთებია, ისინი მაინც გარეგან შემკობას საჭიროებენ ისევ და ისევ მათდამი პიეტეტის ნიშნად. საეკლესიო ხელოვნება აქ იყენებს საერო გამოცდილებას: ეკლესიებს ამკობს ჩუქურთმებით, სხვადასხვა რეალურ თუ მითიურ ცხოველთა გამოსახულებებით, რომელთაც ნაკლებად ან საერთოდ არა აქვთ სიმბოლურ-რელიგიური დანიშნულება, არ გამოხატავენ რელიგიურ ჭეშმარიტებებს. წმიდა წერილის ხელნაწერები იმკობა მინიატურებით, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ილუსტრაციებია და არამც და არამც თაყვანისცემის ობიექტები, ანუ ხატები. საეკლესიო ჭურჭელი (ბარძიმი, დროშები, სამწერობლები...) მზადდება როგორც ხელოვნების ნიმუშები თავიანთი საგნობრივი და მხატვრული ფორმით. სამღვდელო შესამოსელი იქარგება ოქრომკედით, მშვენდება მცენარეული და აბსტრაქტული ორნამენტებით, რომლებიც დიდებულებას ანიჭებს მას.

საერთო მოძღვრებისა და ლიტურგიული პრაქტიკის მიუხედავად ყოველი ადგილობრივი ეკლესია თავისი კულტურული სპეციფიკით გამოირჩევა, რასაც ზოგჯერ არამარტო ეთნიკური, არამედ რელიგიური ხასიათიც აქვს.


[რედაქტირება] გალერეა

[რედაქტირება] სქოლიო

  1. / О Священном Предании, архимандрит Клеопа
  2. Священное Предание: источник Православной веры, Епископ Каллист (Уэр)
  3. "ბიბლიის ენციკლოპედია:გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოება", ISBN 99928-13-51-2
  4. "მსოფლიო საეკლესიო კრებები", თბილისი, 2009
  5. "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია", მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, თბილისი, 2010

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე