ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110208184021/

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სულხან-საბა ორბელიანის პოლიტიკური და იურიდიული შეხედულებანი“

გვანცა გულიაშვილი

სულხან-საბა ორბელიანის პოლიტიკური და იურიდიული შეხედულებანი[წყაროს რედაქტირება]

ბევრი ჩვენგანი სულხან-საბა ორბელიანს იცნობს, როგორც XVII-XVIII საუკუნის გამოჩენილ მეიგავესა და საზოგადო მოღვაწეს,მაგრამ ის არა მხოლოდ ქართული მწერლობის მწვერვალია, არამედ დიდი პოლოტიკური ფიგურაც. ორბელიანმა თავისი მოღვაწეობის მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს კანონმდებლობისა და იურიდიული აზროვნების განვითარების საქმეში. მისმა პოლოტიკურმა და იურიდიულმა შეხედულებებმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სახელმწიფოებრივ წინსვლასა და განვითარებას.

სულხან-საბა ორბელიანი მეფის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

სულხან-საბა დიდი გავლენით სარგებლობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის ფეოდალური მონარქიის მომხრე იყო. ფეოდალური სახელმწიფოს სათავეში, სულხანის წარმოდგენით, იდგა მეფე, რომელიც ვეზირების დახმარებით განაგებდა სამეფოს. ფრიად საყურადღებოა მისი შეხედულება თავად მეფეზე: მის პიროვნებასა და დანიშნულებაზე. საბას აზრით მეფე მოსახლეობის ყველა ფენისათვის უნდა ზრუნავდეს.“ მწერლის მოსაზრების გასამყარებლად შეგვიძლია მაგალითის მოყვანა „სიბრძნე-სიცრუიდან“, როდესაც ლეონი მეფეს შემდეგი სიტყვებით მიმართვას: „ძე შენი სამეფოდ გინდა თუ მწყემსად? მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიან უგვანთა მეფეთა. მწყემსი ხამს ცხოვართათვის იჭირვებდეს, კეთილთა ბალახთა აძოვებდეს, ამოდ ატაროს, დაკოდილი შეუხვიოს და მპარავს არიდოს. ესე თუცა ვერა ჰყოს, სამწყსო შეუმცირდეს. ეგრევე მეფე ესეთი ხამს: გლახაკთა, მონათა, გლეხთა, მსახურთა, აზნაურთა, თავადთა, დიდებულთა, მეფეთა და ხელმწიფეთა წესი, რიგი, შრომა, მუშაკობა, საქმე, ვაჭრობა, სმა-ჭამა და მიცემა იცოდეს.“

საბა ფიქრობდა,რომ ტახტის მემკვიდრის სპარტანული აღზრდის წესი საჭირო იყო, რათა მომავალ მეფეს კარგად სცოდნოდა სხვათა გაჭირვება და დუხჭირი ცხოვრება. „ასეთი მეფე იქნება იდეალური. მეფობას აღარ ექნება ქვეშევრდომთა წვალების ხასიათი. მეფე არ იქნება სატრაპი, რომელიც მხოლოდ სტანჯავს თავის ხალხს... თუ მშრომელთა აჯანყებას ექნება ადგილი, მეფემ, რასაკვირველია, ის უნდა ჩააქროს. ესაა, სწორედ მისი მოვალეობა, ეს არის მეფის ხელისუფლების დანიშნულება, მაგრამ ეს აჯანყება არ უნდა იყოს გამოწვეული მეფის უმიზნო და უაზრო სისასტიკით.“(ი.სურგულაძე)

განათლებული აბსოლუტიზმი[წყაროს რედაქტირება]

როგორც ვხედავთ, გაბატონებული კლასისათვის განვითარების გარკვეულ საფეხურზე საჭიროა „განათლებული აბსოლუტიზმი.“ ჩნდება კითხვა: რა არის „განათლებული აბსოლუტიზმი“? ან შეიძლება ის საქართველოში არსებულიყო?

ი.სურგულაძის განმარტებით: „აბსოლუტიზმი მმართველობის ისეთი ფორმაა, როდესაც უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის მთლიანად და განუყოფლად მეფეს. მეფე გამოსცემს კანონებს, ნიშნავს მოხელეებს, ხარჯავს ხალხის ფულს, ხალხის წარმომადგენლობის გარეშე. აბსოლუტიზმი ცვლის წარმომადგენლობით მონარქიას და ის არის უკანასკნელი სტადია ფეოდალური სახელმწიფოსი.“

ეგრეთწოდებული „განათლებული აბსოლუტიზმი“ ყალიბდებოდა სწორედ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ეკონომიკურად იყვნენ ჩამორჩენილნი და სადაც ბურჟუაზია არ იყო ძლიერი მაგალითად: რუსეთი, ავსტრია, ესპანეთი, პორტუგალია და სხვ. „განათლებული აბსოლუტიზმისათვის“ დამახასიათებელია სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგიერთ ქვეყანაში წოდებათა სისტემის რეფორმა, საეკლესიო მიწებზე მფლობელობის რეჟიმის ცვლილება და სხვა. „საქართველოში აბსოლუტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი ე.ი. საქართველოში არ შექმნილა ისეთი ეკონომიკური ვითარება, რომლის შედეგადიც საერთოდ იქმნება აბსოლუტიზმი.“

საყურადრებოა აღინიშნოს,რომ სულხანი აბსოლუტიზმის მომხრეა, მაგრამ მას ერთი შესწორება შეაქვს ამ საკითხში: მეფე, როგორც თვითმყრობელი, ქვეყანას ვაზირების დახმარებით უნდა მართავდეს, რადგანაც მათ, როგორც გაბატონებული კლასის წარმომადგენლებს, მეფისა და ქვეყნის დაყენებაც შეუძლიათ და წახდენაც.“

სულხან-საბა ორბელიანი ქვეყნის წყობილების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

სულხან-საბა, განმანათებელი შინაარსის იდეების მიხედვით, ისწრაფოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილების გარდაქმნისაკენ. მაგრამ პირველ და ყველაზე სერიოზულ მისიას სამშობლოს განთავისუფლება წარმოადგენდა. მხოლოდ საქართველოს განთავისუფლებისა და გაერთიანების შემდეგ შეიძლებოდა ფიქრი სასურველი სახელმწიფოებრივი წყობილების შესახებ.

საბას აზრით, პოლიტიკურად დაქუცმაცებული საქართველოს გაერთიანება მხოლოდ ძლიერი მეფის ხელისუფლებას შეეძლო. „მიუხედავად იმისა,რომ სულხანი იცნობდა სახელმწიფოს მმართველობის სხვა ფორმებსაც, მას საქართველოსათვის მისაღებად აბსოლუტური მონარქია მიაჩნდა.“

საყურადღებოა, რომ სულხან-საბა თავის „მოგზაურობა ევროპაში“ მოგვითხრობს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის შესახებ. საბას გადმოცემით ჟენევაში მთავარს ანუ დუკას, როგორც მას ორბელიანი უწოდებს, ორი-სამი წლით ირჩევდნენ. ისტორიულად, ჟენევაში XVIII საუკუნეში მართლაც განსხვავებული სახელმწიფოებრივი წყობილება იყო იმ მხრივ , რომ ქალაქში მმართველობის ოლიგარქიული წესი ბატონობდა, რომელიც მოისპო 1974 წელს საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის გავლენის შედეგად.

აქედან გამომდინარე, სულხან-საბამ კარგად იცოდა, რომ მემკვიდრეობითი მონარქია არ იყო ერთადერთი სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმა.

დიპლომატიური მისიით ევროპაში[წყაროს რედაქტირება]

სულხან-საბა ხედავდა საქართველოს მძიმე მდგომარეობას; მას კარგად ესმოდა, რომ საქართველოსათვის აუცილებელი იყო ბარბაროსული გარემოცვისაგან თავის დაღწევა. მწერლის დასავლეთ ევროპაში დიპლომატიური მისიით მოგზაურობა მიზნად ისახავდა ევროპის დახმარებით საქართველოს ხსნას.

ორბელიანმა იცოდა, რომ საქართველო საკუთარი ძალებით ვერ შეძლებდა „დაჩიხულობიდან“ გამოსვლას, ამიტომ გადაწყვიტა სამშობლოს დახმარების საძებნელად ევროპაში გამგზავრებულიყო. უნაყოფო მოგზაურობის შემდეგ საბა და საქართველოს მაშინდელი მესვეურები დარწმუნდნენ, რომ დასავლეთი ევროპიდან ისინი დახმარებას ვერ მიიღებდნენ. რუსეთი კი საქართველოს თანდათანობით უახლოვდებოდა; ამიტომ ბევრი მაღალი რანგის პიროვნება დაადგა რუსეთის ორიენტაციის გზას.

ბრალის საკითხი[წყაროს რედაქტირება]

სულხან-საბა ორბელიანის იურიდიული შეხედულებანი“ თავისი შინაარსით მეტად მრავალმხრივია. ვფიქრობ,ძალზედ მნიშვნელოვანია მისი მოსაზრება ბრალის შესახებ. ეს საკითხი ყოველი ხალხის იურიდიული აზროვნების ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობისაა. ბრალის საკითხს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ადამიანთა საზოგადოების განვითარების მთელ მანძილზე, იყო პერიოდი, როდესაც ბრალი, როგორც პასუხისმგებლობის საფუძველი არ არსებობდა. კაცობრიობის განსაზღვრულ, დაბალ საფეხურზე, ბატონობდა ე.წ. ობიექტური შერაცხვის პრინციპი. რომლის მიხედვით პასუხისმგებლობისათვის საკმარისი იყო მოქმედების გარეგანი შედეგი.

ტერმინი „ ბრალი“ ცნობილი იყო უძვცელეს ქართულ წყაროებში. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით „ბრალი მცირე რამ დანაშაულია“ რასაც არ ეთანხმება ი. ჯავახიშვილი. მისი აზრით „ბრალის“ ძირითადი მნიშვნელობა დანაშაულის სიდიდეს და სიმცირეს კი არ განსაზღვრავს, არამედ ეს ტერმინი ლათინური „culpa “- ს შესატყვისი ყოფილა. (culpa- ლათ. ბრალი,დანაშაული) კანონმდებელი დანაშაულს ჰყოფს ორად: ჩადენილია ის ნებით თუ უნებურად , სურვილით თუ სურვილის გარეშე. გარდა იმისა, რომ სულხანი „ბრალს“ განმარტავს , ის ასევე გვაძლევს ცოდვის შემდგომ დახარისხებას : 1.„ცოდვა- ბუნების გარეგანი სოდომური და პირუტყუთანა“;

2.„ცოდვა-მომაკვდინებელი;-ყოველივე დიდი ცოდვა“; 3.„ ცოდვა-შემთხვევითი“; 4.„ცოდვა-შესანიღბელი, მცირე და არა მომაკვდინებელი“; 5.„ცოდვა- ჩვეულებრივი, შეჩვეული და მრავალმხრივ ნაქნარი“;

ფრიად მნიშვნელოვანია, საბასეული ცოდვის ან დანაშაულის ასეთი დაყოფა. პირველ ყოვლისა, სულხანი ცალკე გამოყოფს ისეთ ცოდვას, რომელიც მძიმეა თავისი შინაარსით. ამის საპირისპიროდ სულხანი იცნობს „მცირე“ ცოდვასაც.

სულხან-საბა ორბელიანის შეხედულებამ ბრალსა და დანაშაულზე, სამართლის სხვადასხვა ინსტიტუტზე დიდი გავლენა მოახდინა, ასევე XVIII საუკუნის საქართველოს კანონმდებლობასა და იურიდიულ აზროვნებაზე. განსაკუთრებით საინეტერესოა სულხან-საბას შეხედულება ადამიანის მოქმედებათა კლასიფიკაციის საფუძვლების შესახებ. სულხანის შეხედულება ამ საკითხზე შეჯამებული სახით შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ:

1.ადამიანს აქვს „თვითმფლობელობა“; ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია თავისი ნება-სურვილის მიხედვით ჩაიდინოს ესა თუ ის მოქმედება, ან არ ჩაიდინოს. საბას ასეთი შეხედულება ეთანხმება რელიგიას: თვითმფლობელობა, მისი განმარტებით, ადამიანს ღვთისგან აქვს მინიჭებული. ორბელიანისა და ქრისტიანული მრწამსის მიხედვით, ღმერთი ადამიანს ანიჭებს თავისუფლებას განსაზღვრული მოცულობით. ადამიანს შეუძლია წინ აღუდგეს ბოროტებას.

2.საბას შეხედულებით, ღვთის განგებით არსებობს ბედი, ბედისწერა. ადამიანი უძლურია თავის ბედს შეებრძოლოს; ის რაც ღვთის მიერ განგებულია , უსათუოდ მოხდება. ბედისწერა და ადამიანის თვითმფლობელობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ამ მხრივ სულხან-საბა ორბელიანის შეხედულებაში წინააღმდეგობაა.

3.რამდენადაც საკითხი დგას ადამიანის პასუხისმგებლობაზე თავისი მოქმედებისათვის, სულხანის აზრით, ადამიანი პასუხისმგებელია თავის მოქმედებაზე, რადგანაც მას შეუძლია შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება. ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხში საბას შეხედულება ადამიანის „ თვითმფლობელობიდან“ გამომდინარეობს.

4.ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხში სულხან-საბას შეხედულებას ემყარება.

ბრალის წინამძღვრები მოცემულია საბას შრომებში. ამასთანავე, იგი გვაძლევს დანაშაულის ისეთ განმარტებას, რომელშიც დანაშაულებრივი მოქმედების მომენტზეა ყურადღება მიქცეული.

სულხან-საბა ორბელიანის იურიდიული და პოლიტიკური მოღვაწეობა მთლიანად საქართველოსა და ქართველი ხალხის, განთავისუფლებისკენ იყო მიმართული. ქართველი ხალხისათვის მარად უკვდავი იქნება თავისი საამაყო შვილი „საქართველოს მამად“ წოდებული სულხანი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ი.სურგულაძე “სულხან-საბა ორბელიანის პოლიტიკური და იურიდიული შეხედულებანი” 1959 წ;