სამაზრო სასწავლებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამაზრო სასწავლებლები)

სამაზრო სასწავლებელი — დაწყებითი სკოლა, რომელიც რუსეთის იმპერიაში შეიქმნა 1804 წლის წესდების საფუძველზე. დაარსდა სამაზრო და საგუბერნიო ქალაქებში და ამზადებდა ყველა წოდების ბავშვებს გიმნაზიაში შესასვლელად. 1828 წლის წესდებით სამაზრო სასწავლებელი სამკლასიანი გახდა და ძირითადად გათვალისწინებული იყო ვაჭრების ხელოსნებისა და ქალაქის სხვა მცხოვრებთა შვილებისათვის. სამაზრო სასწავლებელში სწავლობდნენ საღვთო სჯულს, ეკლესიის ისტორიას, რუსულ ენას (არარუსულ ქალაქებში ზოგჯერ ადგილობრივ ენასაც), არითმეტიკას, გეომეტრიას, გეოგრაფიას, რუსეთისა და მსოფლიო ისტორიას, სუფთა წერას, ხაზვას და ხატვას. ზოგიერთ სამაზრო სასწავლებელში იხსნებოდა დამატებითი პროფესიული კლასიც, სადაც ეუფლებოდნენ დურგლობას, ზეინკლობას და სხვა.

საქართველოში სამაზრო სასწავლებელი 1830 წელს გაიხსნა ქუთაისში, გორში, თელავში, სოფელ ნაოღალევში (სამეგრელო), 1831 — ახალციხესა და სიღნაღში; 1834 — დუშეთში, 1838 — თბილისში. XIX საუკუნის 70-80-იანი წლების დასაწყისში საქართველოში სულ 11 სამაზრო სასწავლებელი იყო. 1872 წელს სამაზრო სასწავლებელი საქალაქო სასწავლებლად გადაკეთდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]