დორეთკარის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დორეთკარის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დორეთკარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ზურგიანი კოშკი სწორი კედლით ორიენტირებულია მდინარისაკენ. ნაგებია ადგილობრივი წარმოშობის სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით - დუღაბზე. პირველი სართული მაღლა იწყება მიწის ზედაპირიდან 3,5 მეტრზე. ამ სართულის იატაკქვეშ უჯრედებად დაყოფილი სარდაფია. ამ მცირე სათავსების კედლები შელესილია და ზემოდან ლორფინებით იფარებოდა. მათ იყენებდნენ როგორც წყლისა და სანოვაგის შესანახად, ისე საბრძოლო მასალებისათვის. სარდაფის ზემოთ ექვსი სართულია. პირველ სართულს მხოლოდ მოზრდილი არქიტრავული კარი აქვს, ზედა სართულებს კი, სარკმლები. მესამე და მეოთხე სართულებს ვიწრო და მაღალი სარკმლები აქვს, მეხუთეს კი განიერი. მეექვსე სართულის ზედა ნაწილი მორღვეულია და არ ჩანს მისი გადაწყვეტა. ხის კოჭოვანი სართულშუა გადახურვა ჩამონგრეულია. კოშკის კედლების სისქე ზურგის მხარეს თითქმის სამი მეტრია, დანარჩენი სამისა კი, ორ მეტრს უახლოვდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 54