ჰიდროელექტროსადგური
ჰიდროელექტროსადგური, ჰესი — ელექტროსადგური, სადაც წყლის ნაკადის ენერგია გარდაიქმნება ელექტრულ ენერგიად.
ჰესი შედგება ჰიდროტექნიკური ნაგებობებისაგან (რომელთა დანიშნულებაა წყლის ნაკადის საჭირო კონცენტრაციისა და დაწნევის უზრუნველყოფა) და წყლის ნაკადის ენერგიის ბრუნვის მექანიკურ ენერგიად გარდამქმნელი დანადგარებისაგან — ჰიდრავლიკური ტურბინებისაგან. ამ უკანასკნელთა მეშვეობით მექანიკური ენერგია შემდგომ ჰიდროგენერატორების საშუალებით ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება. ჰესის დაწნევა წარმოიქმნება მდინარის დაგუბებით და კაშხლის მეშვეობით მდინარის ვარდნის კონცენტრაციით ამ უბანზე ან დერივაციით, ანდა კაშხლისა და დერივაციის ერთობლიობით.
მუშაობის პრინციპი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი ენერგეტიკური დანადგარები მოთავსებულია ჰესის შენობაში: ელექტროსადგურების სამანქანო დარბაზში — ჰიდროაგრეგატები (ჰიდრავლიკური ტურბინები და გენერატორები), დამხმარე მოწყობილობა, ავტომატური მართვისა და საკონტროლო მოწყობილობა; მართვის ცენტრალურ პოსტზე — ოპერატორ-დისპეჩერის ან ავტოოპერატორის პულტი, ამამაღლებელი სატრანსფორმატორო ქვესადგური თავსდება ჰესის შენობაში ან მის გარეთ. მანაწილებელი მოწყობილობა უმთავრესად განლაგებულია ღია მოედანზე. დაწნევის სიდიდის მიხედვით ჰესები პირობითად შეიძლება იყოს: მაღალი დაწნევის (60 მეტრი და მეტი), საშუალო დაწნევის (25-60 მეტრამდე) და დაბალი დაწნევისა (3-25 მეტრამდე). ვაკე ადგილებში მდინარის ვარდნა იშვიათად აღწევს 100 მეტრს, მთაში კაშხლის საშუალებით შეიძლება შეიქმნას დაწნევა 300 მეტრი და მეტი, ხოლო დერივაციით — 1500 მეტრამდე. მაღალი დაწნევის ჰესში იყენებენ ლითონის ჩამჩიან და სპეციალურ კამერებიან ან რადიალურ-ღერძულ ტურბინებს, საშუალო დაწნევის ჰესში — რკინაბეტონისა და ლითონის სპირალურკამერებიან საბრუნფრთებიან და რადიალურღერძიან ტურბინებს, ზოგჯერ ჰორიზონტალურ ტურბინებს კაფსულებში ან ღია კამერებში.
წყლის რესურსებისა და ჰესის დაწნევის კონცენტრაციის გამოყენების მიხედვით ჰესი შეიძლება იყოს კალაპოტისა, კაშხალთან მიმდებარე, სადერივაციო (სადაწნეო და უდაწნეო), შერეული, ჰიდრომააკუმულირებელი და ზღვის მიმოქცევისა.
კალაპოტისა და კაშხალთან მიმდებარე ჰესებში წყლის დაწნევას წარმოქმნის მდინარის გადამღობი კაშხალი, რომელიც წყლის დონეს ასწევს ზედა ბიეფში.
სადერივაციო ჰესში მდინარის ვარდნის კონცენტრაცია ხდება მდინარის (ან მისი ნაწილის) გადაგდებით და ჰესთან მიყვანით სპეციალური წყალსატარით (მაგალითად არხით ან გვირაბით) ისეთი ქანობით, რომ შეიქმნეს იმაზე გაცილებით მეტი დაწნევა, რაც აქვს მდინარეს ბუნებრივ კალაპოტში. დერივაცია ჰესის შენობის მიმართ შეიძლება იყოს მიმყვანი და გამომყვანი. ზოგჯერ დერივაციის საშუალებით ერთი მნდინარის ჩამონადენს გადააგდებენ მეორეში, რომელსაც კალაპოტის უფრო დაბალი ნიშნულები აქვს.
ფართოდაა გავრცელებული ე. წ. შეთავსებული ჰესები, რომელთა სადგურის შენობა ერთდროულად ასრულებს წყლის გადამგდები ნაგებობების დანიშნულებასაც.
ჰესებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჰიდრომააკუმულირებელ ელექტროსადგურებსა და ზღვის მიმოქცევის სადგურებს. ჰიდრომააკუმულირებელ ელექტროსადგურებს იყენებენ პიკური სიმძლავრის დასაფარავად მსხვილ ენერგეტიკულ სისტემებში. ასეთი ელექტროსადგურის მაგალითია კორნოულის ჰესი (აშშ).
ზღვის მიმოქცევის ელექტროსადგურები მათი თავისებურების გამო, რაც დაკავშირებულია მიმოქცევის პერიოდულობასთან, შეიძლება გამოყენებული იყოს ენერგო სისტემებში მხოლოდ სხვა მარეგულირებელ ელექტროსადგურებთან ერთად. პირველი ასეთი ელექტრო სადგური აგებული იქნა საფრანგეთში (1967).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამრაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 650-651.