ბოჭორმის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოჭორმის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფელ იყალთოს ზემოთ, 1 კმ-ზე, სამონასტრო კომპლექსის სამხრეთით, 100-150 მ მანძილზე ტყეში. თარიღდება გარდამავალი ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,64 X 4,6 მ). აქვს თანადროული მინაშენი, რომელიც მას ჩრდილოეთიდან, მთელ სიგრძეზე გასდევს. შენობა, ძირითადად, ნატეხი ქვითაა ნაგები,ალაგ-ალაგ გამოყენებულია რიყის ქვა და შირიმი. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას ჩრდილოეთიდან, მინაშენიდან აქვს. ეკლესიის შიდა სივრცე ვიწროა და მაღალი. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ცენტრში, თაღოვანი სარკმელი, გვერდებში კი თითო, სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. საკურთხეველი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდი გადახურულია კონქით. კონქის თაღი ოდნავ თაღისებრი ფორმისაა, დაყრდნობილია აფსიდის მხრების დამაგვირგვინებელ, შირიმის მარტივ იმპოსტებზე. აფსიდის კედელზე , სარკმლის ქვემოთ, ოთხკუთხა ტრაპეზია მიდგმული. დასავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია. დარბაზი ცილინდრული კამარითაა დახურული. მინაშენი ვიწროა, აღმოსავლეთით დასრულებულია ხალისებრი აფსიდით, რომლის ზედა ნაწილი და გადახურვა ჩამონგრეულია. მინაშენის დანარჩენი კედლები, დაახლოებით 1,5 მ სიმაღლეზე დგას. შესასვლელი შენობის ჩრდილოეთიდან ჰქონდა (შემორჩენილია აღოსავლეთს წირთხლის ნაწილი) აფსიდის შუაში თაღოვანი სარკმელია, რომელსაც გარეთა ნაწილი, მთელ სიმაღლეზე მონგრეული აქვს. აფსიდში დგას მოზრდილი ტრაპეზი. ფასადები სადაა, წყობა არაწესიერი. ორივე სარკმლის თაღი ერთ მთლიან, მომწვანო ფერის ქვაშია გამოკვეთილი. მათ შორის აღმოსავლეთ სარკმლის ქვაზე შემორჩენილია ასოთმთავრულით შესრულებული, ძლიერ დაზიანებული წარწერა, რომელიც ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„ქრისტე შეიწყალე გიორგი“

1930 წლებში ეკლესია შეაკეთეს და იგი ღარისებრი კრამიტით გადახურეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]