კვერნაულის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვერნაულის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვერნაულას ჩრდილოეთით, 2 კილომეტრზე, მდინარე მოლამურისხევის მარჯვენა ნაპირზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე. კოშკი გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. კოშკში შესასვლელი I სართულის დონეზეა, მიწის ზედაპირიდან 2,8 მეტრ სიმაღლეზე. კარი გარედან ტიმპანითაა დასრულებული, ხოლო შიგნით სწორკუთხაა. შიგნით, შესასვლელის თავზე, პატარა, თითქმის კვადრატული ფორმის ნიშია. მსგავსი თითო ნიშია დასავლეთი კედლის შუა ნაწილში და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით კუთხესთან. სართულის იატაკში სამეურნეო დანიშნულების ოთხი კვადრატული ორმოა. სართულის გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული. აღმოსავლეთ კედლის შუაში შემორჩენილია ხის კოჭის ნაშთი. II სართულის სამხრეთ კედელში ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში - პატარა კვადრატული ნიშები. სართულის კამაროვანი გადახურვა აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებს ეყრდნობა. სამარის სამხრეთ გვერდის აღმოსავლეთ კიდეში, III სართულზე ასასვლელი ხვრელია. III სართულის სამხრეთ კედლის შუაში ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. დანარჩენი კედლების შემორჩენილი ნაწილები ყრუა. სართულის გადახურვა ჩამოშლილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]