თომა ციციშვილის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასახლის ნაშთები

თომა ციციშვილის სასახლე — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის განაპირას, აღმოსავლეთით. სამშენებლო წარწერის მიხედვით, აგებულია 1872 წელს გადაკეთებულია რამდენიმეჯერ. 1920-იან წლებიდან სხვადასხვა დროს შენობაში მოთავსებული იყო დაწყებითი სკოლა, სასოფლო საბჭო, კოლმეურნეობის კანტორა, კლუბი და მედპუნქტი. 1930 წელს სასახლის ნაწილი დაიწვა. აღდგენის შემდეგ, 1974 წლამდე შენობაში სკოლა იყო. ამჟამად გამოუყენებელია.

სასახლე ორი ნაგებობისგან შედგება: ერთი (12,5X23,5 მეტრზე) ადრინდელია, მისი ფასადი ჩრდილოეთისკენაა მიმართული, მეორე (6,6X16,3 მეტრეზე) - უფრო გვიანდელი. ნაგებობები კუთხით ერწყმის ერთმანეთს. სამხრეთით ეზოს მხარეს ორივე შენობას გაერთიანებული ღია აივანი აკრავს. სასახლე ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით, გადაკეთების დროს გამოყენებულია თანამედროვე აგური.

სასახლის ძირითად ორსართულიან შენობას, რომელსაც ჩრდილოეთით ღია აივანი აქვს, წაგრძელელებული სწორკუთხედის ფორმა აქვს. თითოეულ სართულზე ორ რიგად განლაგებული ექვსი ოთახია, რომლებიც ერთმანეთს კარებით უკავშირდება. მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ერთშრიანი კიბე II სართულის ღია აივანზე ადის. I სართულის დასავლეთ ნაწილში ვიწრო კორიდორია, რომელიც ეზოში გადის. ორივე სართულის ოთახების გრძივ კედლებში გაჭრილია ფანჯრები. კედლებში ბუხრები და ღუმლებია. მეორე, გვიანდელი ნაგებობა სამსართულიანია. I სართულზე მარანია (ამჟამად თითქმის ამოვსებულია მიწით). მარანში ჩასასვლელი გაჭრილია ჩრდილოეთით, ნაგებობის თანხვედრის კუთხესთან. მარნის გრძივ კედლებზე ოთხი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. კედლებში რამდენიმე ნიში და სარკმელია. სარკმლების ძირი შიგნიდან გარეთ მაღლდება. შენობის II და III სართული გადაკეთებულია და ერთიან წაგრძელებულ სათავსებს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელში დატანებულია საკანალიზაციო მილი.

მტკვრის ხეობისაკენ მიმართული ჩრდილოეთის ფასადი სიმეტრიულადაა დანაწევრებული ორ იარუსად განლაგებული ფანჯრებით, რომლებსაც რიყის ქვითა და აგურით ნაწყობი თაღები აქვთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]