ბათუმის ზღვისპირა პარკის კოლონადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბათუმის ზღვისპირა პარკის კოლონადა — საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლი ქალაქ ბათუმში. ზღვისპირა პარკის კოლონადა ქალაქიდან ზღვისაკენ მიმავალ ხეივანში 1934 წელს აშენდა. იგი პარადულ გასასვლელს წარმოადგენს და პასაჟის ორ მხარეს სიმეტრიულად განლაგებული ორი ერთნაირი ფრთისაგან შედგება. თითოეული ფრთა ასო U-ს მოხაზულობისაა და მოიცავს 12 გლუვ სვეტს. ისინი მაღალი კორინთული კაპიტელებით ბოლოვდება. სვეტები ერთმანეთთან კლასიკურად აგებული ანტაბლემენტით არის დაკავშირებული. სვეტები და ანტაბლემენტი თეთრ ფერად არის შეღებილი. კოლონადა აღმართულია ბალუსტრადით მოფარგლულ შემაღლებულ ბაქანზე. ბაქანი დაფარულია ხელოვნური მოზაიკის მოთეთრო-რუხი და ღვინისფერი ფილებით. მის კუთხეებში დგას შედარებით მომცრო სანათურებიანი სვეტები, რომელთა შორის განთავსებულია თარიღის აღმნიშვნელი წარწერა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7527