ოფსეტური ბეჭდვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოფსეტური ბეჭდვა (ინგლ. off-set — „უკონტაქტო“) — ბეჭდვის ხერხი, რომლის დროს საბეჭდი ფორმიდან საღებავი საბეჭდი ფორმიდან წნევით გადაეცემა რეზინის ტილოს — შუალედურ ელასტიკურ ზედაპირს, იქიდან კი — ქაღალდს ან სხვა საბეჭდ მასალას. ოფსეტური ბეჭდვის პრინციპი შემოიღეს აშშ-ში 1905 წელს, მაშინ როცა შეიქმნა პირველი ოფსეტური საბეჭდი მანქანა.

ოფსეტური ბეჭდვის დროს გამოსახულება ორჯერ გადაიცემა, ქაღალდს კი საბეჭდ ფორმასთან უშუალო კონტაქტი არა აქვს, რაც საშუალებას იძლევა მკვეთრად შემცირდეს ბეჭდვის დროს აუცილებელი წნევა (მაშასადამე ნაკლებად გაცვდეს ფორმა), გაიზარდოს ბეჭდვის სიჩქარე და ამაღლდეს აღწარმოების ხარისხი. ოფსეტური საბეჭდი შირმები მზადდება 0.35-0.8 მმ სისქის ალუმინის ან თუთიის ფირფიტებზე, რომელთა ზედაპირს მექანიკურად ამუშავებენ (დამარცვლავენ) თანაბრად მქრქალი ზედაპირის მისაღებად. საბეჭდი და სახარვეზო ელემენტები ფირფიტების ზედაპირზე წარმოიქმნება სხვადასხვა მოლეკულურ-ზედაპირული თვისების მქონე აფსკების სახით, რომლებიც კარგად იღებენ ტენს ან საღებავს. ის ეგრეთწოდებული ერთლითონიანი (მონოლითონური) ფორმებია. იყენებენ აგრეთვე მრავალლითონიან ფირფიტებზე ფორმების მომზადების ხერხებს. მრავალლითონიან ფირფიტებს ჩეულებრივ ამზადებენ ალუმინის ან ფოლადის ფუძეზე და მათ ზედაპირს გალვანური ხერხით დაფარავენ სპილენძისა (სისქე 10 მკმ-მდე) და ნიკელის ან ქრომის (სისქე 1-3 მკმ) აფსკებით. საბეჭდი ელემენტები ერთ- და მრავალლითონიან ფირფიტებზე წარმოიქმნება გამოსახულების პირის გადაღებით შუქმგრძნობიარე პირგადასაღებ შრეზე (ფოტოქიმიური ხერხი). ასევე იყენებენ დიაზონაერთებზე დამზადებულ პირგადასაღებ შრეს. წინასწარ გამგრძნობიარებულ ფირფიტებზე ფორმების დამზადებისას საბეჭდი ელემენტები წარმოიქმნება მონოლითონის პირგადასაღებ შრეზე, რომელიც პირის გადაღების დროს დაცულია დიაპოზიტივის გაუმჭვირი უბნებით და დატოვებულია პირის გამჟღავნების შემდეგაც. მრავალლითონიან ფირფიტებზე პირგადასაღები შრე გამჟღავნების შემდეგ მოსცილდება საბეჭდ ელემენტებს, დარჩება სახარვეზო უბნებზე დროებით და დამცავად. ამის შემდეგ მიმდინარეობს ზედა ლითონის (ნიკელის ან ქრომის) ქიმიური ან ელექტროქიმიური ამოჭმის პროცესი (ამოჭმა ხდება სპილენძის შრემდე), რის შემდეგ სახარვეზო ელემენტებს აცილებენ დამცავ შრეს. ამ შემთხვევაში საბეჭდი ელემენტები წარმოიქმნება სპილენძის ზედაპირზე, სახარვეზო კი — ნიკელზე ან ქრომზე. ამ ხერხით ბეჭდვას ღრმა ოფსეტს უწოდებენ. ფორმების დამზადების ყველა ხერხის გამოყენებისას საბეჭდი ელემენტების შექმნის შემდეგ სახარვეზო ელემენტებს ამუშავებენ მაჰიდროფილიზებელი ხსნარით (მათთვის მდგრადი ჰიდროფილური თვისებების მისანიჭებლად). ოფსეტური ბეჭდვა ხდება ოფსეტურ მანქანებზე. მანქნანის ყოველ სამუშაო ციკლს თან სდევს საბეჭდი ფორმის დანამვა, საბეჭდ ელემენტებზე საღებავის წასმა, ქაღალდის მიწოდება, თვით ბეჭდვა და მზა ანაბეჭდის გამოტანა მიმღებ მაგიდაზე. ოფსეტური ბეჭდვა ფართოდ გავრცელდა იმის გამო, რომ შესაძლებელი გახდა საფრმო პროცესების მექანიზაცია, საბეჭდი მანქანების მწარმოებლურობის მკვეთრად გაზრდა, ყველა ტიპის გამოცემის აღწარმოება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]