კოგნიტური ნეიროფსიქოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კოგნიტური ნეიროფისქოლოგია)

კოგნიტური ნეიროფსიქოლოგიაკოგნიტური ფსიქოლოგიის განხრა, რომლის მიზანია გაიგოს თუ როგორ უკავშირდება ტვინის სტრუქტურა და ფუნქცია კონკრეტულ ფსიქოლოგიურ პროცესებს. კოგნიტური ფსიქოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის იმას,თუ როგორ არის ჩვენი გონებრივი პროცესები პასუხისმგებელი ჩვენს შემეცნებით უნარ-ჩვევებზე. კერძოდ კი იმაზე, თუ როგორ ვაწარმოებთ ახალ მეხსიერებას, ენას, ვცნობთ ადამიანებს, ობიექტებს.იგი ასევე შეისწავლის ჩვენს შესაძლებლობებს გადავჭრათ პრობლემები. კოგნიტური ნეიროფსიქოლოგია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტვინის დაზიანების ან ნევროლოგიური ავადმყოფობის კოგნიტური ეფექტის შესწავლას ნორმალური შემეცნებითი ფუნქციების მოდელის შესაფასებლად.ამ თემის გარშემო მტკიცებულებები ეფუძნება იმ ინდივიდების შემთხვევების შესწავლას, რომლებსაც ტვინის დაზიანების შედეგად ამ არეში აღენიშნებათ დეფიციტი და რომლებიც ავლენენ ორმაგ დისოციაციას. ორმაგი დისოციაცია ორ პაციენტს და ორ ამოცანას აერთიანებს. ერთ პაციენტს უჭირს პირველი ამოცანის შესრულება და ნორმალურად ასრულებს მეორეს, ხოლო მეორე პაციენტი კი პირიქით. მაგალითად: პაციენტი A რთულად წაიკითხავს ამობეჭდილ სიტყვას, და ნორმალურად გაიგებს წარმოთქმულ სიტყვას, მაშინ როცა პაციენტი B ჩვეულებრივად აღიქვამს დაწერილ სიტყვას, ხოლო გაუჭირდება წარმოთქმულის გაგება. მეცნიერებს შეუძლიათ ამ ინფორმაციის ისე ინტერპრეტირება, რომ ახსნან თუ როგორ შეიძლება არსებობდეს ერთი კოგნიტური მოდელი სიტყვების გაგებისთვის. ასეთი კვლევების შედეგად მკვლევარები ასკვნიან, რომ ტვინის სხვადასხვა არეები არიან ვიწროდ სპეციალიზირებულნი. კოგნიტური ნეიროფსიქოლოგია განსხვავდება კოგნიტური ნეირომეცნიერებისგან, რომელიც ასევე დაინტერესებულია იმ პაციენტებით, რომლებსაც ტვინი აქვთ დაზიანებული, მაგრამ განსაკუთრებით ორიენტირებულია იმ ნეირონული მექანიზმების ძიებაზე, რომლებიც იმ კოგნიტური პროცესების გაშიფვრას ემსახურება, რომელიც ამ მექანიზმებს უდევს საფუძლად.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის ქალის წინხედი და გვერდხედი. ნაჩვენებია მიმართულება, რომლითაც რკინამ გაიარა მასში...[2]

კოგნიტური ნეიროფსიქოლოგიის ფესვები ენის აშლილობის იმ დიაგრამული მიდგომიდან მოდის, რომელსაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძველი. იმის აღმოჩენა,რომ აფაზია იღებდა სხვადასხვა ფორმას იმის მიხედვით თუ ტვინის რა ლოკაცია იყო დაზიანებული, ტვინის ფუნქციის გაგების მნიშვნელოვანი ჩარჩო აღმოჩნდა.[3]

1861 წელს პოლ ბროკამ წარმოადგინა კვლევა აფაზიით დაავადებულ პაციენტზე,რომელსაც არ შეეძლო არც ერთი სიტყვის წარმოთქმა გარდა ბგერების უაზრო გროვისა- „Tan”.ბროკამ აჩვენა,რომ ტვინის მარცხენა ფრონტალური შუბლისწილი იყო დაზიანებული,რადგანაც ამ პაციენტს არ შეეძლო მეტყველება,მაგრამ მაინც ყველაფერს იგებდა. ბროკა ამტკიცებდა,რომ დაზიანებული ზონა იყო სპეციალიზირებული მეტყველების წარმოებაში და რომ ენობრივი უნარები შეიძლება ამ კორტიკალურ ზონაში ყოფილიყო ლოკალიზებული. რამდენიმე კვირის შემდეგ, ბროკამ მსგავსი ცდა კიდევ ერთ პაციენტზე, ლელონგზე ჩაატარა. ლელონგიც “Tan”-ის მსგავსად იგებდა საუბარს, მაგრამ მხოლოდ 5 სიტყვის გამეორება შეეძლო.ბროკამ შენიშნა, რომ ლელონგს ტვინის დაახლოებით იმ ნაწილში აღენიშნებოდა დაზიანება, რომელშიც მის პაციენტს - „Tan”-ს .მან ასევე შეამჩნია, რომ აფაზიით დაავადებულ ოცდახუთ პაციენტზე მეტს დაზიანება აღენიშნებოდა შუბლის წილის მარცხენა ნაწილში, მაშინ როცა თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო დაზიანებული არ იყო. აქედან გამომდინარე მან დაასკვნა, რომ მეტყველების ფუნქცია ლოკალიზებული იყო მარცხენა ნახევარსფეროს ქვემო ფრონტალურ ხვეულში-რომელიც ახლა ცნობილია როგორც ბროკას არე.

კარლ ვერნიკე იმ პაციენეტების შესახებ იტყობინებოდა, რომლებსაც დაზიანება საფეთქლის წილში აღენიშნებოდათ და რომლებიც თავისუფლად მეტყველებდნენ, თუმცა ნათქვამს ვერ იგებდნენ. ეს იმის მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ არსებობს ორი პოტენციურად ურთიერთდაკავშირებული ენის ცენტრი. ეს კლინიკური აღწერილობა შემდგომში ინტერპრეტირდა ლიხტეიმის ენობრივი ორგანიზაციის თეორიაში.[4] მოგვიანებით, ეს მოდელი ასევე გამოიყენეს და განავითარეს: დეჟერინისანგარიშში კითხვის შესახებ; ლიპმანის მოქმედებათა თეორიაში; ლისაუერის 1890 წლის ანგარიშში ობიექტის ამოცნობის შესახებ, და ლევანდოვსკის და სტედელმენის 1908 წლის გამოთვლების ანგარიშში.

ბროკას არე და ვერნიკეს არე.

თუმცა, მეოცე საუკუნეში წარმოშვა სხვადასხვა დამოკიდებულება დიაგრამის მეთოდის ზედმეტად ზუსტი ანგარიშების შესახებ. 1906 წელს, პიერ მარიმ საეჭვოდ მიიჩნია ის მტკიცებულებები, რომლებიც ბროკას არეს შესახებ გამოტანილი დასკვნების საფუძველი იყო. ხოლო 1926 წელს ჰენრი ჰედი ცერებრალური ლოკალიზაციის მთელ სფეროს დაესხა თავს.

კოგნიტურმა ნეიროფსიქოლოგიამ, როგორც თანამედროვე მეცნიერებამ, 1960-იანი წლებისთვის წამოიწია წინ. ამაში დიდი წვლილი ნევროლოგს- ნორმან გეშვინდს მიუძღვის,რომელმაც დაამტკიცა, რომ ბროკას და ვერნიკეს აღმოჩენები კლინიკურად ისევ რელევანტური იყო. ამ დისციპლინის კიდევ ერთი სტიმულატორი „კოგნიტური რევოლუცია“ და კოგნიტური ფსიქოლოგიის მზარდი მეცნიერება აღმოჩნდა, რომელიც მეოცე საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა, როგორც რეაქცია ბიჰევიორიზმზე.[5] 1950-იანი წლებში ფსიქოლოგებმა აღიარეს, რომ მენტალური ინფორმაციის პროცესინგის სისტემა მეცნიერებისათვის მისაღები გზებითაც შეიძლებოდა ეკვლიათ.მათ გამოიმუშავეს და მიიღეს კოგნიტური პროცესინგის მოდელები, რათა აეხსნათ არა მხოლოდ მეტყველებისა და ენის კვლევების, არამედ შერჩევითი ყურადღების ექსპერიმენტული მონაცემებიც.[6] კოგნიტურმა ფსიქოლოგებმა და კლინიკურმა ნეიროფისქოლოგებმა თანამშრომლობით კიდევ უფრო მეტი კვლევა ჩაატარეს, იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული აშლილობები უკეთ შეესწავლათ. ნეიროფსიქოლოგიის ხელახალი დაბადება აღინიშნა ორი კოლაბორაციული პუბლიკაციის გამოცემით, რომლის ავტორებიც იყვნენ: მარშალი და ნიუქომბი კითხვის შესახებ (1966) და ვორინგტონი და შარისი(1969) მეხსიერების შესახებ.[6] მოგვიანებით, ისეთმა პიონერებმა, როგორებიც არიან, ელიზაბეტ ვორინგტონი, ბრენდა მილნერი, ტიმ შალისი, ალან ბედლი და ლოურენს ვაინსკრენცი, აჩვენეს, რომ ნევროლოგიული პაციენტები კოგნიტური ფსიქოლოგებისთვის მონაცემების მნიშვნელოვანი წყაროები იყვნენ.

საინტერესოა,რომ ათწლეულზე ნაკლები გახდა საჭირო ნეიროფსიქოლოგიის ხელახალი დამკვიდრებისთვის.სულ უფრო მეტი მიღწევები იქნა აღიარებული: პირველი მსხვილი წიგნის შექმნა, რომელიც ეძღვნებოდა ნეიროფსიქოლოგიას კოგნიტური მიდგომების გამოყენებით, ღრმა დისლექსია, 1984 წელს კოგნიტური ნეიროფსიქოლოგიის ჟურნალის დაბადება და 1988 წელს ნეიროფსიქოლოგიის პირველი სახელმძღვანელოს გამოქვეყნება.[6]

განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღება მეხსიერების არეს ეთმობა. კერძოდ კი პაციენტებს, რომლებსაც ჰიპოკამპუსის დაზიანების შედეგად საფეთქლის წილსა და ტვინის შუა ნაწილებში აღენიშნებოდათ ცვლილებები (მამილარული სხეულები თავიდანვე ძალიან აინტერესებდათ). პაციენტებს, რომლებსაც მწვავე ამნეზია აქვთ და რომლებიც ვერ გაიხსენებენ დამკვირვებელს, თუ ის ოთახიდან გავა და შემდეგ შემოვა, მით უმეტეს ვერ გაიხსენებენ წინა დღის მოვლენებს(ეპიზოდური მეხსიერება), მაგრამ მაინც შეძლებენ გაიხსენონ, თუ როგორ უნდა შეიკრან თასმა (პროცედურული მეხსიერება), რამდენიმე წამით ამახსოვრდებათ რიგი ციფრებისა (მოკლევადიანი მეხსიერება ან მუშა მეხსიერება) და შეუძლიათ მაგალითად იმ ისტორიული მოვლენების გახსენება, რომლებიც სკოლაში ისწავლეს (სემანტიკური მეხსიერება). ამის საპირისპიროდ, პაციენტებმა გრძელვადიანი მეხსიერების შენახვის პროცესში შეიძლება დაკარგონ მოკლევადიანი მეხსიერების უნარი. ნეიროფსიქოლოგიის დარგში მრავალ ასეთ შემთხვევაზე ჩატარდა კვლევები. მათი მიზანი დაზიანებების და იმ ეფექტების გამოკვლევა იყო,რომლებიც ტვინის გარკვეულ ნაწილებსა და მათ ფუნქციაზე ახდენენ ზეგავლენას.

მოლისონს ჰიპოკამპუსის დიდი ნაწილი ორმხრივად ამოჭრეს.

კველევა, რომელიც ამნეზიით დაავადებულ პაციენტზე, ჰენრი მოლისონზე (ასევე ცნობილი როგორც H.m) ჩატარდა, მოიხსენიება თანამედროვე ნეიროფსიქოლოგიის ერთ-ერთ მთავარ წინამორბედად. 1953 წელს, მოლესონს ქირურგიული ჩარევის შედეგად, საფეთქლის წილის გარკვეული ნაწილები ამოუღეს, რათა მედეგი ეპილეფსიისთვის ემკურნალათ. შუა საფეთქლის წილთან ერთად ასევე ამოიღეს ჰიპოკამპუსის დიდი ნაწილი.მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა და პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში კრუნჩხვები შეუმცირდა, თუმცა ღრმა, მაგრამ შერჩევითი ამნეზია დაუტოვა. ოპერაციის დასრულების შემდეგ მოლესონმა შეძლო გაეხსენებინა ზოგიერთი დიდი მოვლენა ოპერაციის დაწყებამდე,მაგალითად ისეთი, როგორიცაა 1929 წლის საფონდო ბირჟის კრახი, მაგრამ აღარ შეეძლო ახალი მოგონებების შექმნა. ამ შემთხვევითმა ექსპერიმენტმა მეცნიერებს აჩვენა, როგორ ახდენს ტვინი სხვადასხვა სახის მეხსიერების პროცესირებას. იმის გამო, რომ მოლესონის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეული იყო ქირურგიული ჩარევის შედეგად, მისი ტვინის დაზიანებული ნაწილების იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა, ეს იყო ინფორმაცია, რომელის მოპოვებაც ზუსტი ნეიროვიზუალიზაციის გავრცელებამდე შეუძლებელი იყო. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თუ ჰიპოკამპუსი მონაწილეობს ახალი მოგონებების შექმნაში,ძველი მოგონებების მოსაძიებლად იგი საჭირო არ არის.რადგან ახალი მოგონებების შექმნა და ძველის გახსენება, ორი სხვადასხვა პროცესია. ისინი ასევე მიხვდნენ, რომ ჰიპოკამპუსი და შუა საფეთქლის წილი, ანუ ის ნაწილები, რომლებიც მოლესონს ამოუღეს, პასუხისმგებელნი არიან მოკლევადიანი მეხსიერების გრძელვადიან მეხსიერებაში კონვერტირებაზე.

კოგნიტური ნეიროფსიქოლოგიის ადრინდელი ნაშრომების დიდი ნაწილი შესრულებული იყო ტვინის პათოლოგიის დეტალური ლოკალიზაციის შესახებ შეზღუდული ინფორმაციის გათვალისწინებით. ნეიროვიზუალიზაცია და სხვა ანატომიაზე დაფუძნებული მეთოდები ასევე ლიმიტირებული იყო. 1990-იანი წლების დასაწყისში მრავალი მკვლევარი აქცენტს შემეცნებითი დეფიციტის პატერნების ანალიზზე უფრო აკეთებდა ვიდრე იმაზე თუ სად იყო რეალურად დაზიანება.[7] დეტალური ანატომიური მონაცემების სიმცირის მიუხედავად, კითხვის, ენის და მეხსიერების გარშემო ჩატარებულ კვლევებს რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა. პირველი ის არის, რომ გარკვეული კოგნიტური პროცესები (როგორიცაა ენობრივი) შეიძლება სხვებისგან დამოუკიდებლად არსებობდეს და ამგვარად შეიძლება მათ დამოუკიდებელი შემეცნებითი (და ნერვული) პროცესებით გავუმკლავდეთ.(კოგნიტური ნეიროფსიქოლოგიის და ენის კავშრიზე დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, სხვებთან ერთად იხილეთ ელეონორ საფრანის ნაშრომები.) ხოლო მეორე ის არის, რომ ასეთი პროცესები შეიძლება იყოს ლოკალიზებული თავის ტვინის კონკრეტულ სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მტკიცება გარკვეულწილად საკამათოა,მათ განაპირობეს ფოკუსირება ტვინის ტრავმაზე, როგორც პოტენციურად ნაყოფიერ ურთიერთობის გზაზე ფსიქოლოგიასა და ნეირომეცნიერებას შორის.

მეთოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოგნიტური ფსიქოლოგიის ძირითადი მიდგომა კოგნიტური ფუნქციის თეორიების შესამოწმებლად, ცალკეული კველევების და დისოციაციების გამოყენებას გულისხმობს. მაგალითად,თუ თეორიის მიხედვით კითხვა და წერა მხოლოდ ერთი შემეცნებითი პროცესიდან გამომდინარე განსხვავებული უნარ-ჩვევებია, არ უნდა მოიძებნოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ტვინის დაზიანების შედეგად წერა შეუძლია მაგრამ კითხვა-არა, ან პირიქით, კითხულობს მაგრამ ვერ წერს. უნარ-ჩვევების ეს შერჩევითი დონე მიანიშნებს, რომ ტვინის სხვადასხვა ნაწილები სპეციალიზებულია სხვადასხვა პროცესებში და ამიტომ შემეცნებითი სისტემები განცალკევებულია.

ფილოსოფოსმა, ჯერი ფოდორმა, კოგნიტურ ნეიროფსიქოლოგიაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით იმ იდეით, რომ გონება, ან ყოველ შემთხვევაში მისი რაღაც ნაწილი მაინც დამოუკიდებელ მოდულებად შეიძლება იყოს ორგანიზებული.მტკიცებულება იმისა, რომ კოგნიტური უნარები შეიძლება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაზიანდეს, მის თეორიას გარკვეულწილად მხარს უჭერს, თუმცა ცხადია,რომ გონების ზოგი ასპექტი, მაგალითად რწმენა არ შეიძლება მოდულირებას ექვემდებარებოდეს. ირონიულია, რომ ფოდორი (რომელიც ფუნქციონალისტი იყო) უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ ტვინის ნევროლოგიური თვისებები მის კოგნიტურ თვისებებზე რაიმე სახის ზეგავლენას ახდენენ. ასევე იგი კოგნიტური ნეიროფსიქოლოგიის მთელ დისციპლინას ეჭვქვეშ აყენებს.

ნეიროვიზუალიზაციის გაუმჯობესებული ტექნიკის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა იმის გაგება თუ ნერვული სისტემის კონკრეტულად რომელი ნაწილია დაზიანებული, რაც თავის მხრივ დაზიანებული ნაწილების კორელაციის შესაძლებლობას ქმნის. რაც ადრე აღმოუჩენელი ფუნქციური „ურთიერთობების“ შესწავლასაც განაპირობებს(ე.წ დაზიანების მეთოდი.)

თანამედროვე კოგნიტური ნეიროფსიქოლოგია იმავე ტექნიკას და ტექნოლოგიებს იყენებს, რომელსაც ნეიროფსიქოლოგიის ფართო მეცნიერება და ისეთი სფეროები, როგორიცაა კოგნიტური ნეირომეცნიერება. ეს მეთოდებია: ნეიროვიზუალიზაცია, ელექტროფიზიოლოგია, ნეიროფსიქოლოგიური ტესტები ტვინის ფუნქციის ან ფსიქოლოგიური ეფექტის შესაფასებლად. შემეცნებითი ნეიროფსიქოლოგიის სასარგებლო ტექნოლოგია მოიცავს პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიასა (PET) და ფუნქციურ მაგნიტური-რეზონანსულ გამოსახულებას (fMRI). ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, რომ ტვინის სისხლის ნაკადის გაზომვით განსაზღვროს თავის ტვინის ის უბნები , რომლებიც პასუხს აგებენ გარკვეულ კოგნიტურ ამოცანებზე. PET -სკანირება ავლენს თავის ტვინის დაბალი დონის რადიაციას და აწარმოებს 3-D გამოსახულებას, ხოლო FMRI მუშაობს მაგნიტური სიგნალით და „ტვინის რუკას“ ქმნის. ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) იწერს ტვინის ელექტრულ აქტივობას და შეუძლია გამოავლინოს ცვლილებები, რომლებიც მილიწამებში ხდება. EEG ხშირად გამოიყენება ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში კრუნჩხვის აქტივობის შესამცირებლად.

ბოლო ხანებში მეცნიერები ცდილობენ, კოგნიტური ნეიროფსიქოლოგიის ეს პრინციპები მენტალურ დაავადებებს მოარგონ. (მაგალითად, რა შეიძლება გვითხრას ნორმალური რწმენის ფუნქციის შესახებ, დელუზიების (ბოდვის) შესწავლამ. ეს შედარებით ახალი სფერო ცნობილია, როგორც კოგნიტური ნეიროფსიქიატრია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Schacter, Daniel L. (2000) „Understanding Implicit memory: A cognitive neuroscience approach“, Cognitive Neuroscience: A Reader. Wiley. ISBN 978-0-631-21659-9. „The term cognitive neuropsychology often connotes a purely functional approach to patients with cognitive deficits that does not make use of, or encourage interest in, evidence and ideas about brain systems and processes“ 
  2. Harlow, John Martyn (1868). „Recovery from the Passage of an Iron Bar through the Head“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება) Originally published in Publications of the Massachusetts Medical Society. 2: 327–347. აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)
  3. Coltheart, M. (2008). Cognitive neuropsychology. Scholarpedia, 3(2), 3644. doi: 10.4249/scholarpedia.3644
  4. Carlson, Neil R. (2013). Physiology of Behavior. NJ, U.S: Pearson Education, Inc., p. 132.
  5. Miller, G. A. (2003). The cognitive revolution: a historical perspective. Trends in Cognitive Sciences, 7(3), 141-144. doi: 10.1016/s1364-6613(03)00029-9.
  6. 6.0 6.1 6.2 Coltheart, M. (2008). Cognitive neuropsychology. Scholarpedia, 3(2), 3644. doi: 10.4249/scholarpedia.3644.
  7. Shallice, Tim (October 2009) From Neuropsychology to Mental Structure. Cambridge University Press. ISBN 9780511526817. 

დამატებითი ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]