კათარზისი (სათნოების სახლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კათარზისი
შეიქმნა 31 მარტი, 1990
სტატუსი მოქმედი
ტიპი ჰუმანიტარული კავშირი
მიზანი მიუსაფარი მოხუცების დახმარება
მდებარეობა თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი № 121
ენა ქართული, ინგლისური და რუსული
ქვეყანა საქართველო
http://www.catharsis.ge

კათარზისი (სათნოების სახლი) — საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კათარზისი“ დაფუძნდა 1990 წელს. წარმოადგენს კომპლექსური დახმარების ცენტრს, სადაც თავმოყრილია ის გადაუდებელი სოციალური სამსახურები, რომლებიც აქტუალურია მოსახლეობისათვის. „კათარზისის“ ფილიალები ფუნქციონირებს საქართველოს 6 ქალაქსა და რაიონში, 1994-2009 წლებში ფუნქციონირებდა ქალაქ მოსკოვში. „კათარზისის“ დამფუძნებელია ზაურ-ოლეგ ალადაშვილი.

კათარზისის დამფუძნებელი ზაურ ოლეგ ალადაშვილი

სამსახურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათარზისში ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები:

  • სასადილო — თბილისის "კათარზისი" დღეში 310 ადამიანს აპურებს. ბენეფიციარების დაპურება ხდება პირველის ნახევრიდან 3 საათამდე. მოქმედებს სეზონური მენიუები, რომლებიც იცვლება კვირა-გამოშვებით.
  • სამედიცინო სამსახური — ემსახურება ყველა ბენეფიციარს, ვინც სარგებლობს სასადილოს მომსახურებით, აგრეთვე სოციალურად დაუცველ სხვა მოქალაქეებს. სულ სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანილ ადამიანთა რაოდენობა ათასს აჭარბებს.
  • სარეაბილიტაციო დარბაზი — ხანდაზმულებს მათი ჯანმრთელობის შესატყვის ვარჯიშებს ურჩევენ დარგის სპეციალისტები, ხოლო სათნოების ძმები ეხმარებიან ამ რეკომენდაციების სწორად შესრულებაში. მუშაობს მასაჟისტი.
  • რელაქსაციის ოთახი — რელაქსაციის ოთახში დგას უზარმაზარი, ლამაზი გალია, სადაც ტროპიკული ფრინველები ბინადრობენ.
  • კაფე „ჯული“ — აქ ხანდაზმულები საუბრობენ ფინჯან ჩაიზე, ყავაზე, აღნიშნავენ დაბადების დღეებს, მართავენ შეხვედრებს. კაფე ატარებს ორგანიზაციის ყოფილი დიზაინერის ჯული სუხიშვილის სახელს.
  • ბიბლიოთეკა — აქ შესაძლებელი კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურისა და ახალი პრესის გაცნობა.
  • მეორადი სამოსი — აქვე მუშაობს მკერავი, რომელიც ემსახურება ძირითადად ქალურ მზრუნველობას მოკლებულ მამაკაცებს.
  • ნოსტალგიის თეატრი — ნოსტალგიის თეატრი არაპროფესიონალ ხანდაზმულთა თეატრია. 1993 წლიდან დღემდე აქ 18-მდე სპექტაკლი და იუმორისტული სკეტჩი დაიდგა: "ხეიბარი თოჯინა", "ხანუმა", "სამანიშვილის დედინაცვალი", "გამოკეტილი ჭიშკარი".
  • ინტერნეტ კაფე — ხანდაზმულები აქ ეუფლებიან კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ სჭირდებათ საქმიანი მიმოწერის, ერთმანეთთან ურთიერთობისა და გართობისათვის.
  • სამლოცველო — მოხატულია ხატმწერების მერაბ ჩაკვეტაძისა და დავით ხიდაშელის მიერ. სამლოცველო აკურთხა ქართული ეკლესიის მეთაურმა ილია II-მ.
  • სასანთლე — რელიგიური რიტუალისათვის ადგილზე იწარმოება სანთელი.
  • სილამაზის სალონი —
  • სათნოების ძმები — ის სამხედროები არიან, რომლებიც „კათარზისში“ იხდიან სავალდებულო სამსახურს ალტერნატიული ფორმით. გარდა ამისა, დამკვიდრებულია მოხალისეთა შრომის გამოყენების სისტემა.
  • ხანდაზმულთა თავშესაფარი — „კათარზისში“ ფუნქციონირებს მანდილოსანთა თავშესაფარი. აქ დღეისათვის 14 ხანდაზმულის განთავსებაა შესაძლებელი.
  • სასაფლაო — ორგანიზაციას აქვს თავისი სასაფლაო მუხათგვერდის ტერიტორიაზე. დადგმულია 7 მეტრიანი ჯვარი, რომლითაც შესაძლებელია მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრა.
თბილისის "კათარზისი"

პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სადილი ყველას“ — პროექტი ხორციელდება 2002 წლიდან პროექტი განკუთვნილია ყველა მსურველისათვის, ასაკისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად. თითოეულ აქციაზე 2000-მდე ადამიანი მოდის. დღემდე სულ ასეთი 97 აქცია ჩატარდა.

„სააღდგომო-საშობაო დახმარება“ — სოციალურად დაუცველ 181 ოჯახს წელიწადში ორჯერ - შობას და აღდგომას მიეწოდება მოცულობითი დახმარება პროდუქტებით.

„მწოლიარეთა დახმარება“ — ეს არის ყოველთვიური დახმარება პროდუქტებით სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისადმი, სადაც პირველი ჯგუფის ინვალიდია. დღეისათვის ასეთი დახმარება ეწევა 26 ოჯახს.

„წლის ბებია და ბაბუა“ — საშობაო წარმოდგენა-კონკურსი წლის ბებია და წლის ბაბუა იმართება 2005 წლიდან. ხანდაზმულები ერთმანეთს ეჯიბრებიან ცეკვაში, სიმღერაში, საესტრადო ხელოვნებაში. გამარჯვებულებს ავლენს საზოგადოების ცნობილი სახეებით დაკომპლექტებული ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ სოლიდური ფულადი დახმარება და პრემიები; საჩუქრის გარეშე არცერთი მონაწილე არ რჩება.

„ბერიკაცებო, დავრგოთ ნერგები“ — 2005 წელს "კათარზისის" ხანდაზმულებმა დიდ დიღმში ქარსაცავი ზოლის შესაქმნელად 150 ძირი ცაცხვი დარგეს. ამ დროიდან მოყოლებული პერიოდულად ირგვება სხვადასხვა ოდენობის ხეები თბილისის გარეუბნებში.

„მოსკოვის გამზირის დროებითი თავშესაფარი (კარვები)“ — „კათარზისი“ მოსკოვის გამზირზე მოწყობილ 21 კარავში განთავსებულ 200-ზე მეტ უსახლკაროთა ბენეფიციარს უზრუნველყოფს ორჯერადი კვებით, საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის ნივთებით. 2013 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე სულ დახმარება გაეწია 450-ზე მეტ ადამიანს. პროექტი მიმდინარეობს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ინიციატივით და ფინანსური უზრუნველყოფით.

„კათარზისს“ საქართველოს 6 რაიონსა და ქალაქში აქვს ფილიალები, რომლებიც ასრულებენ იმავე ხასიათის სამუშაოებს, რასაც ცენტრალური ორგანიზაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]