ვარდისუბნის აღდგომის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარდისუბანი.აღდგომის ეკლესია

ვარდისუბნის აღდგომის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვარდისუბნის სამხრეთით, დაახლოებით 1 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ირეგულარულია. გარედან კედლების ზედაპირი გასწორებულია ბათქაშით, რომელიც ქცებს შორის არსებულ არეებს ავსებს და მათი ზედაპირის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს. შიგნით ეკლესია შელესილია. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია. ჩამოშლილია სახურავის საფარი და ზედ მცენარეულობაა ამოსული. საპირე წყობის ქვების ნაწილი, ალაგ-ალაგ ჩამოცვენილია და ეკლესიის ირგვლივაა მიმოფანტული. მთლიანადაა ჩამოშლილი ლავგარდანიც.

ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს. კარის ღიობი კვადრატული აგურითაა გამოყვანილი, გადახურულია შეისრული თაღით და გარედან კედლის სიბრტყეში საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეშია ჩასმული. ეკლესიის დარბაზე მოკლეა, აღმოსავლეთით მას შეერთვის ნახევარწრიული აფსიდი, რომლის ცენტრში დაბალი, ოთკუთხა სარკმელია გაჭრილი. ერთი, თარაზულად გადახურული სარკმელი ჩრდილოეთ კედლის აღმოსაველეთ ნაწილშია. აფსიდში, სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო, მცირე ზომის, ოთკუთხა ნიშაა. მოწყობილია გრძივი კედლების აღმოსავლეთ კიდეშიც იატაკიდან 1,4 მეტრის სიმაღლეზე. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა, ერთსაფეხურიანი პილასტების წყვილითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით ორ, თანაბარ ნაწილად იყოფა. ეკლესიის ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]