კართსოფლის კოშკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კართსოფლის კოშკები — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს კართსოფელში, უსახელო რუს ორივე მხარეს. შემორჩენილი ექვსი ექვსი კოშკიდან ოთხი — სოფლის აღმოსავლეთ ნაწილშია, ორი — დასავლეთისაში. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით XX საუკუნის დასაწყისისათვის, აქ 10 კოშკი მდგარა. ყველა კოშკი საგვარეულოა. განეკუთვნებიან XVII—XVIII საუკუნეებს. კოშკები გეგმით ოთხკუთხაა, ზემოთკენ შევიწროვებული. ნაგებია ფლეთილი ქვით. სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩანგრეული აქვთ.

სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილო—დასავლეთით მდგარი კოშკი (5,1x5 მ) ხუთსართულიანია. შესასვლელი პირველ სართულზე აქვს. კარი აღმოსავლეთ კედელშია გამოჭრილი, მიწიდან 2 მეტრ სიმაღლეზე. გადახურულია ნახევარწრიული თაღით, რომელიც ერთმანეთზე მიდგმულ ორ ქვაშია გამოკვეთილი. კარის წინ ქვის კიბეა. პირველი სართულის დანარჩენ კედლებში, თითო სათოფურია გაჭრილი. მეორე სართულის აღმოსავლთ და დასავლეთ კედლებში ორ—ორი სათოფურია. ჩრდილოეთით — სამი, სამხრეთით — ერთი. მესამე სართულზე, აღმოსავლეთით — ოთხი სათოფურია, დასავლეთით — ხუთი, სამხრეთით — სამი, ჩრდილოეთით — ორი. მეოთხე სართულზე, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ორ—ორი სათოფურია, დასავლეთით და სამხრეთით სამ—სამი. მეხუთე სართულზე, სათოფურების გარდა, ოთხივე კედლის ღერძზე მაშიკულისებრი თითო შვერილია, რომელთა იატაკში პატარა სათოფე ხვრელებია მოწყობილი. სართულის ხეობისკენ მიქცეული სამხრეთ კედელი, დანარჩენ კედლებთან შედარებით, დაბალია, რომლის გამოც სახურავის ქვეშ, კედლის მთელ სიგრძეზე, დარჩენილი იყო დაბალი დასაზვერავი ღიობი. ჩრდილოეთით მდებარე კედელში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია.

კოშკს სამხრეთიდან აკრავს ნატეხი ქვით ნაგები სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი. შემორჩენილია ორი სართული და მესამე სართულის მცირე ნაწილი. შესასვლელი ეზოდანაა, პირველ სართულზე. ეს სართული სამეურნეო დანიშნულებისაა; იყოფა სამ სათავსოდ. ყველაზე დიდია ბოსელი. სართულზე ხუთი სარკმელია, ხუთივე გარეთკენ მკვეთრად ვიწროვდება. მეორე სართულზე ორი ოთახია, მათგან ერთი (აღმოსავლეთით მდებარე) მოგრძოა და ორი პატარა სარკმელი აქვს.

მეორე — მოზრდილია (7x8 მ). მის სამხრეთ კედელში გაჭრილია ორი დიდი სარკმელი. კედლებში შვიდი სწორკუთხა ნიშია. მესამე სართულის დასავლეთ კედელში ბუხარი ყოფილა. ხოლო სამხრეთით — ხის ფართო და გრძელი აივანი.

აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სამხრეთ—აღმოსავლეთის კოშკიც (5,2x4,9 მ) ხუთსართულიანია. შენობის ქვედა ნაწილი ყრუა. შესასვლელი მეორე სართულზეა, დასავლეთით. კარი გადახურულია ერთმანეთზე მიდგმულ ორ ქვაში გამოკვეთილი თაღით. სათოფურები ყველა სართულზეა. დასავლეთით მიდგმულ ორ ქვაში გამოკვეთილი თაღით. სათოფურები ყველა სართულზეა. მათი რაოდენობა ზედა სართულებზე მატულობს. ყველაზე მეტი სათოფური მესამე და მეოთხე სართულზეა. მეხუთე სართულს ჩრდილოეთ—სდასავლეთის კოშკის მსავსად ოთხი მაშიკულისებრი შვერილი აქვს. კოშკის შიდა კედლებს საცხოვრებლის ელემენტები არ ახლავს.

ჩრდილოეთ—აღმოსავლეთით მდებარე კოშკისაგან, ნაწილობრივ, შემორჩენილია სამი სართული. შესასვლელი პირველ სართულზეა, სათოფურები — სამივე სართულზე. სამხრეთით მდგარი კოშკისაგან კი ყრუ კედლებიღაა შემორჩენილი.

სოფლის დასავლეთ ნაწილში არსებული კოშკებიდან ერთი უფრო მაღლა, ჩრდილოეთით დგას, მეორე კი დაბლა, სამხრეთით. ჩრდილოეთით მდგარი კოშკი გეგმით კვადრატულია, ხუთსართულიანი. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მეორე სართულის დონეზე, მიწიდან 4 მეტრ სიმაღლეზე. კარი თაღოვანია. თაღი ერთმანეთზე მიდგმულ ორ ქვაშია გამოკვეთილი. პირველი სართული დამხმარე სათავსია, ჩასასვლელი მეორე სართულის იატაკში მოწყობილი ხვრელიდან ჰქონია. პირველ სართულზე სამი სათოფურია. სათოფურები ზედა სართულების კედლებშიცაა — ზოგან ორ—ორი, ზოგან სამ—სამი, ერთგან — ოთხიც. თითო სარკმელია გაჭრილი მესამე , მეოთხე და მეხუთე სართულის კედლებში, კოშკის სართულების ფართობი იზრდება ქვემოდან ზემოთ, რაც მომდევნო სართულის კედლების სისქის შემცირებითაა მიღწეული, სართულების კედლებს შორის სისქეთა სხვაობით, სართულშუა გადახურვის დონეზე, შექმნილია პატარა საფეხური. რომელიც გამოყენებული იყო კოჭების თავების ჩამოსადებად. მსგავს საფეხურებზე იყო დაყრდნობილი დანარჩენი კოშკების სართულშუა გადახურვის კოჭებიც.

სამხრეთით მდგარი კოშკიც გეგმის კვადრატულია (5,9x5,9 მ), შემორჩენილია ოთი სართულის სიმაღლეზე. შესასვლელი მეორე სართულზეა, სამხრეთით, კარი თაღოვანია. პირველი სართული დამხმარე სათავსეა. რომელსაც ჩასასვლელი მეორე სართულის იატაკიდან ჰქონდა. მეორე და მესამე სართულის კედლებში რამდენიმე სათოფურია. მესამე სართულის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. სათოფურები მეოთხე სართულის შემორჩნილ კედლებშიცაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]