აზერბაიჯანელები საქართველოში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აზერბაიჯანელები საქართველოში დაახლოებით 7%-ს შეადგენენ, მათი საერთო რაოდენობის 19,2% ქალაქად ცხოვრობს, დანარჩენი — სოფლად. მათ საქართველოში ჩამოსახლების თავისებური ისტორია და ადაპტაციის მეტად რთული გზა განვლეს.

ისტორია[რედაქტირება]

ადრე შუა საუკუნეები[რედაქტირება]

ადრეულ შუა საუკუნეებში თურქულენოვანი ტომების საქართველოში შემოსვლისა და დამკვიდრების შესახებ ცნობები არ მოიპოვება, მაგრამ მათი მოძრაობა მეზობელ სომხეთსა და ალბანეთში მიგვანიშნებს, რომ მეტ-ნაკლები ინტენსივობით მსგავს პროცესებს საქართველოშიც უნდა ჰქონოდა ადგილი. ზოგიერთი აზერბაიჯანელი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ თურქულენოვანი ტომები (ბუნთურქები, საბირები) კავკასიაში და, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე ძვ. წ. IV საუკუნიდან ჩნდებიან, მაგრამ ეს მოსაზრებები ჯერ კიდევ ჰიპოთეზის დონეზე რჩებიან.

განვითარებული შუა საუკუნეები[რედაქტირება]

თურქთა პირველი მასობრივი შემოსვლა-დამკვიდრება აღმოსავლეთ საქართველოში «დიდ თურქობას» უკავშირდება. ამიერკავკასიაში თურქ-სელჩუკები XI საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდნენ. მეფე გიორგი II-ის ხანაში (1072-1089) დაიწყო «დიდი თურქობა». იქიდან მოკიდებული სელჩუკები ყოველ წელიწადს მოდიოდნენ, უკან იშვიათად ბრუნდებოდნენ და აქვე სახლდებოდნენ. მომთაბარეთა ჩამოსახლება უფრო და უფრო ინტენსიურ ხასიათს ღებულობდა. დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) მიერ ჩამოსახლებული ყივჩაყები ასევე თურქული მოდგმისა იყვნენ, მაგრამ მოგვიანებით მათი უმეტესობა კვლავ ჩრდილო კავკასიაში გაბრუნდა, ხოლო მეორე ნაწილი გაქართველდა.

გვიანი შუა საუკუნეები[რედაქტირება]

აზერბაიჯანელი ხალიჩის გამყიდველები ძველ თბილისში. 1900 წ.

XIII-XV საუკუნეები[რედაქტირება]

XIII-XV საუკუნეებში თურქული მოსახლეობის შემოსვლა გრძელდებოდა, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. გეოგრაფიული მდებარეობისა და პოლიტიკური ვითარების გამო მომთაბარეთა მეურნეობას საქართველოში ისეთი მყარი საფუძველი არ გააჩნდა როგორც მეზობელ ალბანეთსა და სომხეთში, თუმცა მათი მცირე ჯგუფები აქაც შემოდიოდნენ და მკვიდრდებოდნენ. ისე რომ, საზღვრისპირა რაიონებში გიორგი ბრწყინვალის გამეფებისას (1314-1346) თურქმენებს კომპაქტური დასახლებებიც ჰქონდათ.

თურქმანთა შემდგომი მატება კავკასიაში თემურლენგის ლაშქრობებს (1370-1405) უკავშირდება. თემურმა კავკასიელ მთიელთა გამუსლიმების მიზნით «ელნი მაჰმადიანნი» დაასახლა ჩრდილო-კავკასიაში. საქართველოში თემურლენგის მიერ ელების ჩამოსახლების შესახებ პირდაპირი ცნობები არ არსებობს, მაგრამ ცნობილია პირობა რომლის მიხედვითაც ქართველ მეფეს აქ მცხოვრები მუსლიმების შევიწროება ეკრძალებოდა.

XV-XVII საუკუნეები[რედაქტირება]

XV-XVI საუკუნეებიდან მახლობელ აღმოსავლეთში მომხდარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების შედეგად აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყო ჯერ სომხების, ხოლო მოგვიანებით თურქმენული მოდგმის (ქართული წყაროებით — თათართა) ტომების ჩამოსახლება, მაგრამ XVII საუკუნემდე მომთაბარე თურქმენების ჩამოსახლებასა და დამკვიდრებას ძირითადად ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა და ისინი ადვილად ახერხებდნენ ქართულ მოსახლეობასთან ინტეგრაციას. XVII საუკუნის დამდეგს შაჰ-აბას პირველმა ქართლის მეფე გიორგის საჩუქარი მოსთხოვა, სანაცვლოდ კი ირანში რამდენიმე სოფელი და 300 თუმანი შესთავაზა. შაჰმა «ნაჩუქარ» მიწაზე ლორეს სახანო შექმნა, იქ ბორჩალოს მუსლიმი ტომები ჩამოასახლა და აღჯაყალის ციხისთავს დაუქვემდებარა. ვახუშტი ბაგრატიონი მოგვითხრობს: როდესაც შაჰ-აბასმა წაართვა აღჯაყალად წოდებული ციხე (თეთრი ციხე) მეფე გიორგის (1600-1605 წწ.), "მან მოიყვანა ელნი ბორჩალუ და დასხნა აქა, და ამით ეწოდა ბორჩალუ". ლორის ხანად გამუსლიმებული ქართველი ფეოდალი დანიშნეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს ტერიტორიაზე ტოპონიმი «ბორჩალო» არსად გვხვდება.

შაჰ-აბასმა ქართლის ანალოგიური პოლიტიკა გაატარა კახეთშიც. მან კახეთის მეფისაგან კაკენისელი იჩუქა და მომთაბარეთა ჩასახლება დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა აყარა და ირანში გადაასახლა, კაკენისელის სასულთნოში კი წახურელებმა დაიწყეს ჩამოსახლება. თურქმენული მოდგმის ტომების დამკვიდრების შემდეგ აქტუალური გახდა ელის საკითხი. ვახტანგ VI-ის «დასტურლამალის» «ელის დებულებაში» ჩამოთვლილია ქართლისა და კახეთის ყიზილბაშური თემები, რომლებიც ტომთა დაშლა-დანაწევრების შედეგად წარმოქმნილან, ესენია: ჯავანშირი, ქეშალუ, ნაჯბადილუ, არანლუ, დემურჩი, ჰასანლუ, აჰმადლუ, ხიალუ და ა.შ. ისინი ცენტრალურ და სამხრეთ ირანიდან შემოვიდნენ და აქედან მასობრივად გასახლებული ადგილობრივი მოსახლეობის ადგილებზე დაფუძნდნენ.

ვახტანგ VI-ის «დასტურლამალში» საკანონმდებლო ნორმა «ელის დებულებით» განსაზღვრავდა თურქმენული მოსახლეობის უფლება-მოვალეობებს. მისთვის სრულიად უცხო სამეურნეო და ფისკალურ სისტემასთან შეგუება მომთაბარე ელ მოსახლეობას ძალზე უჭირდა. ვახტანგ მეფე ცდილობდა საკანონმდებლო საფუძველი შეექმნა ქართულ სამეფოში მათი ინტეგრირებისათვის.

XVIII საუკუნე[რედაქტირება]

თურქმენთა მიგრაცია XVIII საუკუნეშიც გრძელდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში ჩამოსახლდა ჰასანლუს ტომის ერთი ნაწილი. ისინი ძირითადად კახეთში (თელავთან 5 სოფელში) და ქვემო ქართლში (დღევანდელი მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში) დანაწილდნენ, ცხოვრობდნენ სოფ. კესალოში, ყაფანახჩში, ილმაზუში, ნაზარ-ლუსა და სარფანში. ამ ხანებში ელებმა გააფართოვეს საცხოვრისი, გადალახეს მათთვის მიჩენილი საზღვრები და ახალი მიწები აითვისეს. სომხითში შულავერამდე მისულან, ხოლო ნასიბუს ტომმა დმანისის ხეობაში შეაღწია, ქცია-ხრამის ხეობების გაყოლებით აღმოსავლეთისაკენ წავიდა და მდინარე მტკვრის გაღმა მხარეზე ლილოებსა და ყარაიის მდიდარ საძოვრებს მოეკიდა.

ერეკლე II-ის მეფობისას, პაპუნა ორბელიანის ცნობის თანახმად, «ქორონიკონს უმე დაიცალა საბარათაშვილო, სომხითი, ორბელიანთ მამული და ზოგი გავიდა კახეთს, ზოგი ავიდნენ ზემო ქართლში და საერისთაოებში». სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება XVIII საუკუნეში ერეკლე II-ის მიერ ეთნიკურად არაქართველების მეშვეობით გაუკაცრიელებული მიწების შევსების მცდელობა. XVIII საუკუნის შუა წლებში ერეკლე II-ს მუღანის ველიდან გადმოუსახლებია სპარსელებისაგან შევიწროებული 250 თურქმენული ოჯახი, მათგან შეიქმნა სოფლები: მუღანლო, ყაფანახჩი და ყიზილ-ჰაჯილი, რომლებიც დღეს მარნეულის რაიონში მდებარეობენ. ქართლ-კახეთის მეფე მუდმივად აკვირდებოდა მიგრანტებს და არ აძლევდა მათ ქვეყნიდან წასვლის საშუალებას. 1755 წელს მან უკან დააბრუნა ერევნის სახანოსა და ყარა სუზე გადასახლებული ბორჩალოელები. 1756 წელს სამცხეში საიალაღოდ მდგომმა ელებმა გადაწყვიტეს ირანში წასვლა. მათ ყაზახის მომთაბარეებიც შეუერთდნენ. ერეკლე მეფე ყაიყულში დაეწია მათ, უკან დააბრუნა ისინი, განდგომილ ელთა მეთაურებიდან მძევლები აიყვანა, ხოლო ხალხი სოღანლუღს დააყენა. ელებს სამცხის ფაშისათვის მიყენებული ზარალი აანაზღაურებინა, შემდეგ კი ძველ საცხოვრებლებზე დააბრუნა, 1760 წელს ფანა ხანის დამარცხების შემდეგ ერეკლემ ყარაბაღსა და ნახჩევანში (ეს მხარეები მაშინ ირანს ექვემდებარებოდა) გადასახლებულთა დასაბრუნებლად ჯარი გააგზავნა, ააყრევინა ისინი და უკან დააბრუნა. მოგვიანებით ქვემო ქართლის ელების ერთი ნაწილი, თარაქამები, ალი-ბეგმა გადაიბირა ახალციხის საფაშოში დასასახლებლად (ეს იყო სამცხეში მომთაბარე თურქმენთა მასობრივად ჩასახლების პირველი შემთხვევა). ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII-მ ხონთქართან იჩივლა მათი უკან დაბრუნების მოთხოვნით. ფორმალურად სულთანს არ ჰქონდა უფლება არ დაეკმაყოფილებინა ქართველი მეფის კანონიერი მოთხოვნა, ამიტომ თარაქამები ქართლის საზღვრის გაყოლებით დაასახლა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სამცხეში ისევ გადავიდნენ ყაზახ-შამშადილუდან თურქმენები თავიანთი ჯოგებიანად, ისინი ახალციხის ფაშამ გადასახადებისაგან გაათავისუფლა და სამხედრო საქმე დაავალა.

პირველ ხანებში ჩამოსახლებულები მხოლოდ ირანის შაჰს ექვემდებარებოდნენ და მათ ქართლის სამეფოს აღწერებისას არ აფიქსირებდნენ, მაგრამ მოგვიანებით, ყიზილბაშობის განლევის კვალობაზე, თანდათანობით, ისინიც ქართულ ფეოდალურ სისტემაში შეერწყნენ. 1721 წლის აღწერაში შეტანილი არ არის ბამბაკის და ბედრუჯის მხარეები, ლორის, ყაიყულისა და ელის რაიონები. ბამბაკ-ბედრუჯის მხარეები ბორჩალოს ხანის საბატონო იყო, ცალკე იყო ლორეს სახანოც, ამ ორ სახანოს, როგორც ვასალურ ერთეულებს ცალკე აღწერა უტარდებოდათ. «დასტურლამალის» თანახმად კი ელის აღწერა, სამხედრო და ფისკალური მიზნებით, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, მაშინ, როდესაც ქართლის სამეფოს აღწერა 7 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. მეფეზე იყო დამოკიდებული ელის კაცთა გათარხნება, მის მიერვე იყო დადგენილი სახელმწიფო გადასახადები. ელებისათვის დიდხანს შეუთავსებელი აღმოჩნდა მკვიდრი ცხოვრების წესი. ცნობილია მათი გაპარვისა და მასობრივი გაქცევის უამრავი შემთხვევა. «დასტურლამალში» ელის 76 თაბუნია მოცემული. იასე ლორთქიფანიძემ 28 თაბუნის საცხოვრებელი ადგილის დაზუსტება შეძლო, აქე-დან — 3 ალგეთში, 6 — ქციის ხეობაში, 13 — მდინარე მტკვრის გაღმა მხარეს, 5 — სომხითში, 1 კი დმანისის ხეობაში მდებარეობდა.

საქართველოში ჩამოსახლებული ყიზილბაშების სოციალური ორგანიზაცია საკმაოდ დაბალ საფეხურზე იდგა. მომთაბარეები თაბუნებად სახლდებოდნენ, თაბუნი ტომის მეთაურს ან მეფის მოხელეს ემორჩილებოდა. ქართლში ისინი ჯერ მდინარეების — ქციისა და ალგეთის ხეობებში ჩამოსახლდნენ. თავდაპირველად, შექმნილი ლორის სახანოს კვალდაკვალ, ქვემო ქართლში გაჩნდა ბორჩალოს, ბამბაკის, ბაიდრის, შურა-გელის სახანოები. ყიზილბაშურმა ტომებმა სეფიანთა სახელმწიფოს სხვადასხვა კუთხეში სამომთაბარეოდ მიიღეს მიწები, რის გამოც კიდევ უფრო დანაწევრდნენ. ერთი შინაარსის მქონე ტერმინები — თურქულ-აზერბაიჯანული «იღ», არაბული «ტაიფა» და მონღოლური «აიმაკი» — ყიზილბაშებში ხან ტომს აღნიშნავდა, ხან მის ნაწილს. ეს მომთაბარე ტომები (მონღოლური და თურქმენული) უფრო ადრე, XIII-XV საუკუნეებში, პოლიტიკურ გაერთიანებებსაც არ წარმოადგენდნენ, მათი ერთობა უნდა დამყარებოდა უფრო სისხლით ნათესაობასა და საერთო წინაპრიდან წარმოშობის პრინციპს. ეს იყო ადრინდელი (ფეოდალიზმამდელი) გვაროვნულ ტომთა დაჯგუფებები. უკვე ჩინგის ხანის დროს ისინი სხვადასხვა გვარისაგან შედგებოდნენ, რომელთაც საერთო წინაპარი ჰყავდათ. სეფიანთა ხანაში «აიმაკი», «ილ», «ტაიფა» აღნიშნავდა მომთაბარეთა გაერთიანებებს, რომლებიც არამარტო სხვადასხვა გვარის, არამედ სხვადასხვა ტომის წარმომადგენლებისაგან შედგებოდნენ, რაც მათ ტომის ელფერს აძლევდა. ამის მაგალითია XVI საუკუნეში თურქმენული და ქურთული ტომებისაგან ხელოვნურად შექმნილი «ოტუზ იქის» გაერთიანება, რომლის ხელმძღვანელად ჯევანშირის ტომი ითვლებოდა. მოგვიანებით, ეს გაერთიანება საქართველოში შემოასახლეს. ელები ნაჯბადინამდე განსახლდნენ. ეს მხარე მარნეულის რაიონში მდებარეობს, საქართველოს სასაზღვრო მხარეს წარმოადგენს და იქ ამჟამადაც თურქმენული წარმომავლობის მოსახლეობა ჭარბობს, თუმცა თავად მარნეულში ვახუშტი ბატონიშვილი ელის მოსახლეობას არ იხსენიებს. ყულარად წოდებული ელები ცხოვრობდნენ მდინარე ქციისა და შულავრის წყლის შესართავთან, რაც დღევანდელ ტოპონიმიკაშიც არის ასახული (სოფ. ყულარი). ელებით იყო დასახლებული მდინარე მტკვრისა და ალგეთის შესართავი იაღლუჯის მთამდე.

მეფის რუსეთის ოკუპაციის ხანა[რედაქტირება]

აზერბაიჯანელი წყლის მზიდავი საქართველოდან

ქართულ მიწებზე მომთაბარე ელების დამკვიდრებას დიდ ყურადღებას აქცევდა რუსული მმართველობა. მოხელეები ყოველნაირად აფერხებდნენ წინარე სამშობლოში მათ გადასახლებას. თუმცა ეს პროცესი მაინც მიმდინარეობდა. XIX საუკუნის დამდეგს ბორჩალოს მოურავის მოხსენების თანახმად, მთელი სოფელი ნაჯბადილუ აიყარა. ელების აყრა-გაქცევამ იმ ხანებში იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა გარკვეულ პირებზე თვალთვალი დაეწესებინა. უნდა აღინიშნოს, რომ ცარისტული ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებდა ამ პროცესს. 1816 წელს ყარსის ყარაფაფახელთა და 15 სომხური ოჯახის ბორჩალოს დისტანციაში ჩამოსახლებით დასრულდა მარკიზ პაულიჩის წარმომადგენელ ლისანოვიჩისა და ყარაფაფახ აბულ აღა აბდალ-ოღლის რამდენიმეწლიანი მოლაპარაკება. მთავრობამ ნება დართო ადგილობრივ მმართველობას უკანვე მიეღო აქედან წასულები. 1824 წელს შამშადილუში დამკვიდრდნენ წინათ ყარაბაღსა და ერევანში გაქცეული ელები.

1865 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 51,5 აზერბაიჯანელი; 1886 წელს - 62,6; 1897 წელს - 81,1.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა[რედაქტირება]

საბჭოთა ოკუპაციის ხანა[რედაქტირება]

ამის შემდეგ ჩვენ გაგვაჩნია 1926 წლის აღწერის მონაცემები, რომლის მიხედვით საქართველოში იყო 143,951 აზერბაიჯანელი; 1939 წლის აღწერით კი 187,621; 1959 წელს - 153,6; 1970 წელს - 217,8; 1979 - 255,7; 1989 წელს - 307,5.

აზერბაიჯანელი მოსახლეობა შედარებით ნელა იმატებდა რევოლუციამდელ პერიოდში და ომამდელი ხუთწლედების მანძილზე. რაც შეეხება გასული საუკუნის მეორე ნახევარს, ამ პერიოდში კი აზერბაიჯანელების რაოდენობა ძალზე დაჩქარებულად იზრდება, უსწრებს რა მატების ტემპებით საქართველოს მოსახლეობის ყველა დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელთა რიცხოვნობა იზრდება მთლიანად ბუნებრივი მატების შედეგად. ამ მაჩვენებლით ისინი ბევრად უსწრებენ წინ საშუალო რესპუბლიკურ მონაცემს. საკმარისია აღინიშნოს, რომ 20 წლის მანძილზე (1959-1979წწ.) საქართველოს მთელი მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 24%-ით, აზერბაიჯანელების კი 66%-ით, ანუ მათი საშუალო წლიური ზრდა შეადგენდა 2,66%-ს. ეს მაშინ, როცა აღნიშნულ პერიოდში გარე მიგრაციულ პროცესებს აზერბაიჯანელებს შორის, მართალია სუსტად გამოსახული, მაგრამ მაინც უარყოფითი სალდო ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ არ ხდება აზერბაიჯანელების ასიმილაცია სხვა ხალხებთან.

რუსებისა და სომხებისაგან განსხვავებით, საქართველოში დამკვიდრებული აზერბაიჯანელების მეტი ნაწილი სოფლად ცხოვრობს. 1970 წელს რესპუბლიკის ქალაქებში ცხოვრობდა მათი საერთო რაოდენობის 18,2%. 1979წ. თბილისში ცხოვრობდა 12,9 ათასი აზერბაიჯანელი, რუსთავში - 7,4 ათასი. აზერბაიჯანელები შეადგენდნენ ქვემო ქართლის სოფლის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს (მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის რაიონებში). მათი განსახლების მეორე არეალია კახეთი - საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის რაიონების ტერიტორია. აზერბაიჯანული სოფლები არსებობს შიდა ქართლში - კასპის, მცხეთის და ქარელის რაიონებში, აგრეთვე თრიალეთში და თეთრიწყაროს რაიონში. რესპუბლიკის დანარჩენ რეგიონებში აზერბაიჯანელების რაოდენობა შედარებით უმნიშვნელოა.

დამახასიათებელია, რომ საქართველოში ბევრად მეტია მათი რაოდენობა, ვინც დედაენად აზერბაიჯანულს აღიარებს, ვიდრე თვით ამ ეროვნების მოსახლეობა. თურქეთიდან ჩამოსახლებული დაახლოებით 27 ათასი ბერძენი დედაენად თვლის აზერბაიჯანულს. თურქების გარემოცვაში ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხოვრების შედეგად ბერძნების ამ ნაწილმა, რომლებსაც ურუმებს უწოდებდნენ და ამჟამად თრიალეთში ცხოვრობენ, დაკარგა თავისი ენა და შეითვისა აზერბნაიჯანული.

დამოუკიდებელი საქართველო[რედაქტირება]

ბოლო 2002 წლის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 284,761 აზერბაიჯანელი, მათ შორის თბილისში - 10,942.

დანარჩენი არაქართველი მოსახლეობისაგან, აზერბაიჯანელებს შორის XIX-XXსს. არ ჰქონია ადგილი მნიშვნელოვან მიგრაციას. მხოლოდ უკანასკნელ ხანებში მიდის მათი ახალგაზრდობა მეზობელი აზერბაიჯანის ქალაქებში (უპირატესად ბაქოში) უმაღლესი განათლების მისაღებად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ეთნოსები საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, თბილისი, 2008
  • კომახია მ., საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობა, ტომი 1,№2, საქართველოს გაეროს ასოციაცია, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, 2003
  • Комахиа М., Азербайджанцы Грузии: проблемы гражданской интеграции, Центральная Азия и Кавказ,№5 (35), 2004

სქოლიო[რედაქტირება]