ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიებიერიკ ერიქსონის შემოთავაზებული განვითარების თანმიმდევრული სტადიები, რომელიც ფოკუსირდება საკუთარ თავსა და სხვებზე ინდივიდის ორიენტაციაზე. სტადიები მოიცავს პიროვნების განვითარების სქესობრივ და სოციალურ ასპექტებს და ინდივიდისა და სოციალური გარემოს ურთიერ-თქმედების შედეგად წარმოქმნილ სოციალურ კონფლიქტებს.

ყოველმა ინდივიდმა წარმატებით უნდა გაიაროს მთელი რიგი ფსიქოსოციალური სტადიებისა, რომელთაგანაც თითოეული მას გარკვეული კონფლიქტის ან კრიზისის წინაშე აყენებს. ერიქსონმა ცხოვრების ციკლის რვა სტადია გამოყო. თითოეული სტადია ხასიათდება კონკრეტული კრიზისითა თუ კონფლიქტით. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი კონფლიქტი არ ამოიწურება ბოლომდე, აუცილებელია, ინდივიდმა საკმარისად გადაჭრას თითოეული მათგანი, რათა წარმატებით გაუმკლავდეს შემდგომი სტადიების კონფლიქტებს.

სტადიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნდობა უნდობლობის წინააღმდეგ — 0-1,5 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიქსონის მიერ აღწერილი ცხოვრებისეული ციკლის პირველ სტადიაზე ჩვილს, მზრუნველ მოზარდებთან ურთიერთობაში, უნდა ჩამოუყალიბდეს გარემოსადმი ნდობის ბაზისური გრძნობა. ნდობა ბუნებრივი მახასიათებელია ძლიერი მიჯაჭვულობისა მშობელთან, რომელიც ბავშვს საკვებით, სითბოთი და ფიზიკური სიახლოვით უზრუნველყოფს. თუმცა, თუ არ არის დაკმაყოფილებული ბავშვის ბაზისური მოთხოვნილებები; თუ მას აკლია მოვლა, ფიზიკური სიახლოვე, სითბო და, ასევე, თუ ის ხშირად რჩება მასზე მზრუნველის გარეშე, შესაძლოა, მას განუვითარდეს უნდობლობის, დაუცველობისა და შფოთვის ყოვლისმომცველი განცდა. თბილი, ყურადღებიანი ზრუნვა ჩვილს სამყაროს მიმართ ნდობასა და რწმენას უყალიბებს. უნდობლობა იმ შემთხვევაში ჩნდება, როდესაც ჩვილი თავს არაკომფორტულად გრძნობს ან ცუდად ეპყრობიან.

ავტონომია ეჭვის წინააღმდეგ — 1,5-3 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეძენილი გონებრივი და მოტორული უნარ-ჩვევების გამოყენებით ბავშვს დამოუკიდებელი არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების სურვილი უჩნდება. მშობლები ავტონომიას ხელს უწყობენ, თუ შვილს გონივრული თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევენ, ძალას არ ატანენ და არ არცხვენენ. ფეხის ადგმასა და ლაპარაკის დაწყებასთან ერთად, ფართოვდება ბავშვის მიერ გამოკვლეული სივრცე და ის ინტენსიურად იწყებს ობიექტების (და ხანდახან ადამიანების) შესწავლასა და მანიპულირებას (ხელით მოსინჯვას, დატრიალებას, გადმობრუნებას). ამ მოქმედებებით მას უნდა ჩამოუყალიბდეს ავტონომიის და საკუთარი ქმედუნარიანობისა და ღირსეულობის განცდა. ამ სტადიაზე ზედმეტმა შეზღუდვამ და კრიტიკულობამ, შესაძლოა, მიგვიყვანოს ბავშვის მიერ საკუთარ ძალებში დაეჭვებამდე, ხოლო ისეთმა მოთხოვნებმა, რომლებიც მის შესაძლებლობებს აღემატება, როგორიცაა, მაგალითად, თვითმომსახურების ჩვევების ნაადრევი და/ან ზედმეტად მკაცრი მოთხოვნა, შესაძლოა, მას დაუკარგოს ახალი ამოცანების მიღწევისა და ახალი უნარების შეძენის ხალისი.

ინიციატივა დანაშაულის წინააღმდეგ — 3-6 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინასასკოლო პერიოდის დასასრულს ბავშვი, რომელსაც უკვე განვითარებული აქვს ნდობის ბაზისური გრძნობა ჯერ უახლოესი გარემოცვის, შემდეგ კი საკუთარი თავისადმი, შეძლებს ინიციატივის გამოჩენას როგორც გონებრივ, ისე მოტორულ აქტივობაში. იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ მშობლები ბავშვის მხრიდან ასეთი ინიციატივების გამოჩენაზე, ისინი წაახალისებენ თავისუფლებისა და საკუთარ თავში დარწმუნებულობის შეგრძნებას, რაც აუცილებელია განვითარების შემდეგი საფეხურისთვის, ან აღძრავენ დანაშაულის განცდას და მოზრდილთა სამყაროში „დაუპატიჟებელ სტუმრად“ აგრძნობინებენ თავს. წარმოსახვის საშუალებით ბავშვი ისეთი ადამიანის განსახიერებას ცდილობს, როგორიც სურს, რომ გახდეს. ინიციატივა, ამბიციისა და პასუხისმგებლობის გრძნობა მაშინ ვითარდება, როდესაც მშობელი ხელს უწყობს შვილში მიზნის დასახვის ახლადწარმოქმნილ გრძნობას. საფრთხე შეიძლება მაშინ გაჩნდეს, თუ მშობელი გადაჭარბებულ თვითკონტროლს მოითხოვს შვილისაგან, რაც ამ უკანასკნელს დანაშაულის გრძნობას გაუჩენს.

კომპეტენტურობა არასრულფასოვნების წინააღმდეგ — 6 - პუბერტატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლაში ბავშვებს შრომისა და თანამშრომლობის უნარი უვითარდებათ. არასრულფასოვნების გრძნობა ბავშვს მაშინ უჩნდება, როდესაც ოჯახში, სკოლაში და თანატოლებთან ურთიერთობა მასში არაკომპეტენტურობის გრძნობას ავითარებს. დაწყებით სკოლის პერიოდში ბავშვი, რომელსაც წარმატებით დაძლია წინა სტადიების კრიზისები, მზად არის, რომ გარესამყაროს შემთხვევითი ძიებიდან და გადასინჯვიდან გადავიდეს კომპეტენტურობისა და შრომისუნარიანობის სისტემატურ განვითარებაზე. სკოლა და სპორტი _ ინტელექტუალური და მოტორული უნარების განვითარების, თანატოლებთან ურთიერთობა კი სოციალური უნარების განვითარების საშუალებას იძლევა. წარმატებულ მცდელობებს ამ მიმართულებებით ბავშვი კომპეტენტურობის განცდამდე მიჰყავს. თუ ამ სტადიაზე ბავშვი შემსრულებლის ნაცვლად მაყურებელის როლში აღმოჩნდება ან მარცხს განიცდის, შესაძლოა, მას არასრულფასოვნების შეგრძება განუვითარდეს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს შემდგომი ცხოვრებისეული სტადიების მოთხოვნათა დაკმაყოფილების უნარს.

ეგო-იდენტურობა როლების აღრევის წინააღმდეგ — მოზარდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიქსონს მიაჩნდა, რომ მოზარდობის ძირითადი კრიზისია საკუთარი ინდივიდუალურობის ანუ იდენტობის აღმოჩენა, რასაც აბრკოლებს სხვადასხვა წრეში განსხვავებული როლების შესრულების აუცილებლობით გამოწვეული გაურკვევლობა. ამ კრიზისის გადაწყვეტა ინდივიდს საკუთარი პიროვნების მთლიანობის განცდის ჩამოყალიბებაში ეხმარება; წარუმატებლობა კი, შესაბამისად, საკუთარ თავზე, როგორც არამყარი ბირთვის მქონე პიროვნების შესახებ, წარმოდგენის მიზეზი ხდება. მოზარდი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს: ვინ ვარ და რა ადგილი მიკავია საზოგადოებაში? არჩეულ ფასეულობებსა და პროფესიულ მიზნებს შედეგად მყარი პიროვნული იდენტიფიცირება მოაქვს. უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოვლინდეს მომავალი როლების აღრევაში.

ინტიმურობა იზოლაციის წინააღმდეგ — ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდები ახლო ურთიერთობების დამყარებას ცდილობენ. იმედგაცრუებების გამო, ზოგიერთ მათგანს არ შეუძლია ახლო ურთიერთობების დამყარება და იზოლაციაში რჩება. ახალგაზრდობის (ადრეული მოზრდილობის) ძირითადი კრიზისი ინტიმურობასა და იზოლაციას შორის კონფლიქტის გადაჭრაა. ამ კონფლიქტის წარმატებული გადაწყვეტის შედეგია სხვა ადამიანებთან სრული ემოციური, ზნეობრივი და სექსუალური ურთიერთობებიის დამყარებისა და შენარჩუნების უნარის განვითარება. ასეთი ურთიერთობები თავისთავად გულისხმობს ზოგიერთი პიროვნული პრიორიტეტის დათმობას, კომპრომისს, საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობების აღებას და მეორე ადამიანის (პარტნიორის) განმარტოებულობისა და დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით შენარჩუნებას. ამ კრიზისის დაძლევისას წარუმატებლობას ინდივიდი იზოლაციამდე და სხვებთან ჰარმონიური ურთიერთობების უნარის არქონამდე მიჰყავს.

ქმნადობა უძრაობის წინააღმდეგ — საშუალო ასაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური ზრდის შემდეგი შესაძლებლობა, რომელიც, ჩვეულებრივ, მოწიფულობაში (შუა ხნის მოზრდილობაში) ეძლევა ადამიანს, გენერაციულობა ანუ პროდუქტულობაა. გენერაციულობა ნიშნავს შთამომავლობის გაგრძელებას ბავშვის აღზრდით, სხვა ადამიანებზე ზრუნვით ან ნაყოფიერი შრომით. ამ სფეროში წარუმატებლობა ადამიანს მნიშვნელოვან დაღს ასვამს. 30-40 წლის ასაკში ადამიანები საკუთარ თავსა და საკუთარ პარტნიორზე ფიქრის საზღვრებს სცდებიან და ზრუნვას იწყებენ ოჯახის წევრებზე, სამუშაოზე, საზოგადოებასა და მომავალ თაობაზე. ისინი, ვისაც წინა სტადიების კრიზისები არ აქვთ დაძლეული, კვლავ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით არიან დაკავებულნი, ეჭვქვეშ აყენებენ წარსულის მიღწევებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს და უსაფრთხოების ფასად ინარჩუნებენ თავისუფლებას.

მთლიანობა სასოწარკვეთის წინააღმდეგ — ხანდაზმულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხნოვანების (გვიანი მოზრდილობის) კრიზისია კონფლიქტი პიროვნულ მთლიანობასა და სასოწარკვეთას შორის. ნებისმიერი განვლილი სტადიის კრიზისის გადაწყვეტა ხნიერ ადამიანს ამზადებს იმისათვის, რომ წარსულს სინანულის გარეშე შეხედოს და პიროვნული მთლიანობის სასიამოვნო განცდა დაეუფლოს. თუ ადრინდელი კრიზისები გადაუჭრელია, ხოლო მისწრაფებები აუსრულებელ სურვილებადვე დარჩა, ინდივიდს სასოწარკვეთილება, განვლილი ცხოვრების ამაოებისა და საკუთარი გამოუსადეგრობის შეგრძნება ეუფლება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზიმბარდო ფ., გერიგი რ., ფსიქოლოგია და ცხოვრება
  • ლორა ბერკი, ბავშვის განვითრება