თარგი:დღის სტატია:03-27

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რაგბი — სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით ბურთის გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში, მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში. არსებობს გადმოცემა, რომ რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის 7აპრილს. ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (საიდანაც მოდის თამაშის სახელწოდება) 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია, მართალია, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია. სინამდვილეში, მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები, რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს — Rugby-football-ს. 1863 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდებოდა, გუნდები თამაშის წინ თანხმდებოდნენ თუ რომელი წესებით ეთმაშათ. განსხვავება ის იყო, რომ რაგბიში ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი – მხოლოდ დაჭერა. 1869 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში და ხელით თამაშის მიმდევრებმა 1871 წელს დააარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წლის 27 მარტს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიც: ინგლისიშოტლანდია. ახალმა თამაშმა მალე მოიკიდა ფეხი ბრიტანეთის კუნძულებზე. ბრიტანელებმა მალე ეს თამაში მსოფლიოსაც გააცნეს.