სანტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Sante GMT Products
ტიპი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
დაფუძნდა 1997 წელი
დამაარსებელი ჯი ემ თი ჯგუფი
სათავო ოფისი თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ
პროდუქცია რძის პროდუქტები
მფლობელი Lactalis
თანამშრომელი 500
საიტი www.sante.ge

შპს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ — რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. დაარსდა 1997 წელს თბილისის რძის კომბინატის ბაზაზე, რომელიც ფუნქციონირებდა 1950-იან წლებში და ამიერკავკასიაში უდიდესი რძის საწარმო იყო. თავდაპირველად ქარხანა თბილისის ცენტრში მდებარეობდა, 1960-იან წლებში კი დღევანდელ ტერიტორიაზე გადაინაცვლა.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლების განმავლობაში სანტემ საქართველოში ჩამოაყალიბა თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით რძის პროდუქტების სწრაფ მიწოდებას. სანტე 21 წლის განმავლობაში ახორციელებს ინვესტიციებს საწარმოო ხაზების განვითარებასა და განახლებაში. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდოია სანტეს 130 დასახელების პროდუქტი.[2]

2016 წლიდან კომპანია „სანტე“ მსოფლიო რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერის Lactalis-ის  ჯგუფის წევრი გახდა, რომელიც ცნობილია ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა: President, Galbani, Parmalat და რომელიც 200-ზე მეტ საწარმოს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით. მას შემდეგ, რაც სანტე Lactalis- ჯგუფის წევრი გახდა, საწარმო ხელახლა განახლდა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რამაც გზა გაუხსნა ისეთი პროდუქციის წარმოებას, როგორიცაა, მაგალითად, ლოკო მოკოს რძის პროდუქტების საბავშვო ხაზი; დაბრუნდა დასალევი მაწონი, რითაც შეიქმნა სრულიად ახალი კატეგორია.[3]

კომპანიის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანტეს პროდუქცია

ქარხნის სრული ტერიტორია 8 ჰექტარია, რომელზეც განთავსებულია საწარმო და ლოჯისტიკურ-ადმინისტრაციული ოფისი. საწარმო შედგება ყველის, რძემჟავას, ხაჭოს, ტკბილი ხაზისა და სააპარატო საამქროებისაგან. გარდა ამისა - რძის მიმღების, ლაბორატორიისა და ხარისხის სამსახურისაგან. კომპანია იყენებს წარმოების ჩაკეტილ ტიპს (პერსონალის კონტაქტი პროდუქციასთან მინიმუმამდეა დაყვანილი) და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესებს.

ტექნოლოგიებში, აღჭურვილობასა და შესაფუთ მასალებში სანტეს პარტნიორები არიან მსოფლიოში ხარისხით ცნობილი კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: შვედეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი და ბულგარეთი.

სანტეს აქვს 15-მდე რძის შემგროვებელი პუნქტი ქვეყნის მასშტაბით. ეს პუნქტები მდებარეობს: ყვარელში, თელეთში, დედოფლისწყაროში, აბაშაში, მარტვილში, წალკაში, გამარჯვებაში, ლაგოდეხში, იყალთოში, გომარეთში, ყარაბულახში, ოროზმანში, იმერაში, ავრანლოში, თაქილში, იყალთოში[4][5]

კომერციული განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მასშტაბით კომპანია დაახლოებით 8000 ობიექტს ემსახურება. ამ ობიექტებს ამარაგებს 70 მაცივარ-მანქანით. გარდა ამისა, საქართველოში 5 ბაზაა, სადაც ყოველდღიურად იგზავნება სანტეს პროდუქტი. თითოეული საწყობი და მანქანა აღჭურვილია GPS სისტემით, რომლის საშუალებითაც 24 საათის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია იქ არსებული ტემპერატურული რეჟიმებისა და მანქანის მოძრაობის კონტროლი. ქსელი წარმოდგენილია 1500 საფირმო მაცივრით.

პროდუქტის მიღების პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რძის ჩაბარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღესდღეობით სანტე თანამშრომლობს 2000-მდე ფერმერთან. 2017 წელს სანტეს მიერ გადამუშავებულმა რძის რაოდენობამ 12 მილიონი ლიტრი შეადგინა. ფერმერს მოეთხოვება საქონლის ჯანმრთელობისა და აცრის ცნობები. გარდა ამისა, კომპანია თავად უტარებს ყოველწლიურ კვლევებს იმ ძროხებს, რომელთა რძეც მოგვიანებით სანტეს პროდუქტებისთვის უნდა გადამუშავდეს.

პროდუქციის ხარისხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანტეს პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა. რძის ჩაბარებისას უმკაცრესად კონტროლდება მისი ხარისხი და პარამეტრები. ნედლეული მოწმდება წყლის, ცხიმისა და ცილის მაჩვენებლებზე. ხოლო მისი დამზადების პროცესში თითქმის არ გამოიყენება კონსერვანტები. სანტეს პროდუქცია მზადდება გენმოდიფიცირებული დანამატების გარეშე.

რძის გადამუშავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რძე მოწმდება ალკოჰოლურ სინჯზე. ასევე სპეციალური დანადგარის - ლაქტოსკანის მეშვეობით მასში განისაზღვრება ცხიმისა და ცილის დაარქივებული 2019-07-10 საიტზე Wayback Machine. შემცველობა. ამის შემდეგ რძე თავსდება გამაცივებელში, სადაც ტემპერატურა  დაახლოებით 2 გრადუსამდე მცირდება. შემდეგ სპეციალური რძისმზიდების საშუალებით ყოველდღიურად სანტეში გადააქვთ. აუცილებელია, ტრანსპორტირებისას რძის შენახვის პირობების დაცვა. ქარხანაში ნედლეული  დამატებით მოწმდება საწარმოს ლაბორატორიაში, სადაც უკვე განისაზღვრება მისი მიკრობიოლოგიური მონაცემები და თუ ის არ შეესაბამება საწარმოო სტანდარტებს - არ მიიღება.

კომპანიაში დანერგილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად წარმოების პროცესში პროდუქტი არაერთ ლაბორატორიულ შემოწმებას გადის. მოწმდება ყველა გამოსაყენებელი ნედლეული. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულს ჰქონდეს ხარისხის სერტიფიკატი. ნედლ რძეს გამოყენებამდე ამოწმებენ მიკრობიოლოგიურად ანტიბიოტიკებზე, თერმომდგრადობაზე, მჟავიანობაზე, სიმკვრივეზე, ცხიმისა და ცილის შემცველობაზე. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ქართული კანონმდებლობით. გარდა ამისა, არის შიდა დამატებითი მოთხოვნები. რძე მოწმდება წყლის შემცველობაზე. მხოლოდ ამ ეტაპების შემდეგ გამოიყენება წარმოებაში. შუალედური პროდუქტი კიდევ რამდენიმე საფეხურს გადის - მოწმდება შესაფუთი მასალები, რომლებიც გადაეცემა საწარმოს გამოსაყენებლად. რაც შეეხება მზა პროდუქტს, ისიც საბოლოო ლაბორატორიული დასკვნის შემდეგ ეშვება ქსელში სარეალიზაციოდ. კომპანიას აქვს სტრეს-ოთახები, სადაც შექმნილია მაღაზიის პირობების იმიტაცია პროდუქტზე დასაკვირვებლად. დანერგილია ხარისხის კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომლითაც კონტროლდება წარმოების ზემოქმედება ბუნებაზე, რათა არ დაბინძურდეს გარემო.

წარმოების პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაბორატორიაში შემოწმების შემდეგ ძირითადი პროცესებია სეპარაცია და პასტერიზაცია. სეპარაციისას რძე იწმინდება ბაქტერიების დაახლოებით 90%-ისგან შესაბამისი აპარატით. სპოროვანი ფორმის მიკროორგანიზმები რძეს უფრო ადვილად სცილდება, ვიდრე ვეგეტატიური ფორმის მიკრობები. ეს აიხსნება მათი მაღალი სიმკვრივით. ცალკეული სახის მიკროორგანიზმების (მათ შორის პათოგენურის, რომლის სიმკვრივე შეესაბამება რძის სიმკვრივეს) მოცილება სეპარატორით შეუძლებელია. ამიტომ საჭიროა, რომ სეპარატორით ბაქტერიების მოცილების შემდეგ რძეს გაუკეთდეს პასტერიზება. პასტერიზაცია 2 ეტაპისაგან შედგება - პირველადი და ძირითადი. პირველადი პასტერიზაცია გულისხმობს რძის, როგორც ნედლეულის დამუშავებას. ხოლო ძირითადი პასტერიზაციის დროს მუშავდება უშუალოდ პროდუქტი. ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპებია, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის უსაფრთხოებას. ამ პროცესებში მინიმუმამდეა დაყვანილი ადამიანის ჩარევა. ეს არის დახურული სისტემა და რეცხვის თანამედროვე სისტემებთან ერთად იძლევა სისუფთავისა და ხარისხის გარანტიას. განახლების პროცესში ბევრ სხვა სიახლესთან ერთად დაინერგა ულტრაფილტრაციის პროცესი, რომლის საშუალებითაც იზრდება პროდუქტის კვებითი ღირებულება[6][7]

ასორტიმენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის კომპანიის პორტფოლიოში 5 ბრენდია:

  • სანტე - კლასიკური რძის პროდუქტების ბრენდი;
  • სანტინო - პრემიალური, მაღალმთიანი რძის პროდუქტების ბრენდი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იყენებს მხოლოდ ქართული საღი რძეს;
  • სანტისიმო - რძის დესერტების ბრენდი;
  • სანტისიმო ამორე“ - სპეციალურად ქალბატონებისთვის შექმნილი დესერტების ხაზი;
  • სანებო - ტრადიციული და ასევე მდნარი ყველის ბრენდი;
  • ლოკო მოკო - ომეგა3-ითა და კალციუმით გამდიდრებული საბავშვო რძის პროდუქტების ბრენდი[8]

სერტიფიკატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანტე სამი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია. სამხრეთ კავკასიაში იგი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი პირველი კომპანიაა, რომელმაც ISO სერტიფიკატი მიიღო. ISO 9001 კატეგორიის სერტიფიკატით მენეჯმენტის გამართული მუშაობა შეფასდა, ხოლო HACCP სერტიფიკატით დადასტურდა, რომ კომპანია კვების პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სერტიფიცირებული სისტემის მფლობელია.

აგრეთვე კომპანია ფლობს ISO 22 000 კატეგორიის სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ წარმოებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების ნორმები მკაცრად დაცულია.

სოციალური პასუხისმგებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ეტაპზე კომპანიაში 500-მდე ადამიანია დასაქმებული. აქედან - ნახევარი საწარმოში, დანარჩენი კი - ადმინისტრაციულ, ლოჯისტიკურ და კომერციულ დეპარტამენტებში. კომპანია იყო საქართველოში პირველი, რომელმაც გლეხებისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო რძის ჩაბარება, რაც სტაბილური და გარანტირებული შემოსავალია 2000-მდე ოჯახისთვის - ჯამურად წელიწადში 10-11 მილიონი ლარის ოდენობით. 2015 წელს აშშ-ს სამთავრობო სააგენტო „ოპიკმა“, რომელიც მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა პროექტში დებს ინვესტიციებს, მისი დაფინანსებით განხორციელებული პროექტებიდან ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კომპანია სანტე დააჯილდოვა.

საზოგადოებასთან ურთიერთობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტი გაიცანი საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016-2017 წლებში, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონებისა და ეკოკურორტების პოპულარიზაციის მიზნით კომპანია აწარმოებდა პროექტს  #გაიცანისაქართველო[9]

კამპანია გაიცანით სანტინოს ფერმერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წელს კომპანიამ დაიწყო კამპანია ქართველი ფერმერების ნედლეულის გამოყენებისა და პოპულარიზაციისთვის. კამპანიის ფარგლებში მომხმარებელი ეცნობოდა ქვეყნის სხავადასხვა რეგიონში მცხოვრებ იმ ფერმერებს, რომლებიც რძეს სანტეს აბარებენ და რომელთა შრომაც ფასდაუდებელია საწარმოს ყოველდღიური საქმიანობისთვის[10]

მოკოლენდის ტყე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 22 ივნისს ზედაზენის ტყეში, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მოკოლენდის ბილიკი გაიხსნა, რომელიც მოინიშნა დაგეგმარებისა და მონიშვნის ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად. ბილიკის სიგრძე 4,4 კილომეტრია და ის ზედაზნის ტყეს სოფელ შანქევანთან აკავშირებს. ზღვის დონიდან 1010 მეტრზე მოეწყო საპიკნიკე და გასართობი სივრცე[11]

სამომავლო გეგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიას აქვს მიზანი, განავითაროს ქართული მეწარმეობა, შეიტანოს ინოვაციები და სიახლეები რძის პროდუქტების კატეგორიაში, მათ შორის, ყველის მიმართულებითაც.

სანტე რძის ასოციაციის თავმჯდომარეა. 2018 წელს ევროპის მერძევეთა ასოციაცის, EDA-ს წევრი გახდა [12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სანტეს ისტორია. sante.ge. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2019.
  2. სანტეს ისტორია. forbes.ge. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2019.
  3. ძირითადი ფაქტები. sante.ge. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2019.
  4. კომპანიის სტრუქტურა. sante.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-25. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2019.
  5. კომპანიის სტრუქტურა. www.bia. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2019.
  6. წარმოების პროცესი. ast.gtu.ge. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2019.
  7. წარმოების პროცესი. sante.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-03. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2019.
  8. ასორტიმენტი. www.marketer.ge. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2019.
  9. სოციალური პასუხისმგებლობა. georgiandairy.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-03. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2019.
  10. კამპანია გაიცანით სანტინოს ფერმერები. hrhub.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-30. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2019.
  11. მოკოლენდის ტყე. agora.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-03. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2019.
  12. სამომავლო გეგმები. imedinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-08. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2019.