გდუს სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გდუს სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ გდუში, „საფერშეთის“ ხეობა. აგებულია IX-X საუკუნეებში.

სასაფლაოზე მდებარე ეკლესია დიდი ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით აქვს ნახევარწრიული აბსიდი, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სამხრეთით ერთი სწორკუთხა ნიშაა. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი შირიმის კაპიტელებს ეყრდნობა, კაპიტელებს თარო-ლავგარდანის ფორმა აქვს. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით.

ეკლესიის გრძივი კედლები პილასტრების მეშვეობით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრები სრულდება კაპიტელებით, რომელსაც კამარის საბრჯენი თაღები ეყრდნობოდა. კამარა ამჟამად ჩამონგრეულია.

სამხრეთ კედელში მოთავსებულია დიდი ზომის თაღოვანი ნიშა. იმის გამო, რომ ინტერიერში მიწის დონე საგრძნობლადაა აწეული, სამხრეთი შესასვლელი თაღის მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა. დასავლეთ კედელზე სარკმლის კვალი შეინიშნება.

ჩრდილოეთ კედელში, აბსიდის მხართან მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. ამავე კედელში გაჭრილია შიგნით თაღოვანი - გარეთ არქიტრავული შესასვლელი, რომელიც მინაშენს უკავშირდება. მინაშენი გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, მის აღმოსავლეთ კედელში სარკმელია მოთავსებული, ხოლო სამხრეთით ერთი ნიშა. მინაშენის კედლების სიმაღლე 1,5-2 მეტრს აღწევს.

ეკლესიას ასეთივე მინაშენი სამხრეთიდანაც ჰქონდა. მინაშენის კედლები თითქმის ჩამონგრეულია. იკითხება მხოლოდ გეგმა, რომელიც ასევე სწორკუთხაა.

მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში მიწის დონე აწეულია, ინტერიერი მაინც აზიდულია.

ირგვლივ ტერიტორია ჩახერგილია ჩამონაშალი ქვით. ეკლესია დაზიანებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 35-36