ბორის გაპონოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის გაპანოვის ძეგლი ქუთაისში

ბორის გაპონოვი (დ. 20 თებერვალი, 1934 — გ. 25 ივლისი, 1972) — ებრაელი ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. ებრაულად თარგმნა შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“. დაიბადა ქალაქ ევპატორიაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლიდან, ევაკუაციის შემდეგ, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ ქუთაისში. მისი პაპა რაბინი იყო და პატარა ბორისს ბავშვობიდან ასწავლიდა ივრითს. 1953 წელს დაამთავრა დაამთავრა ქუთაისის მე-9 საშუალო სკოლა. 1956 წლიდან სპარსულ ენას სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტში, მაგრამ უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და ქუთაისში დაბრუნებულიყო, სადაც მუშაობდა გაზეთებში. 1960-იან წლებში ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას რუსულ, ქართულ და ებრაულ ენებზე.

1969 წელს ისრაელში გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“. მომდევნო წელს ამ თარგმანისთვის მიენიჭა შ. ჩერნიხოვის პრემია.

1971 წელს იგი ისრაელში გაემგზავრა. იმავე წელს გამოაქვეყნა მიხაილ ლერმონტოვის რომანის „ჩვენი დროის გმირის“ თარგმანი, რომელმაც ასევე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ბორის გაპონოვი 15 წლის მანძილზე მუშაობდა ივრითის ფრაზეოლოგიურ ლექსიკონზე. მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა რამათ-განში, 1972 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]