ქორქაულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქორქაულაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

არსულში ქორქაულა მაღლარების სახით ფართოდ ყოფილა გავრცელებული შუა და ზემო აჭარაში (ქედა, ხულო). ძირითადად ყურძნად მოიხმარდნენ ან შესქელებულ ყურძნის წვენს (ბაქმაზს) ამზადებდნენ.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და დიდი ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია, მხოლოდ ძარღვების გასწვრივ გასდევს უმნიშვნელო შებუსვა. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ განტოტვილი, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი. შავია, საკმაოდ სქელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანია.

ქორქაულა ძლიერი ზრდისა და საშუალოზე უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 200 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 160-168 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-9.5 გ/ლ-ს.

საკმაოდ ხარისხიანი ჯიშია. გამოიყენება სასუფრე ყურძნად, ინახება მთელი ზამთრის განმავლობაში. მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 388