ადამის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადამის ხიდი (რამას ხიდი, რამა სატუ ) -კირქვის პატარა კუნძულებისა და წყალქვეშა ამაღლებების 48 კმ სიგრძის ჯაჭვი პამბანის (რამესვარამის) კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს (ინდოეთი, ტამილნადუ) და შრი-ლანკის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროს შორის. გეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად ხიდი ყოფილი სახმელეთო კავშირია ინდოეთსა და შრი-ლანკას შორის [1]. ხიდის ზოგიერთი ნაწილი მშრალია, ხოლო ზღვა იშვიათად აღემატება 1 მეტრს სიღრმეში, რაც ხელს უშლის ნავიგაციას. წერილობითი წყაროების თანახმად XV საუკუნემდე მასზე ფეხით გასვლაც იყო შესაძლებელი, შემდეგ არხი გააღრმავეს. რამშვარამის ტაძრის ჩანაწერებში ნათქვამია, რომ ადამის ხიდი მთლიანად ზღვის დონის ზემოთ იყო, სანამ ის ციკლონმა არ გატეხა 1480 წელს [2].

წარმოქმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდის წარმოქმნის ზუსტი მიზეზები უცნობია, არსებობს სხვადასხვა ვერსია. XIX საუკუნეში არსებობდა ორი ვერსია: პირველის თანახმად ხიდი მიწის ამაღლებამ შექმნა, მეორეს მიხედვით - შრი-ლანკას გამოყოფამ ინდოეთიდან. დღეს ერთ-ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ მიწის ამაღლების თეორიისთვის მტკიცებულებები არასაკმარისია. ბევრს სჯერა ხიდის ზებუნებრივი წარმოშობის.

სეთუსამუდრამის სავაჭრო არხის პროექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის მთავრობამ შექმნა ცხრა კომიტეტი დამოუკიდებლობის მოპოვებამდე და ხუთი კომიტეტი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სეთუსამუდრამის არხის პროექტის საკითხზე. მაშინდელი პროექტების უმეტესობა გულისხმობდა მიწისზედა გადასასვლელებს რამსვარამის კუნძულზე და არცერთს არ უხსენებია ადამის ხიდში გასასვლელს. 1956 წელს სეთუსამუდრამის საპროექტო კომიტეტმა ასევე დაჟინებით ურჩია კავშირის მთავრობას გამოიყენოს სახმელეთო გადასასვლელი ადამის ხიდის გაჭრის ნაცვლად სახმელეთო გადასასვლელის რამდენიმე უპირატესობის გამო. [3]

2005 წელს ინდოეთის მთავრობამ დაამტკიცა სეთუსამედრამიის სავაჭრო არხის მრავალმილიონიანი პროექტი. პროექტი მიზნად ისახავს გემებისთვის არხის შექმნას ფოკის სრუტის გასწვრივ დანჰუსკოდის მახლობლად. სავარაუდოდ, არხი 400 კილომეტრზე მეტს (გადაზიდვის თითქმის 30 საათი) მოჭრის მარშრუტს შრი-ლანკას გასწვრივ. პროექტი გულისხმობს ადამის ხიდის გადაჭრასს, რის გამოც მას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა - ინდუისტური მოსახლეობისთვის რამა სეტუ რელიგიური მნიშვნელობა აქვს როგორც "რამაიანას" სიუჟეტის ნაწილს.[4][მკვდარი ბმული] 2020 წლის მდგომარეობით პროექტი არ განხორციელებულა.

ლეგენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდურ კულტურაში და რელიგიაში რამდენიმე ლეგენდა არსებობს ხიდის ზებუნებრივ წარმოშობაზე. ინდუისტური ეპოსის, "რამაიანას" თანახმად, ლანკას (შრი-ლანკას) დემონთა მეფემ რაიანამ რამას ცოლი სიტა მოიტაცა და წაიყვანა ლანკაპურაში - ამით მან შური იძია რამაზე და მის ძმაზე ლახშმანზე რაიანას დის (შურპანახაას) ცხვირის მოჭრისთვის. შურპანახა სიტას მოკვლით და შეჭმით ემუქრებოდა, თუ რამა მის ნაცვლად შურპანახაზე არ დაქორწინდებოდა. სიტას გადასარჩენად რამას ლანკაში გადასვლა სჭირდებოდა. ბრაჰმამ შექმნა ვანარების (მეომარი მაიმუნები) ჯარი რამას დასახმარებლად. ნილას ხელმძღვანელობით და ნალას საინჟინრო გეგმით ვანარებმა ხუთ დღეში ააგეს ხიდი ლანკაში.

არცერთი "რამაიანას" ადრეული ვერსია არ იძლევა პირდაპირ გეოგრაფიულ მინიშნებას, რომ ლანკაპურა იგივე შრი-ლანკაა. რამაიანას ვერსიებმა შრი-ლანკას მიაღწია მეექვსე საუკუნეში, მაგრამ შრი-ლანკის იდენტიფიკაცია რაიანას სამფლობელოსთან პირველად აღნიშნულია სამხრეთ ინდოეთის მერვე საუკუნის წარწერებში. პროფესორი ს.მ. რამასამის (ბარათიდასანის უნივერსიტეტი) ამტკიცებს, რომ "პლაჟების ნახშირბადის ასაკი მიახლოებით ემთხვევა "რამაიანას" დაწერის თარიღებს და მათ შორის კავშირი შესწავლილი უნდა იყოს".

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]