გეოფიზიკური ობსერვატორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეოფიზიკური ობსერვატორია ასევე მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორია — ლაბორატორიული იარაღებით და გამომთვლელი მანქანებით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, სადაც სისტემატურად მიმდინარეობს ამინდზე დაკვირვება და ცალკეული ტერიტორიების კლიმატური დახასიათება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა ტერიტორიებისა და აკვატორიების მაგნიტური აგეგმვის პროცესში მაგნიტური ობსერვატორიების მიერ მოპოვებული მონაცემების საფუძველზე დგებოდა სხვადასხვა ტერიტორიებისა და ზღვების ზუსტი მაგნიტური რუკები, რომელთა გარეშე შეუძლებელი იყო საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მიზნებისათვის კომპასის ჩვენების სწორად გამოყენება.

XIX საუკუნე გეოფიზიკურ მეცნიერებათა ისტორიაში უწყვეტი, სისტემური და სრულფასოვანი მაგნიტური დაკვირვებით აღინიშნა. ეს იყო ხანა, როდესაც დედამიწის მაგნეტიზმს, მეტეოროლოგიას და დედამიწის შემსწავლელ სხვა დარგებს ფართო მასშტაბით ჩაეყარათ საფუძველი. დედამიწის კვლევის ასეთი ერთსულოვანი იმპულსი XIX საუკუნის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანწილად ემადლიერება დიდი გერმანელი მეცნიერის, ბუნებისმეტყველის, გეოლოგისა და გეოგრაფის ალექსანდრ ფონ ჰუმბოლტის შრომებს. აღიარებულია ისიც, რომ ჰუმბოლტის იდეას ეყრდნობოდა ინგლისის, რუსეთის იმპერიისა და ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოების მიერ მაგნიტური ობსერვატორიების ფართო ქსელის დაარსებაც დედამიწის ზურგზე.

ალექსანდრე ჰუმბოლტის აზრით მაგნიტური დაკვირვებები წინასწარ განსაზღვრულ დროს უნდა ჩატარებულიყო ერთმანეთთან დაშორებულ ობსერვატორიებში, რომელთაც იგი მაგნიტურ სახლებს უწოდებდა.

დედამიწის კვლევის ამ ერთიანი სისტემის ნაწილს თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიაც წარმოადგენდა, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში, 1830-იან წლებში ჩაისახა და 1844 წლიდან მსოფლიო ობსერვატორიათა ერთიან სისტემაში გაერთიანდა. ამ წელს მან სისტემური, სრულფასოვანი მაგნიტური და მეტეოროლოგიური დაკვირვებები დაიწყო. ამით საფუძველი ჩაეყარა კლიმატურ გამოკვლევებსაც, რომლებმაც ბოლო დროს განსაკუთრებული აქტივობა შიძინა გლობალური კლიმატის ცვლილების პრობლემასთან დაკავშირებით.

მსოფლიოს მრავალი ობსერვატორიის მსგავსად, თბილისის მაგნიტური ობსერვატორიაც, როგორც ცნობილია, საკმაოდ დიდ სივრცეს ემსახურებოდა, კერძოდ, რუსეთის იმპერიის სამხრეთ ნაწილს, მთელ კავკასიას და მათ მიმდებარე კასპიის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის აკვატორიებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. მანია, „თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია“, თბ., 2010