ტანძოთის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სხულოვანი/ტანძოთის ციხე)

ტანძოთის ციხე — არქიტექტურული ძეგლი თურქეთის რესპუბლიკაში, ართვინის ილის, არტანუჯის ილჩეში. ციხე არტანუჯისკენ მიმავალ გზას და მთლიანად ხეობას აკონტროლებდა. ტანძოთი ტაოდან არტანუჯისკენ უღელტეხილებით მიმავალ გზების დაცვას უზრუნველყოფდა. ტანძოთის ციხე ხეობაში ამაღლებულ კლდეზეა აშენებული, ერთი შეხედვით, მარტივად ასაღები ჩანს, მაგრამ ციხის უკან მდებარე კონცხი ციხისთვის ერთადერთი სუსტად დაცული მხარეა.

ტოპონიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანძოთის ძველი სახელი სავარაუდოდ სხულოვანი//სხლუანი უნდა ყოფილიყო. ტანძოთი სომხურ ენაზე მსხლიან ადგილს ნიშნავს. XX საუკუნის 20-იან წლებამდე სოფელი ტანძოთის სახელწოდებით იყო ცნობილი, 1927 წელს სოფელს სახელი კიდევ ერთხელ, ამჯერად თურქულად შეუცვალეს და აიდინქოი დაარქვეს. თუმცა ადგილობრივთა მეხსიერებაში სოფლის ძველი სახელწოდება დანზოთის ფორმით შემონახულია.

ციხის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანძოთის ციხე სოფლის ბოლო მონაკვეში მდებარეობს. ტერასა, რომელზედაც აგებულია სიმაგრე, სამხრეთისკენ მკვეთრად არის დახრილი. ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში ბუნებრივად შემაღლებული კლდოვანი მასაა. ციხის კედლები მყარად არის ნაგები, მშენებლობაში გამოყენებულია ქვა და კირი. ნაგებობა დაშენებულია კლდოვანი ბორცვის წვერზე. გალავნის კედლები ოთხივე მხარეს საკმაო სიმაღლისაა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანძოთის ციხის მშენებლობა, მისი საჭიროება, გამაგრება და ფუნქცია სწორედ ციხე-ქალაქ არტანუჯთან არის პირდაპირ კავშირში. წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ ტანძოთის ციხე, სავარაუდოდ, ვახტანგის მეფობის დროს ააგეს. ტანძოთის მეჩეთში ჩატანებული წარწერიანი ქვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ეს მხარე XIII-XIV საუკუნეებში კალმახელებს ეკუთვნოდათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ. 2020 ISBN 978-9941-9738-1-9