ახალგორის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალგორის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ხუროთმოძღვრული ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ძირითადად ქართული აგურითაა ნაგები, ხოლო შემავსებელ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა. დარბაზული ეკლესია გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია, რომელიც აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლით სრულდება. საკურთხევლის სამივე კედელში გაჭრილია თაღოვანი სარკმლები. სწორკუთხა საკურთხევლიდან წახნაგოვან კონქზე გადასვლა ტრომპების საშუალებით ხორციელდება. აბსიდის ჩრდილოეთ მხარეს ერთი თაღოვანი და ერთი სწორკუთხა ნიშაა. სატრიუმფო თაღი კედელშია ჩაძირული. საკურთხევლის იატაკი ოთხი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკზე. გრძივი კედლები წყვილი პილასტრებით სამ ნაწილად იყოფა. შეისრული კამარის საბრჯენი თაღები პროფილირებულ იმპოსტებს ეყრდნობა. პილასტრებზე გადადის კედლის თაღები. შიდა სივრცე ნათდება დასავლეთის ორი თაღოვანი და ერთი სწორკუთხა, ჩრდილოეთის სამი და სამხრეთის ერთი სწორკუთხა სარკმელით. დასავლეთი შესასვლელი შეისრულთაღოვანია, ხოლო სამხრეთისა არქიტრავული. სამხრეთი შესასვლელი და სარკმელი ამოშენებულია. იატაკი მოპირკეთებულია ქართული აგურით.

ეკლესიის დასავლეთ ფასადში ჩატანებულია მოჩუქურთმებული ქვის კვადრები აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ერთ-ერთ კვადრზე, ჯვრის ზედა კუთხეებში მარაოსებრი ორნამენტია. კვადრი მოჩარჩოებულია გეომეტრიული წნულით. აყვავებული ჯვრის გამოსახლებაა მეორე კვადრზეც, ხოლო გვერდებზე შემორჩენილია წარწერის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის ფასადის ზედა ნაწილში, აგურის წყობაში ჩაძირულია ტოლმკლავა ჯვარი. საბურავად გამოყენებული კრამიტი თითქმის მთლიანად ჩამოყრილია. სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებს საპირე ქვა შემოცლილი აქვს. კედლები ბევრ ადგილას დაბზარულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 14