ალექსანდრე (იერუსალიმის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე – იერუსალიმელი პატრიარქი

ალექსანდრეიერუსალიმის პატრიარქი (213-251); მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 12 დეკემბერი, ახალი სტილით - 25 დეკემბერი. იგი წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელის (გ. დაახლ. 217) მოწაფე იყო. III საუკუნის დასაწყისში იგი კაბადოკიის ფლაბიის ეპისკოპოსად აირჩიეს. სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც სამი წელი დაჰყო. განთავისუფლების შემდეგ უფლის რჩეული იერუსალიმში გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად, სადაც 212 წელს პატრიარქ ნარცისის თანამოსაყდრედ აირჩიეს. ეს ძველი ეკლესიის პრაქტიკაში მეტად იშვიათი შემთხვევა იყო. ჯერ პატრიარქის თანამოსაყდრე, შემდეგ კი პატრიარქად ხელდასხმული წმინდა ალექსანდრე 38 წელი მართავდა ეკლესიას და ფრიად დაშვრა სამწყსოს ქრისტიანული განათლებისათვის. უფლის რჩეულმა იერუსალიმში ქრისტიანი მწერლების თხზულებათა მდიდარი ბიბლიოთეკა შექმნა. იგი იმპერატორ დეციუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს გარდაიცვალა საპყრობილეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.