ფაცხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფაცხა — სამეურნეო დანიშნულების ან საცხოვრებელი ნაგებობა. უძველესი დროიდან (დამოწმებულია ენეოლითის ეპოქაში, ტრიპოლიეს კულტურა) გავრცელებული იყო თიხით გაგოზილი წნულკედლიანი და მიწისიატაკიანი ფაცხა ტრადიციულად ჩანს საქართველოშიც — დღემდე შემონახულია მისი ნაირსახეობები, განსაკუთრებით კოლხეთში. აქ გავრცელებულია მისი 2 ვარიანტი:

1. წრიულგეგმიანი, საცხოვრებელი ან სამეურნეო ფაცხა, საცხოვრებელი ფაცხა უფრო დიდი მოცულობის იყო და გუმბათისებური გადახურვა ჰქონდა, ხოლო შედარებით მცირე ზომის სამეურნეო ფაცხებს კონუსურად ხურავდნენ. გადასახურავ მასალად გამოყენებულია ისლი ან ჩალა.

2. სწორკუთხოვანი ფაცხა, რომელიც წრიული ფაცხისგან განვითარდა. გარდამავალ ფორმებს შემორჩა წრიულობის ნიშნები. მისი წარმოქმნა განაპირობა წრიული ფართობის მოუხერხებლობამ დანაწევრებისა ან მომატებისათვის. მართი კუთხეებით აგებულ ერთგანყოფილებიან ფაცხას წინ ან ირგვლივ აივანი აქვს. ფაცხის გვერდზე დამატებითი ნაგებობების მიშენების გზით შეიქმნა ანფილადური ტიპის წნულკედლიანი ნაგებობა, ხოლო ხის დასამუშვებელი იარაღების გაუმჯობესების შემდეგ ხის საძირკველზე გამართული დგარულ-კოჭოვანი ფაცხა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]