ელისე წინასწარმეტყველი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელისე წინასწარმეტყველის რუსული ხატი. მე-18 საუკუნე.

ელისე (ებრ. Eliša, ʾĔlîša, אֱלִישַׁע ”ვისი მხსნელიც ღმერთია”. ბერძ. Ελισσαίος, Elisaios) - ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი. ცხოვრობდა ჩვ. წ-მდე IX საუკუნეში.

სასწაულებრივი ცხოვრება[რედაქტირება]

წინასწარმეტყველი ელისე იყო აბელ-მეოლას საფატის შვილი, ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე (1 მეფეთა 19,16-19). მას შემდგომ, რაც უფალმა ელია ცეცხლოვანი ეტლით აიტაცა ზეცად, ელისე გახდა წინასწარმეტყველთა ვაჟების („ძენი წინასწარმეტყველთანი“) წინამძღოლი. უფლისადმი უზომო სიყვარულითა და სათნოებით მან მალევე გაითქვა სახელი ისრაელში. 60 წლის მანძილზე (ჩვ. წ-მდე 892-832 წწ.) იგი ატარებდა ”ისრაელის წინასწარმეტყველის” ტიტულს (2 მეფეთა 5,8), უშიშრად ამხელდა ისრაელის მეფეების: აქაბის და იოსიას უსჯულოებასა და კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილებას.

წყლისა და ზეთის სასწაული[რედაქტირება]

ღმერთმა ელისე დიდ წინასწარმეტყველად აქცია და მრავალ სასწაულს ახდენდა მისით. ერთხელ, როდესაც ელისე ქალაქ იერიხონში იყო, ამ ქალაქის მცხოვრებნი მივიდნენ მასთან და უთხრეს: ”კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს...მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა”. მაშინ ელისემ მოითხოვა მოეტანათ ერთი ახალი თასი და შიგ ცოტაოდენი მარილი ჩაეყარათ. როდესაც თასი მოუტანეს, წყაროსთან მივიდა, შიგ მარილი ჩაყარა და თქვა, რომ უფლის სიტყვით წყალი გამოსწორდებაო.

სხვა დროს მასთან მივიდა ერთი ქვრივი ქალი ტირილით და თავისი გასაჭირი შესჩივლა. ქმრის სიკვდილის შემდეგ ქვრივი ქალი ვალებს ვეღარ იხდიდა და მევალე ორივე ვაჟის წართმევას უპირებდა მონებად. ელისემ ქვრივს ჰკითხა: ”მითხარი, რა გაქვს სახლში?” ქალმა უპასუხა: ”სახლში არაფერი აქვს შენს მხევალს, გარდა მცირეოდენი ზეთისა”. ელისემ უთხრა: წადი და ჭურჭელი ინათხოვრე ყველა მეზობლისაგან, ბევრი დააგროვე; ჩაიკეტეთ შინ შენ და შენი შვილები და ყველა ის ჭურჭელი დაავსე იმ შენი საზეთედანო.

წავიდა ქვრივი შინ და ისე გააკეთა, როგორც ელისემ უთხრა. და როდესაც ყველა ჭურჭელი გაივსო, ნახა, რომ ზეთი არ თავდებოდა პატარა დოქში. მაშინ მან შვილს უთხრა, კიდევ მომეცი სხვა ჭურჭელი, მაგრამ ცარიელი ჭურჭელი აღარ იყო. ქალმა შეამჩნია, რომ მის დოქშიც გათავდა ზეთი.

როდესაც ნათხოვარი ჭურჭელი დაავსო, ქვრივი ქალი ელისესთან მივიდა და მოუყვა მომხდარი სასწაულის შესახებ. ელისემ უთხრა მას: ”წადი, გაყიდე ზეთი და გაისტუმრე ვალი. დანარჩენით თავი ირჩინეთ შენ და შენმა შვილებმა”.

4 მეფეთა 2,19-22; 4,1-7

არამის მეფის სარდალი ნაყამანი[რედაქტირება]

არამის მეფეს შესანიშნავი სარდალი ჰყავდა, სახელად ნაყამანი. ის სახელგანთქმული და პატივდებული კაცი იყო, მაგრამ საშინელი ავადმყოფობა სჭირდა - კეთრი. ერთ-ერთ ბრძოლაში არამელებმა ტყვედ წაიყვანეს ისრაელი გოგონა, რომელიც მხევლად მისცეს ნაყამანის მეუღლეს. ამ გოგონას სწამდა ცოცხალი ღმერთი და იცოდა იმ სასწაულთა შესახებ, რომლებსაც უფალი ახდენდა ელისეს ხელით. ერთხელ მან თავის ქალბატონს უთხრა: ”ნეტავ მოსულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა კეთრისაგან”. ნაყამანმა ეს რომ გაიგო, მივიდა თავის მეფესთან და შეატყობინა, რაცა თქვა ისრაელმა ტყვე გოგნამ. მაშინ არამის მეფემ უთხრა ნაყამანს: ”წადი, წერილს გაგატან ისრაელიანთა მეფესთან”.

ნაყამანი გამოემშვიდობა ცოლს და ისრაელისაკენ გაეშურა. როდესაც ნაყამანი ისრაელინათა მეფესთან მივიდა, წერილი გადასცა, რომელშიც ეწერა: ”ამ წერილთან ერთად გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისაგან”. წერილი მეფემ წაიკითხა, ტანსაცმელი დაიპო და იყვირა: ”ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, რომ მითვლის კეთრისაგან განმიკურნე ეს კაციო? იცოდეთ, შემოჩენილია იგი და მიზეზს ეძებს”.

როდესაც ეს ამბავი ელისემ გაიგო, მსახური გაუგზავნა მეფეს და შეუთვალა: რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან და დარწმუნდეს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში”.

4 მეფეთა 5,1-8

ელისე უარს ამბობს ნაყამანის საჩუქარზე. პიტერ დე გრებერის ნამუშევარი.

ნაყამანი ეტლით მივიდა ელისეს სახლთან და ჭიშკართან გაჩერდა. ელისემ მსახური გაუგზავნა და დააბარა: ”წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და განწმედილი იქნები”. ნაყამანმა ეს რომ მოისმინა, განრისხდა: ”აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღვთის სახელს ახსენებს, ადგილზე დამადებს ხელს და კეთრისაგან განმკურნავს-მეთქი. განა დამასკის მდინარენი აბანა და ფარფარი ისრაელის მთელს მდინარეებს არა სჯობია? განა იქ ვერ ვიბანებ და ვერ განვიწმიდები?” და გატრიალდა ის და წავიდა ბრაზმორეული.

მაშინ მასთან მივიდნენ მისი მონები და უთხრეს: ”ჩვენო მამავ, საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უფრო, როდესაც გეუბნება: იბანე და განიწმიდებიო”. ამის შემდეგ დათანხმდა ნაყამანი წინასწარმეტყველის სიტყვის მიხედვით მოქცეულიყო: წავიდა მდინარე იორდანეზე, შვიდჯერ გაებანა და განიწმიდა მისი სხეული და პატარა ბავშვის სხეულს დაემგვანა”.

ნაყამანი დაბრუნდა ღვთის კაცთან და უთხრა: ”აჰა, დავრწმუნდი, რომ მთელ ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ახლა მიიღე საჩუქარი შენი მსახურისაგან”. მაგრამ ელისემ უარი თქვა მის საჩუქარზე. წასვლის წინ ნაყამანმა აღუთქვა ელისეს, რომ ამიერიდან იგი სხვა ღმერთებს აღარ შესწირავდა სრულადდასაწველ მსხვერპლს, გარდა უფლისა.

ასე მიიყვანა ნაყამანი პატარა გოგნას უბრალო დამოწმებამ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთთან.

4 მეფეთა 5,9-17

დაბრმავებული დამპყრობნი[რედაქტირება]

არამისა და ისრაელიანთა ომის დროს ელისე ატყობინებდა ისრაელიანთა მეფეს არამის ჯარების განლაგების ადგილ-სამყოფელს, რადგან უფალი უცხადებდა ამას, ამიტომაც ისრაელიანები გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდნენ. არამის მეფე ძლიერ იყო შეძრწუნებული, იგი ფიქრობდა, რომ მის მებრძოლთა შორის ერია გამცემი, რომელიც ისრაელიანთ ატყობინებდა მათს სამხედრო საიდუმლოებას. მაგრამ ერთა მისმა მსახურმა უთხრა: ”არავინ არის გამცემი ჩვენს შორის, მეფე-ბატონო, ელისე, ისრაელის წინასწარმეტყველი ატყობინებს ისრაელიანთა მეფეს ყოველს სიტყვას, რასაც შენს საწოლ ოთახში ლაპარაკობ”.

მეფემ ბრძანა გაეგოთ, რომელ ქალაქში ცხოვრობდა ელისე, რათა ტყვედ წამოეყვანათ იგი. როდესაც გაიგო, დიდძალი ჯარი გაგზავნა იქ, ღამით მივიდა და ქალაქს ალყა შემოარტყა. როდესაც არამელნი მიადგნენ ელისეს, მან უფლის მიმართ ლოცვა აღავლინა და შესთხოვა: ”დააბრმავე ეს ხალხი”. და მანაც დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვით. ელისემ დაბრმავებული არამელნი იქიდან წაიყვანა და ქალაქ სამარიას მიაყენა, რომელიც მაშინ ჩრდილოეთ ისრაელის დედაქალაქი იყო. როდესაც ისინი სამარიაში მივიდნენ, ელისემ თქვა: ”უფალო! აუხილე თვალნი ამათ, რათა დაინახონ”. აუხილა უფალმა მათ თვალები და დაინახეს, რომ შუა სამარიაში არიან. და უთხრა ისრაელიანთა მეფემ ელისეს, როდესაც ისინი დაინახა: ”დავხოცო ისინი, მამაო?” ელისემ კი უთხრა; ”არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი. ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ”. და გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. ამის მეტად აღარ შემოსულან ისრაელიანთა ქვეყანაში არამელები.

ღვთის სიტყვა გვასწავლის არა შურისძიებას, არამედ კეთილის ქნას და მტრების სიყვარულს: ”თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი”. ”გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით”. ”სძლიე ბოროტს კეთილით”.

4 მეფეთა 6,8-23; იგავნი 25,21; მათე 5,44; რომაელთა 12,21

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საბავშვო ბიბლია, გვ.198-204

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]