ვასილი გულიაკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვასილი სემიონის ძე გულიაკოვი (რუს. Василий Семёнович Гуляков; დ. 1751, კალუგის გუბერნია — გ. 15 იანვარი, 1804, ზაქათალა) — რუსი გენერალ-მაიორი (1800), კავკასიის ომების მონაწილე. დაიღუპა ზაქათალის მიდამოებში ლეკებთან შეტაკებისას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა 1767 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1768–1774 და 1787–1791 წლების ომებში, რუსეთ-შვედეთის 1788–1790 წლების ომში. 1800 წელს გენერალ-მაიორის ჩინით დაინიშნა ყაბარდოს პოლკის მეთაურად. ხელმძღვანელობდა 1800 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსულ რუსულ ჯარს, შემდეგ — კახეთში განლაგებულ კონტიგენტს. იმავე წლის 7 ნოემბერს თავისი პოლკის ერთ-ერთი ბატალიონით მონაწილეობა მიიღო ომარ-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში ივრის ნაპირებზე (სარდლობდა რუს-ქართველთა ჯარის მარჯვენა ფლანგს). 1803 წლის მარტში გაიგზავნა ლეკების წინააღმდეგ ჭარ-ბელაქანსა და ზაქათალაში. ბელაქნისა და ჭარის დაკავების შემდეგ უკუაგდო ლეკების თავდასხმა მისი რაზმის ბანაკზე ადგილ ფეიქართან 1803 წლის 22 ოქტომბერს. 1804 წლის 1 იანვარს ალაზნის ნაპირებზე დაამარცხა ყაზიყუმუხის ხანის ლაშქარი და მას ზაქათალის ხეობაში დაედევნა. 15 იანვარს ბრძოლაში გულიაკოვი მოკლეს, ხოლო მისმა რაზმმა დიდი დანაკარგებით უკან დაიხია. დასაფლავებულია ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 193.
  • Гуляков, Василий Семенович // [Гимры — Двигатели судовые]. — СПб. ; [М.] : Тип. т-ва И. Д. Сытина, 1912. — С. 535. — (Военная энциклопедия : [в 18 т.] / под ред. К. И. Величко … [и др.] ; 1911—1915, т. 8).