კელი კრაფტი
კელი კრაფტი Kelly Knight Craft | |
აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 12 სექტემბერი, 2019 |
პრეზიდენტი | დონალდ ტრამპი |
წინამორბედი | ნიკი ჰეილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ოქტომბერი, 2017 – 30 ივლისი, 2019 | |
წინამორბედი | ბრიუს ჰეიმანი |
მემკვიდრე | რიჩარდ მილსი |
დაბადებული | 24 თებერვალი, 1962 კენტუკი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | დევიდ მოროსი ჯადსონ ნაიტი ჯო კრაფტი |
განათლება | კენტუკის უნივერსიტეტი |
კელი ნაით კრაფტი (ინგლ. Kelly Knight Craft), დაბადებით გილფოილი (ინგლ. Guilfoil; დ. 24 თებერვალი 1962, კენტუკი, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი. აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში 2019 წლის 30 ივლისიდან. 2017 წლის 23 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 ივლისამდე აშშ-ის ელჩი კანადაში. პირველი ქალი ამ თანამდებობაზე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კელი გილფოილი დაიბადა 1962 წლის 24 აპრილს ვეტერინარ ბობი გილფოილისა და შერი დეილ გილფოილის ოჯახში. მამამისი იყო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის აქტივისტი და ხელმძღვანელობდა კენტუკის შტატის ბარენის ოლქის ადგილობრივ პარტიულ განყოფილებას. კელი გაიზარდა კენტუკის შტატის ქალაქ გლაზგოში და 1980 წელს დაასრულა გლაზგოს საშუალო სკოლა. 1984 წელს მიიღო კენტუკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი. 2004 წელს კელი კრაფტი ჯორჯ ბუშ-უმცროსის მხარდამჭერი გახდა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კელიმ და მისმა მეუღლემ მხარი დაუჭირეს მარკო რუბიოს, ხოლო მისი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ბიზნესმენ დონალდ ტრამპს.
2007 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა იგი გაეროში ალტერნატიულ დელეგატად დანიშნა, სადაც მან ყურადღება გაამახვილა აშშ-ს მონაწილეობაზე აფრიკის საქმეებში.
2016 წელს იგი იყო რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობის დელეგატი კენტუკის შტატიდან. ხელმძღვანელობდა საკონსულტაციო ფირმას Kelly G. Knight LLC-ს ლექსინგტონში.
კელი ნაიტი 2016 წლიდან მუშაობდა კენტუკის უნივერსიტეტის სამურვეო საბჭოს წევრად[1]. არის მორხედის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
2017 წლის 15 ივნისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კელი კრაფტი წარადგინა აშშ-ის ელჩად კანადაში. მისი კანდიდატურა სენატმა დაამტკიცა 3 აგვისტოს და მოვალეობის შესრულებას შეუდგა ამავე წლის 23 ოქტომბრიდან[2]. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 2019 წლამდე. კანადში ელჩობის პირველ კვირას კელი კრაფტმა CBC News–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ როდესაც საქმე ეხება კლიმატის ცვლილებების შესახებ სამეცნიერო კონსენსუსს, მას სჯერა „მეცნიერების ორივე მხარის“.
2019 წლის 22 თებერვალს დონალდ ტრამპმა მისი კანდიდატურა წამოაყენა გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე, ნიკი ჰეილის შემცვლელად, რომელიც გასულ წელს გადადგა თანამდებობიდან[3]. ამავე წლის 30 ივლისს ამერიკის სენატმა კენჭი უყარა და დაამტკიცა მისი კანდიდატურა. მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2019 წლის 12 სექტემბერს[4].
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კელი კრაფტი სამჯერაა გათხოვილი და ორჯერ გაშორებული. მისი პირველი და მეორე მეუღლეები იყვნენ დევიდ მოროსი და ჯადსონ ნაიტი[5]. 2016 წლის აპრილში ცოლად გაჰყვა ჯო კრაფტს[6]. მისი მეუღლე არის მილიარდერი, ფლობს ქვანახშირის საბადოს კომპანიაში Alliance Resource Partners, L.P., რომელიც ქვანახშირის სიდიდით მესამე მწარმოებელია შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ BOARD OF TRUSTEES MEMBERS - Kelly Knight Craft. University of Kentucky. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-19. ციტირების თარიღი: 2018-08-08.
- ↑ PN603 — Kelly Knight Craft — Department of State. Congress.gov. ციტირების თარიღი: 2017-12-17.
- ↑ Rucker, Philip; Gearan, Anne. (2019-02-22) Trump announces nomination of Kelly Knight Craft as U.S. ambassador to United Nations. The Washington Post.
- ↑ Margaret Besheer. (2019-09-12) New US Ambassador to UN Takes Up Post. Voice of America. ციტირების თარიღი: 2019-10-10.
- ↑ Campbell, Meagan. (October 24, 2017) Why Kelly Knight Craft was made U.S. ambassador to Canada.
- ↑ Bevin, Matt [mattbevin]. (April 29, 2016) Congratulations to my friends Kelly Knight and Joe Craft on their wedding day!. ციტირების თარიღი: June 18, 2017